კობა წაქაძე
კობა წაქაძე — ქართველი ტრამპლინიდან მხტომელი, საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი, სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1953, 1956, 1960, 1962, 1969, 1972), საბჭოთა კავშირის თასის 3-გზის მფლობელი (1968, 1970, 1972).
პირადი ინფორმაცია | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბ. თარიღი | 19 აგვისტო, 1934 |
დაბ. ადგილი | ბაკურიანი |
სიმაღლე | 164 სმ |
წონა | 66 კგ |
სპორტი | |
ქვეყანა | საქართველო |
სპორტი | ტრამპლინიდან თხილამურებით ხტომა |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1934 წლის 19 აგვისტოს ბაკურიანში.[1] თხილამურებზე დგომა ბიძამ ასწავლა. პირველი დიდი წარმატება 40 და 60 მეტრიანი ტრამპლინებიდან ხტომაში სოფლის სპორტსმენთა საკავშირო პირველობაში მოიპოვა 1952 წელს. ერთი წლის შემდეგ კი საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა.
კობა წაქაძეს, რომელსაც მოგვიანებით „მფრინავი ტორპედო“ შეარქვეს 54 საერთაშორისო შეჯიბრი აქვს მოგებული. 1955 წლის 31 იანვარს ის პირველი საბჭოთა სპორტსმენი გახდა, ვინც ობერსტდორფში (გერმანია) პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი მოიგო და მას შემდეგ წაქაძე თითქმის 21 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის ნაკრების უცვლელი ლიდერი იყო. იასპარეზა ზამთრის ოთხ ოლიმპიადაზე (1956, 1960, 1964, 1972).[2]
თავად კარიერის საუკეთესო მიღწევად 1962 წლის წარმატებებს მიიჩნევს. იმ წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე შედეგი აჩვენა, ბაკურიანში კი საერთაშორისო ტურნირი მოიგო. ქართველი გულშემატკივრის წინაშე იშვიათად უწევდა გამოსვლა. ბაკურიანში მაშინ იმ ტურნირს 20 000 ქომაგი დაესწრო.
სპორტული კარიერა 1972 წელს 38 წლის ასაკში დაასრულა. სპორტიდან წასვლის შემდეგ საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით ორჯერ ოლიმპიურ თამაშებზე და ასევე ორჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯად იმუშავა. სხვადასხვა დროს კობა წაქაძე არაერთი საერთაშორისო ტურნირის საპატიო სტუმარი იყო.
არწივებისგან ნასწავლი ფრენა
რედაქტირებაერთხელ, ტრამპლინიდან ხტომისას ახალი ხერხი გამოიყენა — მთის არწივებს მიბაძა, რომლებიც მსხვერპლის მოსატაცებლად ფრთებს სხეულზე მიიკრავდნენ, კისერს წაიგრძელებდნენ და ისარივით ეშვებოდნენ დაბლა. ამ მეთოდით აშკარად უფრო შორს გადახტა. შემდეგში ეს სტილი თანდათან დახვეწა და საკავშირო თუ საერთაშორისო შეჯიბრებებში წარმატებით იყენებდა. ისე იყო ჰორიზონტალურად წინ გადახრილი, რომ სახით ლამის თხილამურების წვერებს ეხებოდა, ხელები სხეულის გასწვრივ ტანზე ჰქონდა მიტყუპებული და ისარივით მიქროდა. უცხოელმა ჟურნალისტებმა ტრამპლინიდან ამგვარ ხტომას „წაქაძის სტილი“ უწოდეს, რადგან მსოფლიოში პირველად ის ქართველმა სპორტსმენმა შეასრულა. XX სუკუნის ორმოცდაათიან-სამოციან წლებში „მფრინავ ტორპედოს“ სწორედ ამ სტილმა მოუტანა სახელი და დიდება.
ცნობილმა ამერიკელმა მწერლმა — ჯონ აპდაიკმა სახელოვან ქართველ სპორტსმენს ლექსი მიუძღვნა, რომელიც ასეთი სიტყვებით მთავრდება: „Ah, c'est beau, when Tsokadze skies!“ — „ოჰ, რა ლამაზია, როდესაც წაქაძე ჰაერშია!“
ჯილდოები და აღიარება
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კობა წაქაძე“ ვიკისაწყობში.
- კობა წაქაძე — მფრინავი შევარდენი დაარქივებული 2022-11-27 საიტზე Wayback Machine.
- რა ლამაზია, როდესაც წაქაძე ჰაერშია!
- სტატისტიკა სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის საიტზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ელგუჯა ბერიშვილი. „სპორტის ენციკლოპედია“, გვ. 620 — თბილისი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია, 2006.
- ↑ ოლომპიური სტატისტიკა საიტზე Sports-Reference.com