კლასობანა

ხულიო კორტასარის რომანი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კლასობანა (ესპ. Rayuela) 一 არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის რიგით მეორე რომანი, რომელზეც ავტორი პარიზში ყოფნისას მუშაობდა, თავდაპირველად კი 1963 წლის 28 ივნისს გამოსცა.[1] ესაა ლათინოამერიკული ბუმის ერთ-ერთი თვალსაჩინო, პოსტმოდერნისტული რომანი და მწერლის ყველაზე გახმაურებული ნაწარმოები.[2]

„კლასობანა“
Rayuela

2013 წლის ესპანურენოვანი გამოცემა
ავტორი ხულიო კორტასარი
ქვეყანა საფრანგეთი, არგენტინა
ენა ესპანური
ჟანრი რომანი, ანტირომანი
გამომცემელი Pantheon Books, Editorial Sudamericana და Carmel Publishing House
გამოცემის თარიღი 28 ივნისი, 1968
მედია ბეჭდური
გვერდი 576
oclc 14412231

წიგნი ცნობიერების ნაკადის ტექნიკითაა დაწერილი, რომლის წაკითხვაც შესაძლებელია თავების ორი განსხვავებული თანმიმდევრობის მიხედვით, ამ უკანასკნელს კი ავტორი თავად გვთავაზობს ნაწარმოების დასაწყისში, ინსტრუქციის სახით. ნაწარმოებს ხშირად ასაღებენ ანტირომანის ჟანრად, როგორც თავად ავტორმა მოიხსენია ის, რაც გულისხმობს უპასუხო კითხვების ძიების დაუსრულებლობას.[3][4]

მიუხედავად იმისა, რომ სტილი, რომლითაც შეთხზულია აღნიშნული ნაწარმოები, საკმაოდ მრავალფეროვანია, მრავალი კრიტიკოსის ვარაუდით, ნაწარმოები ნახევრად ავტობიოგრაფიულად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, თავად ავტორისეული განმარტებით, ესაა "მისი ცხოვრებისეული გამოცდილების ასახვა და მცდელობა, წერილობით გადმოსცეს იგი".

სტრუქტურა

რედაქტირება

ეს ეპიზოდური რომანი შეიცავს 155 თავს, რომელთაგან ბოლოს 99 თავი აღწერილია, როგორც „გაფართოებული“. ამ თავებში შევხვდებით მრავალ დამატებას, რომლითაც ძირითად თავებში არსებული ხარვეზები ივსება.

ნაწარმოებს წინ უძღვის ავტორის მითითება, რომ წიგნის წაკითხვა ორგვარადაა შესაძლებელი. პირველი გზა ასეთია: ერთმანეთის მიყოლებით უნდა წაიკითხო ორმოცდათექვსმეტი თავი, რომლებიც წიგნის პირველ ორ ნაწილშია გაერთიანებული და უგულებელყო მესამე, „არასავალდებულო“ ნაწილი. მეორე შემთხვევაში, ავტორის ახირებას უნდა მიჰყვე და მისივე შემოთავაზებული გზით გადახტე ერთი თავიდან მეორეზე.

ნაწარმოებში მოქმედება 1950 წელს ვითარდება. წიგნის მთავარი გმირი, ორასიო ოლივიერა, ორმოცი წლის არგენტინელი მამაკაცი გახლდათ. იგი პარიზში დამკვიდრებულიყო და მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა. ფულს დროდადრო ნათესავები უგზავნიდნენ ბუენოს-აირესიდან.

ორასიო პარიზში დიდი ხნის წინ დასახლდა. აქ ის, თავისი თანამემამულეების მსგავსად, როგორც მაშინ ამბობდნენ, გრძნობების დასახვეწად ჩავიდა. მას ქუჩაში უაზროდ ხეტიალი უყვარდა, მუდამ ფიქრებში იყო ჩაფლული. იგი გაუთავებლად აანალიზებდა თავის განცდებსა და საქციელს. ორასიოს ეჭვი არ ეპარებოდა საკუთარ „განსაკუთრებულობაში“ და განზრახ უპირისპირდებოდა რეალობას, რომელსაც კატეგორიულად უარყოფდა. მისი აზრით, ნამდვილი ცხოვრებაყოველდღიურობის მიღმა არსებობდა და, აქედან გამომდინარე, რომანის გმირი გამუდმებით ელოდა, რომ რაღაც გარეშე ძალის დახმარებით გადაწყვეტდა თავის შინაგან პრობლემებს. საკუთარი პიროვნების ანალიზისას იგი ყოველთვის ერთ დასკვნამდე მიდიოდა: „უფრო ასვილია ფიქრი, ვიდრე რეალური ცხოვრება და მოქმედება“. ოლივიერა ცდილობდა, საზოგადოებაში საკუთარი ადგილი მოენახა, მაგრამ მისი ყოველი მცდელობა „ერთი და იმავე ადგილის ტკეპნას ჰგავდა ისეთ წრეში, რომლის შუაწერტილი ყველგანაა, ხოლო საზღვრები 一 არსად“.

ორასიო სამყაროს გაემიჯნა. ზოგჯერ საკუთარ თავთანაც კი უჭირდა ურთიერთობა. ასეთ დროს ხან კინოში შეეხეტებოდა, ხან კონცერტზე წავიდოდა, ხანაც მეგობრებს ესტუმრებოდა. იგი ხანდახან ასეთი გზით ცდილობდა გარიდებოდა ცხოვრების სირთულეებს, მაგრამ მათგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო.

ორასიოს გაუჭირდა არჩევანის გაკეთება ორ ქალს, ფრანგ პოლასა და ურუგვაელ მაგას შორის. მხოლოდ შემთხვევის წყალობით შეძლო გადაწყვეტილების მიღება, როგორც კი შეიტყო პოლას ავადმყოფობის ამბავი (მას მკერდის კიბო აღმოაჩნდა), ორასიომ მიატოვა იგი და თავისი ბედი მაგას დაუკავშირა. მაგას უნდოდა, მომღერალი გამხდარიყო და სიმღერას სწავლობდა. ამის გამო იძულებული გახდა, თავისი ვაჟიშვილი, როკამადური, სოფელში ძიძისთვის მიებარებინა. ისედაც მწირი სახსრების დასაზოგად, ორასიომ და მაგამ ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, თუმცა ოლივიერას პრობლემებმა კვლავ იჩინა თავი. მოგვიანებით იგი იხსენებდა: „ჩვენ არ გვიყვარდა ერთმანეთი, ეს არც გრძნობა იყო და არც ვნება. ყველაფერს მოვალეობის მოხდის მიზნით ვაკეთებდით“.მაგას გაუნათლებლობა და უწიგნურობა აღიზიანებდა ორასიოს. იგი ვერ ხედავდა თავის მეგობარ ქალში იმ დახვეწილ სულიერებას, რომლისკენაც ასეთი თავგამოდებით მიისწრაფოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, მაგა ბუნებრივი და უშუალო იყო, მას ბოლომდე ესმოდა ორასიოსი.

პარიზში ცხოვრებისას ოლივიერამ საკმაოდ მრავალფეროვანი სამეგობრო წრე გაიჩინა: მხატვრები 一 ეტიენი და პერიკო, მწერლები 一 ვონგი, გი მონო და ოსიპ გრეგოროვიუსი, მუსიკოსი რონალდი და კერამიკოსი ქალი ბეპსი. ინტელექტუალთა ეს საზოგადოება თავს „გველების კლუბს“ უწოდებდა და კვირაში ერთხელ ლათინურ კვარტალში, რონალდისა და ბეპსის მანსარდაში, იკრიბებოდა. აქ, მწვანე სანთლების შუქზე, ისინი ძველ, გაცვეთილ ფირფიტებზე ჩაწერილ ჯაზს უსმენდნენ. საათობით საუბრობდნენ ფერწერაზე, ლიტერატურაზე, ფილოსოფიაზე და, როგორც სჩვეოდათ, დროდადრო გესლიანადაც წაჰკბედნენ ხოლმე ერთმანეთს. მათი შეხვედრები იმდენად მეგობრების თავშეყრას არ ჰგავდა, რამდენადაც სნობების შეჯიბრებას. მოხუცი, მომაკვდავი მწერლის, მორელის არქივის შესწავლამ, მის მიერ პატარ-პატარა ჩანაწერების სახით შემონახულმა დაუმთავრებელმა წიგნმა მდიდარი მასალა მისცა მეგობრებს თანამედროვე ავანგარდული ლიტერატურის განსახილველად. ეს მიმდინარეობა თავისი არსით უკვე წარმოადგენდა წაქეზებას დამცინავი, აგდებული დამოკიდებულებისათვის. მაგა თავს არარაობად გრძნობდა ასეთი ჭკვიანი და მჭერმეტყველი ადამიანების გვერდით.

მიუხედავად იმისა, რომ „გველების კლუბის“ წევრები სულიერი განწყობითა და აზროვნების სტილით ხიბლავდნენ ორასიოს, ზოგჯერ მათთან ყოფნაც უჭირდა. იგი ვერ გრძნობდა განსაკუთრებულ სიახლოვეს თავის მეგობრებთან. ორასიო თვლიდა, რომ მისი და „გველების კლუბის“ წევრთა გზები მხოლოდ შემთხვევის წყალობით გადაიკვეთა დროსა და სივრცეში.

ერთხელაც, როკამადარუს ავადმყოფობის გამო, მაგა იძულებული გახდა, შვილი თავისთან წამოეყვანა. ორასიო ვეღარ მალავდა წყენასა და გაღიზიანებას. ბავშვის სიკვდილსაც კი გულგრილად შეხვდა.

მეგობრებმა მას ერთგვარი ღირსების სასამართლო მოუწყვეს. ისინი ორასიოს ვერ პატიობდნენ გულცივობასა და განზე დგომას, როდესაც მაგას ყველაზე მეტად უჭირდა. მაგა წავიდა. მიატოვა ოლივიერა. კაცმა მხოლოდ ახლაღა იგრძნო, რომ უყვარდა ქალი, და რომ მისი დაკარგვით სასიცოცხლო ძალა დაეშრიტა. ის სულ მარტო დარჩა, მეგობრებიც ჩამოშორდნენ და ახლა მხოლოდ მაწანწალებთაბნ თუ ჰქონდა ურთიერთობა. პოლიციაშიც მოხვდა და საფრანგეთის დატოვებაც კი აიძულეს.

მრავალი წლის შემდეგ, ორასიო კვლავ ბუენოს-აირესში აღმოჩნდა. აქ იგი საცოდავი ცხოვრებით ცხოვრობდა. არაფერი დარჩენოდა, გარდა იმისა, რომ მოეთმინა ხეკრეპტენის მეშჩანური მზრუნველობა. ორასიომ აღადგინა ურთიერტობები თავის ბავშვობის მეგობართან და მის მეუღლესთან, ტრეველთან და ტალიტასთან. ისინი ცირკში მუშაობდნენ. ოლივიერას სიამოვნებდა მათ საზოგადოებაში ყოფნა, მაგრამ თან სერიოზულად შიშობდა, კეთილი ადამიანების სიმშვიდის დარღვევის მიზეზი არ გამხდარიყო. ტალიტა მას რაღაცით მაგას აგონებდა და თავისდაუნებურად ილტვოდა მისკენ. ამის შემყურე ტრეველერი ღელავდა, მაგრამ თავს იკავებდა. მისთვის ძვირფასი იყო ორასიოსთან მეგობრობა. ინტელექტუალურ ურთიერთობებს მონატრებული შვებას ოლივიერასთან ურთიერთობაში პოულობდა, მაგრამ ორასიო კინაღამ თავისი მეგობრების დაშორების მიზეზი გახდა.

ცირკის დირექტორმა ფერაგუტომ ფსიქიატრიული კლინიკა იყიდა. სამივე მეგობარი ამ საავადმყოფოში მოეწყო სამუშაოდ. თავიდან ასეთ უჩვეულო გარემოში მუშაობა გაუჭირდათ. ორასიო სულ უფრო ხშირად იქცეოდა უცნაურად. მას სინანულის გრძნობა აწუხებდა. მას სულ უფრო და უფრო უმძაფრდებოდა იმის განცდა, რომ მაგას სიკვდილში ბრალი მიუძღოდა და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ტრეველერს ეჭვიანობის გამო მასთან ანგარიშის გასწორება უნდოდა. ოლივიერამ თავისებური გამოსავალი იპოვა, ფანჯრის რაფაზე ავიდა და გადახტომით იმუქრებოდა. ტრეველერის სიტყვებმა მას ჩანაფიქრი დროებით შეაცვლევინა. ორასიო პალატაში მარტოდ იყო ჩაკეტილი, ფანჯრიდან იყურებოდა და თავისთვის ფიქრობდა შესაძლო გამოსავალზე: „საოცარი წამია, როდესაც ყველაფერს სჯობია ოდნავ წინ დაიხარო და თავს წასვლის უფლება მისცე 一 ჰოპ! და მორჩა!“. მაგრამ ქვემოთ მოსიყვარულე და გულშემატკივარი ტრეველერი და ტალიტა იდგნენ.

რომანის ფინალი ღიადაა დატოვებული. შეაბიჯა თუ არა ორასიომ სიცარიელეში, ეს ავტორმა მკითხველისთვის გადაინახა.

ერტმანეტს სწრაფად ენაცვლება ეპიზოდები, რომელთა მიხედვით, ორასიო განუხორციელებელი თვითმკვლელობის შემდეგ კვლავ საკუთარ სახლში აღმოჩნდება. ეს კი, შეიძლება, სულაც სიკვდილის წინა ხილვები ყოფილიყო. და მაინც, ორასიო, მას შემდეგ, რაც ნახა და განიცადა ნამდვილი ადამიანური ურთიერთობები, დაეთანხმებოდა იმ აზრს, რომ „ერთადერთი გზა, თავი დააღწიო მოჩვენებით ცხოვრებას, არის მთლიანად მის წიაღში ჩაიკარგო და მის განუყოფელ ნაწილად იქცე“.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "National Book Awards – 1967". National Book Foundation. Retrieved 2012-03-11. – There was a "Translation" award from 1967 to 1983.
  2. https://www.goodreads.com/book/show/53413.Hopscotch
  3. Chas Abdel-Nabi. (16 October 2010) The Bookshelf: Hopscotch. The Oxford Spokesman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივლისი 2011. ციტატა: „The novel is stream-of-consciousness and plays with the subjective mind of the reader.“ ციტირების თარიღი: 2011-02-06
  4. La novela que quiso que fueras libre es (16 August 2019).
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კლასობანა“-დან