კიჩე
კიჩე (ესპ. Quiché[1]) — ამერიკის ინდიელთა ჯგუფი, მაიას ერთ-ერთი ხალხი. კიჩეს ენა მესოამერიკული ენაა და მაიას ენათა ოჯახს მიეკუთვნება.
კოლუმბამდელ ხანაში, კიჩეს მაღალმთიანი სახელმწიფოები დაკავშირებულია მაიას ცივილიზაციასთან; ძალაუფლებისა და განვითარების პიკს პოსტკლასიკურ პერიოდში მიაღწია.
სიტყვა კიჩე „ბევრ ხეს“ ნიშნავს. ნაჰუატლზე ითარგმნება როგორც კუაუტემალანი (ბევრი ხეების ადგილი), რამაც სათავე დაუდო სიტყვა გვატემალას. ამ ქვეყანაში ერთ-ერთ დეპარტამენტს კიჩე ეწოდება.
ხალხი
რედაქტირება2011 წლის აღწერის მონაცემებით, კიჩეს ხალხი გვატემალის მოსახლეობის 11%-ს შეადგენს (1 610 013 ადამიანი).[2] მათი უმრავლესობა მაღალმთიან გვატემალაში ცხოვრობს, განსაკუთრებით კიჩეს დეპარტამენტში, სადაც ისინი მოსახლეობის 65,1%-ს შეადგენენ. ტოტონიკაპანის დეპარტამენტში კი კიჩეები 95,9%-ს შეადგენენ.[2]
კოლუმბამდელ ხანაში, კიჩეს დასახლებები და გავლენა მთიანეთს გასცდა და კუნძულ ანტიგუამდე და სანაპირო კურორტ ესკინტლამდეც კი მიაღწია.
კიჩეს ხალხის უდიდესი ნაწილისთვის მშობლიური ენა კიჩეს ენაა, თუმცა უმეტესი მათგანი ესპანურს სამუშაო დონეზე ფლობს.
ისტორია
რედაქტირებაკოლუმბამდელ პერიოდში, კიჩეს ხალხის გუმარკახის სამეფო რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო იყო. გვატემალის მაღალმთიანეთის გარდა, მისი ტერიტორიები თანამედროვე სალვადორის ნაწილსაც მოიცავდა. აღმოჩენილია კულტურული გაცვლა-გამოცვლის მრავალი გამოვლინება კიჩეს ხალხსა და ცენტრალური მექსიკის სხვა ხალხებს შორის, მაგალითად, ნაუატლმა დიდი გავლენა მოახდინა კიჩეს ენაზე.[3]
1524 წელს კიჩეს ხალხი ესპანელმა კონკისტადორმა პედრო დე ალვარადომ დაიპყრო.[4] მათი უკანასკნელი მთავარსარდალი, ტეკუნ უმანი ალვარადოსა და მის მოკავშირე ადგილობრივ კაკჩიკელის ხალხს ეპიკურ ბრძოლაში შეება შელახუს ველზე, თანამედროვე ქალაქ კესალტენანგოს სიახლოვეს. კიჩეს არმია დამარცხდა, განიცადა 10 000-კაციანი დანაკლისი, მათ შორის, დაიღუპა ტეკუნ უმანიც, რომელიც მას შემდეგ კიჩეს ზეპირ გადმოცემებში ლეგენდარულ ფიგურად ცოცხლობს. ბრძოლის შემდეგ, ალვარადო კიჩეს დედაქალაქ გუმარკახში შევიდა. ალვარადოს ეჭვი ჰქონდა, რომ იქ ჯარი იყო ჩასაფრებული და ქალაქი გადაწვა. ერთ დროს დიდებული ქალაქის ნანგრევების ხილვა დღესაცაა შესაძლებელი თანამედროვე ქალაქ სანტა-კრუს-დელ-კიჩეს სიახლოვეს.
მესოამერიკის დღემდე შემონახული ერთ-ერთი ყველაზე ღირებული ლიტერატურული დოკუმენტები და ინფორმაცია მაიას საზოგადოებრივი ტრადიციების შესახებ, სწორედ XVI საუკუნის კიჩეს ხალხს ეკუთვნის. დოკუმენტს პოპოლ-ვუჰი ეწოდება (კიჩეს ენაზე — „ღონისძიებათა წიგნი“) და დაწერილია 1550-იან წლებში. შეიცავს იმ დროის ხალხის მითოლოგიური და ეთნო-ისტორიული ნარატივების ნაზავს, რაც ურო ადრეულ, კოლუმბამდელ წყაროებსა თუ ზეპირ გადმოცემებს ეფუძნება. მოთხრობა ასევე შეიცავს ამბავს სამყაროს შექმნის მითის მათეული ვერსიის შესახებ — როგორ შექმნეს ღმერთებმა სამყარო და ადამიანები, ასევე მოთხრობილია კიჩეს ისტორია მიგრაციებიდან მათი სამშობლოს დაპყრობამდე ესპანელთა მიერ.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Baily, John (1850). Central America; Describing Each of the States of Guatemala, Honduras, Salvador, Nicaragua, and Costa Rica. London: Trelawney Saunders, გვ. 83.
- ↑ 2.0 2.1 http://www.ine.gob.gt/sistema/uploads/2014/02/26/L5pNHMXzxy5FFWmk9NHCrK9x7E5Qqvvy.pdf
- ↑ Braswell, Geoffrey (2003), „5“, The Postclassic Mesoamerican World, Salt Lake City: University of Utah Press, Salt Lake City, pp. 51–56, ISBN 978-1-60781-024-7
- ↑ Coe, Michael D. (1999). The Maya, Sixth, New York: Thames & Hudson, გვ. 187–190. ISBN 0-500-28066-5.