კინევულფი
კინევულფი (ძვ. ინგლ. Cynewulf, Cynwulf, Kynewulf [kynewuɫf]) — IX საუკუნის ანგლოსაქსი პოეტი. მისი ცხოვრების შესახებ არაფერია ცნობილი; ლათინური წყაროების გავლენა, რომელიც შეიმჩნევა მის პოემებში, გვაფიქრებინებს, რომ ის განსწავლული სასულიერო პირი იყო. X საუკუნის მეორე ნახევრის კოდექსებში (ვერჩელისა და ექსიტერის) შემორჩენილია 4 პოემა, რომლებსაც კინევულფის ხელმოწერა აქვს: „ელენე“ (Elene), რომელშიც მოთხრობილია წმინდა ელენეს მიერ უფლის ჯვრის პოვნის შესახებ; „იულიანა“ (Juliana), წმინდა იულიანეს ცხოვრების ლექსად გადმოცემა; „მოციქულთა ბედი“ (Fata apostolorum), მოკლე მოთხრობა 12 მოციქულის მოწამეობის შესახებ; პოემა „ქრისტე“ (Crist), რომელიც ეფუძნება გრიგოლ I დიდის ქადაგებას ქრისტეს ამაღლების შესახებ. ეს უკანასკნელი არის ქრისტეს შესახებ ანგლოსაქსური პოემების ტრილოგიის მეორე ნაწილი (პირველი და მესამე ნაწილები, სავარაუდოდ, სხვა ავტორების მიერ არის დაწერილი). კინევულფის პოემების სტილი, რომელიც გამოირჩევა სიცხადითა და მოწესრიგებულობით, მოწმობს იმას, რომ ის კარგად იცნობდა კლასიკური რიტორიკის წესებს. კინევულფს ასევე მიაწერდნენ (საკმარისი საფუძვლის გარეშე) სხვა ანგლოსაქსურ პოემებსაც (მათ შორის პოემას „ანდრია“, რომელიც შედის ვერჩელის კოდექსში).[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Забалуев В. Н. Кюневульф // Большая российская энциклопедия. т. 16. — М., 2010. — стр. 529.