კიკიბოს ციხე — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი საქართველოში, ადიგენის მუნიციპალიტეტის დერცელის თემის სოფელ კიკიბოში. ციხე დათარიღებულია X-XI საუკუნეებით. მდებარეობს სამცხის უკიდურეს დასავლეთით, აჭარის საზღვართან, ღაღვისწყლის ხეობაში, სოფლის გარეთ, ტყით დაბურულ მთაზე, მიწური გზის ახლოს.

ციხე ნაგებია თითქმის თანაბარი ზომის, პირმოსწორებული მოზრდილი ქვით. კომპლექსში უკეთ ციხე-კოშკია შემორჩენილი. მისი კუთხეები მოზრდილი ქვებითაა შეკრული, ძირითადი კედლები კი მათთან შედარებით პატარა კვადრებისაა. ზემოთ შევიწროვებული, 10 მ-მდე სიმაღლის კოშკი ინტერიერის მხრიდან ჩანგრეული სართულშუა გადახურვის ბუდეებითა და სათვალთვალო ხვრელობებითაა დანაწევრებული. ძალზე სპეციფიკურია, რომ მისი საკმაოდ სრულად (თითქმის მთელ სიმაღლეზე) შემორჩენილ კედლებზე არც ერთი სარკმელი და შესასვლელი კარი არაა დაყოლებული, რაც საფიქრებელს ხდის რომ კოშკში ხის მისადგმელი კიბით, ან მიწისქვეშა გვირაბით შეიძლებოდა შესვლა.

ციხის წინ სწორკუთხა ეზოს მომფარგვლელი გალავნის კედლები მის სამხრეთის კუთხეებთან იკვრება და ამით კოშკის კედელს გალავნის კედლის გაგრძელებად აქცევს. ეზოში შესასვლელი კარის წინ ამოყვანილია ვიწრო დერეფანივით კუთხე, რომელიც მომხვდურისათვის "წინაღობას" წარმოადგენდა, დამცველისათვის კი მცირე სივრცეში მოხვედრილების მოგერიების საუკეთესო საშუალებას[1].

ციხეს, 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბოჭორიძე გ. მოგზაურობა სამცხე-ჯავახეთში, თბ., 1992, გვ. 86-87.
  • სოფ.კიკიბოს ციხე, ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის პროგრამა, საანგარიშო კრებული, თბ., 1998, გვ. 201