კერლინგი[2] (ინგლ. curling; curl-დან — ტრიალი) — კეგლის სახესხვაობა, გუნდური სპორტული თამაში, სადაც 4-კაციანი გუნდები ეჯიბრებიან ერთმანეთს ყინულზე 20 კილოგრამიანი დისკოს ზუსტად გაცურებაში.[2] კერლინგი ზამთრის სპორტის სახეობაა, სადაც მოთამაშეთა მიზანია ქვის დისკოს მოთავსება მოედნის ბოლოს მოხაზული წრის შუაგულში. კერლინგის სათამაშოდ განკუთვნილი მოედანი ფორმით სწორკუთხაა, რომლის სიგრძე მერყეობს 44,5–45,72 მ-ის, ხოლო სიგანე 4,42–5 მ-ის ფარგლებში. მოედნის ორივე ბოლოში ყინულზე დახაზულია სამიზნე, ეგრეთ წოდებული „ბინა“ — ოთხი კონცენტრირებული წრეწირი, რომლის დიამეტრია 3,7 მ, ხოლო მის ცენტრში შემოხაზული წრისა — 15,2 სმ.[3]

კერლინგი

კერლინგი
უმაღლესი ორგანო კერლინგის მსოფლიო ფედერაცია
მეტსახელი „ჭადრაკი ყინულზე“
„მყვირალა თამაში“
პირველი თამაში დაახლოებით შუა საუკუნეები
რეგისტრირებული მოთამაშე 1,500,000[1]
ტიპი სპორტის სახეობა
აღჭურვილობა curling stone, curling broom, curling sheet და ყინული
ოლიმპიადა ზამთრის ოლიმპიური სახეობა
პარაოლიმპიადა ოფიცილაურად დამატებულია 2006 წელს
ქვეყანა/რეგიონი შოტლანდია

გუნდი სათამაშოდ იყენებს გრანიტისგან დამზადებულ დისკოს, რომელსაც ცილინდრული ფორმა და რგოლისებრი სრიალა ზედაპირი აქვს. დისკოს ზემოდან გააჩნია სახელური; მეტოქე გუნდების დისკოების სახელურები სხვადასხვაფერადაა შეღებილი. მოედნის ყინულის ტემპერატურა დაახლოებით −5 °C (23 °F) შეადგენს. მოთამაშეებმა დისკო ისე უნდა ტყორცნონ და გაასრიალონ, რომ წრეწირის ცენტრში ან მასთან რაც შეიძლება ახლოს გაჩერდეს, თანაც ცენტრს 1,83 მეტრზე შორს არ გასცდეს. გუნდი იღებს ქულას ყოველი ნატყორცნი დისკოსთვის, თუ ის ცენტრში შემოხაზულ წრესთან მეტოქის დისკოზე ახლოს აღმოჩნდება.[3]

თამაში შედგება 10 დამოუკიდებელი პერიოდისაგან, ეგრეთ წოდებული „ენდისგან“. თითოეული „ენდის“ მსვლელობისას გუნდი რიგრიგობით რვა დისკოს ტყორცნის. დისკოებს ტყორცნიან „ჰაკიდან“, ანუ „ტყორცნის ხაზიდან“. მოთამაშეები დისკოს გვერდით მიჰყვებიან და ყინულზე მისრიალებენ შემდეგ ხაზამდე (ეგრეთ წოდებული „ჰოგი“). სანამ დისკო „ჰოგს“ მიაღწევდეს, მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მოახდინონ გაცურებული დისკოს კორექტირება (აჩქარება, შენელება, ტრაექტორიის შეცვლა) საგანგებო ჯაგრისების (ეგრეთ წოდებული „ბრუმების“) მეშვეობით. იმარჯვებს გუნდი, რომელიც ათი ენდის ჯამში მეტ ქულას დააგროვებს. საყაიმო ანგარიშის შემთხვევაში ინიშნება დამატებითი „ექსტრა-ენდი“.[3]

კერლინგს საფუძველი XVI საუკუნის დასაწყისში ჩაეყარა. მისი სამშობლოა შოტლანდია. კერლინგისტების პირველი კლუბი გაიხსნა 1738 წელს ფაიფის ოლქში. XIX საუკუნის პირველ ნახევარში ოფიციალურად განმტკიცდა კერლინგის თამაშის წესები. კერლინგი მეტად ფართოდ გავრცელდა დიდი ბრიტანეთში, კანადაში, გერმანიაში, ავსტრიაში, სკანდინავიის ქვეყნებში, სადაც იმართება კერლინგის ეროვნული ჩემპიონატები.[4]

კერლინგის მსოფლიო ფედერაცია დაფუძნდა 1966 წლის 1 აპრილს. ევროპის ჩემპიონატი კერლინგში პირველად ჩატარდა 1975 წელს. კერლინგის მსოფლიო ფედერაციაში 2013 წელს გაწევრიანდა საქართველო.[5]

  1. Curling Makes Gains in U.S. Popularity. Yahoo Sports (19 ნოემბერი 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-02. ციტირების თარიღი: 2014-02-03.
  2. 2.0 2.1 უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი
  3. 3.0 3.1 3.2 კერლინგი — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-05. ციტირების თარიღი: 2014-02-03.
  4. კერლინგი — დიდი რუსული ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-27. ციტირების თარიღი: 2021-02-03.
  5. საქართველო კერლინგის მსოფლიო ფედერაციაში მიიღეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-09-20. ციტირების თარიღი: 2014-02-03.