კენდარი
კენდარი — ინდონეზიის პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესის დედაქალაქი. 2010 წლის აღწერით მისი მოსახლეობა შეადგენს 289 966 ადამიანს, ხოლო 2020 წლის აღწერით 345 107 ადამიანს, ამ მაჩვენებლით ის პროვინციის ყველაზე დიდი და სულავესში მეოთხე დასახლებული ქალაქია. ოფიციალური შეფასებით 2023 წლის შუა პერიოდისთვის მოსახლეობა უდრის 351 085 ადამიანს, აქედან 176 279 მამაკაცი და 174 806 ქალი. ქალაქის ფართობია 270,14 კვადრატული კილომეტრი, ანუ სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესის მიწის ფართობის დაახლოებით 0,7 %. მდებარეობს კენდარის ყურეში და ის კვლავ რჩება მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად, პროვინციის მთავარი პორტით და აეროპორტით. კენდარი არის პროვინციის ეკონომიკური და საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც განთავსებულია სხვადასხვა უნივერსიტეტები და კოლეჯები. კენდარს სულავესში აქვს ადამიანის განვითარების უმაღლესი ინდექსი (HDI).[3]
დასახლებული პუნქტი | |||
---|---|---|---|
კენდარი | |||
| |||
ქვეყანა | ინდონეზია | ||
შიდა დაყოფა | Mandonga[1] , Wua-Wua[1] , Kadia[1] , Puuwatu[1] , Kambu[1] , Poasia[1] , Abeli[1] , West Kendari[1] , Kendari[1] , Nambo[1] და Baruga[1] | ||
კოორდინატები | 3°58′03″ ს. გ. 122°35′41″ ა. გ. / 3.96750° ს. გ. 122.59472° ა. გ. | ||
დაარსდა | 9 მაისი, 1831 | ||
ფართობი | 297 კვადრატული კილომეტრი | ||
ცენტრის სიმაღლე | 2 მეტრი | ||
მოსახლეობა | 331 013 (2015)[2] | ||
სასაათო სარტყელი | UTC+07:00 და UTC+8 | ||
ოფიციალური საიტი | http://www.kendarikota.go.id/ | ||
ეტიმოლოგია
რედაქტირებასიტყვა Kendari, სავარაუდოდ, წარმოიშვა სიტყვა Kandai-სგან, რაც ნიშნავს ბამბუკისა და ხის დაფებისგან დამზადებულ იარაღს, რომლითაც ნავებს ნავსადგურიდან გასასვლელად უბიძგებენ. დროთა განმავლობაში გამოთქმა შეიცვალა, და ამჟამად ქალაქი ოფიციალურად ცნობილია როგორც კენდარი.[4]
ისტორია
რედაქტირებაუძველესი ისტორია
რედაქტირებაკენდარის ყურე ცნობილი იყო XV საუკუნიდან და გვხვდება პორტუგალიურ რუკებზე სახელწოდებით Citta dela Baia („ყურის ქალაქი“). ყურე ცნობილი იყო როგორც „Baia du Tivora“ („ტივორის ყურე“).[4] კონავის სარეგენტო, რომელიც V საუკუნეში ტოლაკიs ხალხის მიერ, მართავდა დასახლებას. მისი ადრეული სამთავრობო სტრუქტურა მარტივი იყო და ჰგავდა ტომობრივი საზოგადოებების სტრუქტურებს. სამეფოს რამდენიმე ისტორიული პერიოდი ჰქონდა.[5]
მისი პირველი მეფე იყო მოკოლე რორო, რომელიც სამეფოს მართავდა 428 წლიდან 447 წლამდე, პერიოდში რომელიც ცნობილია როგორც უძველესი კონავე. სამეფოს დედაქალაქი იყო რაჰამბუუ, რომელიც დღეს ცნობილია როგორც უნააჰა და მდებარეობს კენდარიდან დაახლოებით 60 კილომეტრის დაშორებით. სამეფოში შედიოდა სამი მცირე სამეფო, რომლებიც უნააჰის ერთგულები იყვნენ.[5]
უძველესი კონავეს პერიოდს მოჰყვა ძველი კონავეს პერიოდი, რომელიც სამეფოს ძალაუფლების გაერთიანებითა და კონსოლიდაციით აღინიშნა. მოხდა რაღაც უცნობი კატასტროფა, რომლის გამოც თითქმის მთლიანად გაქრა რეგიონის მოსახლეობა. ადგილობრივი ლეგენდის თანახმად წმინდა კაცი ონგოდო ჩამოვიდა სამეფოში მოლუკის კუნძულებიდან. მიაჩნიათ, რომ მან გადაარჩინა სამეფო უცნობი კატასტროფიდან, შემდეგ კი იქორწილა სამეფოს ერთ-ერთ პრინცესასთან. კონავეს საზოგადოება დაყოფილი იყო სამ კლასად. ანაკია — აზნაურები და ზედა ფენა; ტონონგაპა — უბრალო ხალხი და გლეხები, ოატა — მონები.[5] რეგიონის ხალხი გაერთიანებული იყო „კალო სარას“ საშუალებით, რაც ნიშნავს „ტომობრივი კანონების წრეს“, რელიგიურ სიმბოლოს ჰარმონიის, მშვიდობისა და ნათესაობის შესახებ. კალო სარა წარმოადგენს დიდ სამაჯურს, რომელიც შედგება თეთრ ხელსახოცზე შემოხვეული რატანის სამი ნაწილისაგან.[6][5] რატანის სამაჯური სიმბოლურად ერთიანობას, ხოლო თეთრი ხელსახოცი — კეთილ საქმეებს აღნიშნავს. რატანის სამ ნაწილს აქვს სხვადასხვა მნიშვნელობა და ინტერპრეტაცია, მაგალითად, მამა, დედა და შვილი, ან მთავრობა, რელიგია და ტრადიცია.[7]
ისლამური პერიოდი
რედაქტირებაისლამი სამეფოში ჯერ კიდევ XV საუკუნის დასაწყისიდან გავრცელდა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც კონავეს სამეფოს სამხრეთით დაარსდა ბუტონის სასულთნო. სამეფომ ოფიციალურად მიიღო ისლამი მეფე ლაკიდენდეს მართვის პერიოდში (1724–1786 წწ.), რომელმაც მიიღო ისლამი სულავესის დასავლეთ ნაწილში მოგზაურობისა და სამხრეთ სულავესში ისლამის შესწავლის შემდეგ. მისი მართვის პერიოდში სამეფომ აკრძალა ყველაფერი, რაც ითვლებოდა არაისლამურად, მაგალითად, ღორის ხორცის ჭამა. ისლამის გავრცელებამ ხელი შეუწყო მეჩეთების მშენებლობას თითოეულ სოფელში. სამეფოს მართვის სტრუქტურა არსებითად არ შეცვლილა და ბევრი ანიმისტური ტრადიცია შეუთავსდა ისლამურ რსარწმუნოებასთან. კალო სარას სიმბოლო არ გაუქმებულა და მოხდა მისი ინტერპრეტაცია ისლამური რწმენის შესაბამისად. ამ პერიოდში კონავე გახდა მულტიკულტურული საზოგადოება, სადაც სხვა კუნძულებიდან — იავიდან, მაკასარიდან და მოლუკებიდან — ჩამოსული ვაჭრები დასახლდნენ.[5]
კოლონიური პერიოდი
რედაქტირება1828 წელს ჰოლანდიის აღმოსავლეთ ინდოეთის გუბერნატორმა მეზღვაურ ჟაკ ნიკოლას ვოსმაერს დაავალა სულავესის აღმოსავლეთ სანაპიროს რუკის შედგენა სავაჭრო პუნქტისათვის შესაფერისი ადგილის მოსაძიებლად. კენდარის ყურის (რომელსაც უწოდეს ვოსმაერის ყურე) პირველი დეტალური რუკა გამოქვეყნდა 1831 წლის მაისში.[4] ვოსმაერის და ვან დერ ჰარტის 1839 წლების ანგარიშების თანახმად, კენდარის ყურის გარშემო არსებულ სოფლებში, სადაც ამჟამად ქალაქია განლაგებული, ბუგის და ბაჯოს ვაჭრები და მეთევზეები დასახლდნენ მისი მოგზაურობიდან 10-15 წლით ადრე. ყურე მიმზიდველი ადგილი იყო მიგრანტებისათვის, რადგან კონავეს პოლიტიკური პირობები შედარებით სტაბილური და მშვიდი იყო იმ დროის მეზობელ სამეფოებთან შედარებით. ბევრი ვაჭარი, განსაკუთრებით ბუგის ხალხიდან, ჩამოვიდა კენდარში 1824-1825 წლებში მიმდინარე ჰოლანდიურ-ბონეს ომის გამო. ამ პერიოდში კონავე სუსტ მდგომარეობაში იყო ხანგრძლივი კრიზისების შედეგად. 1858 წელს რანომე-ეტოელი ბელადი ლა მანგუ ხელს აწერს ხელშეკრულებას ჰოლანდიელებთან, რადგან სურდა ცალკე ლაიუოის სამეფოს შექმნა, რომელიც დამოუკიდებელი იქნებოდა კონავესგან. ლაიუოი განთავსებული იქნებოდა რანომე-ეტოში. ლაიუოი იურიდიულად არსებობდა, მაგრამ არ აკონტროლებდა რაიმე ტერიტორიას, რადგან კონავე ინარჩუნებდა კონტროლს რაიონზე. ჰოლანდიელები დაპირდნენ შეიარაღებულ დახმარებას სამეფოს შესაქმნელად იმ პირობით, რომ ხელშეკრულება დაფარული იქნებოდა კონავეს ხალხისაგან სამხრეთ სულავესში სხვა ჰოლანდიური ომების დასრულებამდე.[8]
1905 წელს გოვას სასულთნოს წინააღმდეგ ომის დასრულების შემდეგ, ჰოლანდიელებმა ყურადღება გაამახვილეს სულავესის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ლა მანგუ უკვე გარდაცვლილი იყო, მაგრამ ჰოლანდიელებმა შეინარჩუნეს გეგმა ლაიუოის დასაარსებლად, იხელმძღვანელს რა ხელშეკრულებით და საბოლოო ჯამში, საოსაო დაასახელეს მეფედ, რამაც გაზარდა დაძაბულობა კონავეს ბელადებთან. კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, ჰოლანდიური მთავრობა შუამავლობდა შეთანხმებაში. თუმცა, კონავემ საიდუმლოდ მობილიზება გაუწია თავის ჯარებს და იარაღის საწყობი დააარსა პუვილაპოში. საპასუხოდ, ჰოლანდიელებმა სცადეს, მაგრამ ვერ შეძლეს მოლაპარაკება მათ ლიდერთან, ვატუკილასთან. საბოლოო ჯამში, ჰოლანდიელებმა გადაწყვიტეს თავს დასხმოდნენ ვატუკილას ჯარებს და შეიჭრნენ სამეფოში. 1908 წელს ჰოლანდიელურმა ჯარებმა ალყა შემოარტყეს პუუნდომბის ციხესიმაგრეს და კონავე დაეცა.[8] ლაიუოიმ დედაქალაქი გადაიტანა კენდარში. ჰოლანდიელებთან შეიარაღებული წინააღმდეგობა გაგრძელდა 1937 წლამდე.[8]
იაპონელების ოკუპაცია და დამოუკიდებლობა
რედაქტირებაიაპონიის ჯარებმა 1942 წელს ქალაქი კენდარი დაიკავეს ბრძოლის შემდეგ. ჰოლანდიელმა გარნიზონმა თავდაპირველად პარტიზანული ომის გზა აირჩია, მაგრამ გაზრდილი ინდონეზიური ნაციონალისტური განწყობის და შემდგომი წინააღმდეგობის არარსებობის გამო, ჰოლანდიელმა მეთაურებმა საბოლოო ჯამში დანებება მოითხოვეს, რაც მოხდა 27 მარტს. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით იაპონიის ჯარებმა შესაძლებლობა მისცეს ინდონეზიურ ნაციონალიზმს გავრცელებულიყო რეგიონში და ნაციონალისტურ ჯგუფებს სამხედრო მომზადება გაუწიეს.[8]
ინდონეზიის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ერთი თვის შემდეგ, 1945 წლის აგვისტოში, რეგიონის ახალგაზრდებმა კოლაკაში შექმნეს მილიცია. ინდონეზიური რესპუბლიკური ახალგაზრდობა აკონტროლებდა მილიციას და გაავრცელა თავისი გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესის ქალაქებსა და დაბებში, მათ შორის კენდარშიც. ლასანდარა ჰოლანდიელი ადგილობრივი ადმინისტრატორი, ოფიციალურად მხარს უჭერდა დამოუკიდებლობას. თუმცა ოქტომბერში ავსტრალიის ჯარები შევიდნენ რეგიონში ჰოლანდიის ოსტინდოეთის სამოქალაქო ადმინისტრაციასთან ერთად. 19 ნოემბერს რესპუბლიკელმა მილიციამ შეტაკება მოუწყო ჰოლანდიურ ჯარებს, ეს ცნობილია როგორც კოლაკის ინციდენტი. 1946 წლის თებერვალში ჰოლანდიურმა ჯარებმა დაიკავეს რეგიონის დიდი ქალაქები; რესპუბლიკელთა პარტიზანული წინააღმდეგობა გაგრძელდა 1948 წლამდე.ref name=":3" /> ქალაქი და მის გარშემო მდებარე რეგიონი გახდა აღმოსავლეთ ინდონეზიის სახელმწიფოს ნაწილი, რომელიც ერთი წლის შემდეგ შეუერთდა ახლად აღიარებულ ინდონეზიის რესპუბლიკას. ქალაქზე დიდი გავლენა მოახდინა დარულ ისლამის აჯანყებამ, რომელიც დაიწყო სამხრეთ სულავესში, მაგრამ გავრცელდა აღმოსავლეთ სანაპიროზეც. კონფლიქტის გამო, ქალაქის გარშემო დევნილთა რამდენიმე ბანაკი იყო. 1964 წელს შეიქმნა სამხრეთ-აღმოსავლეთ სულავესის ახალი პროვინცია, რომლის დედაქალაქიც გახდა კენდარი.[9] 1978 წელს კენდარიმ მიიღო ქალაქის სტატუსი ადმინისტრაციული ქალაქის სახით, ხოლო 1995 წელს კოტამადიას (მეორე დონის საშუალო ქალაქის) სტატუსი.[4]
გეოგრაფია
რედაქტირებაკლიმატი
რედაქტირებაკენდარის კლიმატი ტროპიკული წვიმიანი ტყის კლიმატია, რომელსაც დიდი რაოდენობით ნალექი აქვს დეკემბრიდან ივლისამდე და ზომიერი ნალექი აგვისტოდან ნოემბრამდე. ქალაქის საშუალო ტემპერატურა 31°C-ია.[10]
ჰავის მონაცემები — Kendari | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
თვე | იან | თებ | მარ | აპრ | მაი | ივნ | ივლ | აგვ | სექ | ოქტ | ნოე | დეკ | წლიური |
საშუალო მაღალი °C | 31.5 | 31.4 | 31.4 | 31.2 | 30.6 | 29.8 | 29.4 | 30.2 | 31.2 | 32.4 | 32.6 | 31.9 | 31.1 |
საშუალო დღიური °C | 27.5 | 27.5 | 27.5 | 27.4 | 27.2 | 26.5 | 25.9 | 26.2 | 26.8 | 27.6 | 28.2 | 27.8 | 27.2 |
საშუალო დაბალი °C | 23.6 | 23.6 | 23.6 | 23.7 | 23.8 | 23.2 | 22.5 | 22.3 | 22.5 | 22.9 | 23.8 | 23.8 | 23.3 |
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) | 196 | 207 | 242 | 225 | 241 | 224 | 144 | 91 | 103 | 80 | 98 | 181 | 2 032 |
წყარო: [11] |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კენდარი, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Official website
- Metro Kendari
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.00 1.01 1.02 1.03 1.04 1.05 1.06 1.07 1.08 1.09 1.10 Indonesian Minister of Home Affairs Decree Number 050-145 of 2022
- ↑ The Master Book of Indonesian Territory Data 2015
- ↑ [Metode Baru Indeks Pembangunan Manusia 2020-2021] id. Statistics Indonesia. ციტირების თარიღი: 13 July 2022
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Sejarah Kota Kendari id. City of Kendari. ციტირების თარიღი: July 13, 2022
- ↑ 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 Hakim, Ramlah (2011-06-01). „Lingkar Rotan Kalosara: Perjumpaan Islam Dan Tradisi Dalam Sejarah Islam Konawe“. Al-Qalam. 17 (1): 39–49. doi:10.31969/alq.v17i1.96. ISSN 2540-895X.
- ↑ Yahya, M.; dan Subair, M. (November 2019). „Prakarsa Bugis-Mandar dalam Pendidikan Keagamaan di Lalowura Loea Kolaka Timur Sulawesi Tenggara“ [Bugis-Mandar Initiative in Religious Education in Lalowura Loea Kolaka, East Sulawesi, Southeast Sulawesi]. Pusaka (ინდონეზიური). 7 (2): 155. doi:10.31969/pusaka.v7i2.260. ISSN 2337-5957. ციტირების თარიღი: July 13, 2022.
- ↑ ZonaSultra, Admin. (30 October 2019) Kalosara dari Dulu hingga Kini: Merawat Perdamaian, Mengokohkan Persatuan (Bagian 1) id. ციტირების თარიღი: 13 July 2022
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Sejarah Perlawanan terhadap Imperialisme dan Kolonialisme di Sulawesi Tenggara id. Department of Education and Culture (1983–84). ციტირების თარიღი: 13 July 2022
- ↑ Rabani, L.; Purwanto, B.; Margana, S. (2020). „Politik dan Ekonomi di Dua Kota: Baubau dan Kendari pada tahun 1950-an–1960-a“ [The Politics and Economy in Two Towns: Baubau and Kendari in 1950s-1960s]. Mozaik Humaniora (ინდონეზიური). 20 (1): 39–56. doi:10.20473/mozaik.v20i1.15746. S2CID 225224424.
- ↑ Profil Kota Kendari id. ციტირების თარიღი: 14 July 2022
- ↑ Kendari climate: Average Temperature, weather by month, Kendari water temperature - Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 14 July 2022