კევლიანის წმინდა გიორგის ეკლესია
კევლიანის წმინდა გიორგის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კევლიანში. მდებარეობს სოფლის ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კილომეტრზე, ხშირი ტყით დაფარულ მაღალ ფერდობზე. სტილისტური ნიშნებით გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება.
ეკლესია დარბაზულია (6,5 X 4,5 მ), ნაგებია რიყის ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში (კუთხეები, აფსიდის მხრები და ნიშის თაღი) შირიმის სწორკუთხა ქვებია გამოყენებული. ინტერიერში ზოგან (დასავლეთ სარკმლის თაღი, ჩრდილოეთ კედლის ნაწილი კამარის ქუსლამდე) გამოყენებულია აგურიც. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე, შეისრულთაღიან შეღრმავებაში სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ჩრდილოეთით ნახევარწრიული თაღით გადახურული ნიშია. ერთი თაღოვანი სარკმელი დასავლეთ კედელშია. ამავე კედელში, შესასვლელის გადახურვის დონეზე კარის ნაოთხალის ტოლი შეღრმავებაა. კედლები შელესილი ყოფილა. ფასადზე ფრონტონის ჩრდილოეთ ქანობზე შემორჩენილია თაროსებრი ლავგარდანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 293.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კევლიანის წმინდა გიორგის ეკლესია დაარქივებული 2013-11-02 საიტზე Wayback Machine.