კევის ეკლესია — ეკლესია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობნევის განაპირას, აღმოსავლეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

ეკლესია დარბაზულია (9,8 X 8 მ), ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები, სარკმლის საპირეები, პილასტრები, სატრიუმფო თაღი, დასავლეთის შესასვლელის გარე თაღი შირიმის ქვისაა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. სამხრეთის შესასვლელი შიგნიდან თაღოვანია, გარედან გადახურულია მძლავრი არქიტრავით. დასავლეთის შესასვლელი შიგნიდან სწორკუთხოვანია, გარედან — თაღოვანი. ნახევარწრიული აფსიდის თაღოვანი სარკმლის ქვემოთ, კედელთან, მიდგმულია ქვით ნაწყობი სატრაპეზო. აფსიდის ორივე მხარეს, კედლის სისქეში, მოწყობილია მცირე ზომის სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნე. ორივე სათავსის შესასვლელების თავზე ქვის ფილებით გადახურული თითო სწორკუთხა ნიშია. სადიაკვნეს აღმოსავლეთით მცირე სარკმელი აქვს. ეკლესიის დასავლეთ და სამხრეთ კედლებშიც თითო სარკმელია. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია. შენობას სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ეკვრის მინაშენი, რომელსაც აღმოსავლეთით მცირე ზომის სარკმელი აქვს, დასავლეთით — შესასვლელი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990 წ.