კაჭიჭი
კაჭიჭი (აფხ. Акаҷыҷ [აკაჭჷჭ]), კაჭიჭიჟი, აჟკაჭიჭი, კაჯიჯი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში აფხაზეთიდან. კაჭიჭი ვაზის კულტურის ჯიშების კოლხეთის კერის ტიპობრივი წარმომადგენელია. იგი გავრცელებულია სამეგრელოსა და გურიაშიც.
ეს ჯიში აფხაზეთში ერთ-ერთ მევენახეს, სახელად კაჭიჭს, შეუტანია. ვინაიდან აფხაზებს ვაზის ნამდვილი სახელი დავიწყებიათ, მისთვის გამავრცელებლის სახელი დაურქმევიათ. კაჭიჭი აფხაზურ ჯიშად ითვლება, თუმცა მისი წარმოშობისა და სადაურობის საკითხზე განსხვავებული შეხედულებაც არსებობს.
XX საუკუნის 40-50-იან წლებში კაჭიჭი შეტანილი იყო საქართველოს ვაზის ჯიშთა სტანდარტულ სამეწარმეო ასორტიმენტში, რომლის ძირითადი ნარგაობა თავმოყრილი იყო აბაშისა და ჩხხოროწყუს რაიონებში. 1976 წლისთვის კაჭიჭს დასავლეთ საქართველოში 1,72 ჰექტარი ეკავა.
ბოტანიკური აღწერა
რედაქტირებაზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ მოგრძო-ოვალური და მცირედ დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე სქლადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრულ-კონუსური ან კონუსური ფორმის, ზოგჯერ მხრიანი, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი — საშუალო ზომის, მომრგვალო ან ოდნავ შეხნექილი. მუქი ლურჯია შავ ფერში გარდამავალი. თხელკანიანია, ცვილისებრი ფიფქით სქლად დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია. წვენი ღიად შეფერილი, სასიამოვნო ტკბილი და მომჟავო გემოთი. ჯიშური არომატი სუსტადაა გამოხატული.
ვაზი საშუალო ზრდისა და საშუალომოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 164-188 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 130-145 გრამია, ხოლო საჰექტარო მოსავლიანობა — 6.0-7.0 ტონა. კარგად ვიტარდება ტენიან პირობებში. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19.5-22.5%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-9 გ/ლ-ს.
იძლევა სუფრის ხარისხოვან წითელ ღვინოს. ახასიათებს ძლიერი ზრდა. დარგვიდან მეორე წელს იძლევა მოსავლის პირველ ნიშანს, ხოლო მეოთხე-მეხუთე წლიდან უკვე სრულ მოსავალს გვაძლევს. მისი საშუალო საჰექტარო მოსავალი შეადგენს 60-80 ცენტნერს და აქედან გამომდინარე იგი ითვლება საშუალომოსავლიან ჯიშად. კაჭიჭი უფრო მგრძნობიარეა ჭრაქის მიმართ, ვიდრე ნაცრის მიმართ. კაჭიჭის გამძლეობა ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით კარგია. კაჭიჭი ძველთაგანვე შერჩეული და გამოვლინებულია მაღლარად ფორმირებისათვის, რის დროსაც კაჭიჭი მოსავალსაც უხვს იძლეოდა და ღვინოც კარგი დგებოდა, თუმცა სოკოვანი დაავადებების გავრცელების შემდეგ კაჭიჭს იგივე თვისებები აღარ ახასიათებს. კაჭიჭის ფორმირება საკმაოდ პერსპექტიულია ძველ ქართულ ოლიხნარებზე. კაჭიჭს საკმაოდ კარგი მონათესაობა ახასიათებს ფილოქსერაგამძლე საძირეებთან. კაჭიჭის გამოყენება ყველაზე უფრო მიზანშეწონილია სუფრის წითელი ღვინოების დასამზადებლად. მის ღვინოს კარგი ფერი აქვს, იგი სინაზით, გემოს სისრულით და კარგად განვითარებული ჯიშური არომატით ხასიათდება. აქვს შებუსული ფოთოლი, საშუალო სიდიდის მტევანი (100-160 გ), შავი და მრგვალი მარცვალი. ამზადებენ მაღალხარისხოვან მუქი ფერის საშუალოსხეულიან სუფრის ღვინოს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ცერცვაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 446.
- უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 178