კარსნისხევის არქეოლოგიური ძეგლები

(გადამისამართდა გვერდიდან კარსნისხევი)

კარსნისხევის არქეოლოგიური ძეგლები — მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი სოფელ კარსანის (მცხეთის მუნიციპალიტეტი) მიდამოებში.

მცირე მასშტაბის გათხრები ჩატარდა 1925 წელს (გიორგი ნიორაძე). 1975 წლიდან მიმდინარეობს სტაციონარული გათხრები (ანდრია აფაქიძე, ვ. ნიკოლაიშვილი).

კარსნისხევი დასახლებული ყოფილა გვიანდელი ბრინჯაოს ხანიდან. გამოვლენილია ამ ხანის სამარხები. კარსნისხევის მარჯვენა ნაპირას აღმოჩნდა ძვ. წ. I საუკუნის — ახ. წ. I საუკუნის კომპლექსური ძეგლი: ხელოსანთა დასახლება, საწარმოო უბანი და სამაროვანი. ნამოსახლარზე გამოვლინდა 3 სამშენებლო ჰორიზონტი. ქვეტეხილითა და ტალახით ნაგები გეგმით მოგრძო, ოთხკუთხა შენობები გადახურული ყოფილა ანტიკური ხანის მცხეთური ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. თიხატკეპნილი იატაკის ცენტრალურ ნაწილში ქვითა და თიხით ნაგები კერები იყო. დიდი რაოდენობითაა მოპოვებული, უმთავრესად, მოწითალოდ გამომწვარი, თხელკეციანი საოჯახო კერამიკული ნაწარმი, ლითონისა და თიხის ქანდაკებანი, ნამოსახლარის აღმოსავლეთით, დაახლოებით 60 მ-ზე, აღმოჩნდა საწარმოო უბანბი. გამოვლინდა თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ალიზის ორსართულიანი ქურები და მასთან დაკავშირებულ ნაგებობათა ნაშთები. ნამოსახლარის მახლობლად გამოვლინდა I-III საუკუნეების სამაროვანი. ძირითადად გაითხარა კრამიტსამარხები, აგრეთვე ორმოსამარხები (მ. შ. ხის ძელებით გადახურულიც). კრამიტისამარხები ბრტყელი და ღარიანი კრამიტითაა ნაგები. გადახურვა ორფერდაა. ზოგს იატაკიც კრამიტისა ჰქონდა. სამარხებში აღმოჩნდა ჭურჭელი, სამკაული, რომაული და პართული მონეტები და სხვა.

1925 წელს კარსნისხევის ბოლოში გათხარეს IV—V საუკუნეების სამაროვანი. ქვიშაქვის დიდი ქვებით ნაგები ქვაყუთები ბანურად იყო გადახურული. სამარხებში აღმოჩნდა სამკაული და ჩაცმულობასთან დაკავშირებული ნივთები.

კარნისხევის სათავესთან მიწის ხედაპირზე შეინიშნება შუა ფეოდალური ხანის ნასოფლარი და პატარა ეკლესიები. იქვე, ხეობის მარჯვენა ნაპირას, დადასტურდა მინის საწარმოს ნაშთები.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლემლეინი გ., მინის საბერი წარმოების ნაშთები კარსანში, მცხეთის მახლობლად, «საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე», 1945, ტ. 6, № 9;
  • ლომთათიძე გ., არქეოლოგიური გათხრები საქართველოს ძველ დედაქალაქში, თბ., 1945;
  • მცხეთა. არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგები, ტ. 1—2, თბ., 1955-1978;
  • ნიკოლაიშვილი ვ., არქეოლოგიური კვლევა-ძიება „დიდი მცხეთის“ ტერიტორიაზე, «მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია», 1977, № 1;
  • ნიორაძე გ., კარსნის-ხევის სასაფლაო, «საქართველოს მუზეუმის შრომები», 1926, ტ. 4