კარპეზ კაპანაძე (დ. 12 აპრილი, 1919, სოფ. კორბოული, ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი. — გ. 31 ოქტომბერი, 2005) — ქართველი ექიმი, ვეტერინარი, მეცნიერი. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1995). აკადემიკოსი (1997). საქართველოს სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ღირსების ორდენის კავალერი (2000).

1943 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტი. 1950-1953 წლებში მუშობდა საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველ მოადგილედ. 1958-1959 წლებში იყო საქართველოს მეცხოველეობისა და ვეტერინარიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1962-1990 წლებში — საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პრორექტორის მოადგილე ვეტერინარიის დარგში. 1990 წლიდან ამავე ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი. შეისწავლა საქართველოში ვეტერინარული ისტორიის პრობლემები, დაამუშავა ვეტერინარული ლექსიკოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და ორთოგრაფიის საკითხები. ავტორია ვეტერინარული დამხმარე სახელმძღვანელოსი, ასევე მონოგრაფიული ნაშრომების. მან პირველმა განაზოგადა მსოფლიო სავეტერინარო კონგრესების ისტორიის მასალები. 1979 წელს მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ XXI მსოფლიო სავეტერინარო კონგრესის მუშაობაში. იყო ქართული ენციკლოპედიის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი და ვეტერინარიის სექციის ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო და საბრძოლო ჯილდოები.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება