კარმენი (ნოველა)

პროსპერ მერიმეს ნოველა
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

კარმენი (ფრანგ. Carmen) 一 ფრანგი ავტორის, პროსპერ მერიმეს 1845 წლის ნოველა, რომელიც იმავე წელს გამოქვეყნდა. ნაწარმოები არაერთხელაა ადაპტირებული, მათ შორის გამოსარჩევია ცნობილი ფრანგი კომპოზიტორის, ჟორჟ ბიზეს ამავე სახელწოდების მქონე ოპერა, რომელიც აღნიშნულ მოთხრობას დაედო საფუძვლად.[1][2]

„კარმენი“
Carmen

პირველი გამოცემა
ავტორი პროსპერ მერიმე
ქვეყანა საფრანგეთი
ენა ფრანგული
ჟანრი ნოველა
გამოცემის თარიღი 1845

ინსპირაცია

რედაქტირება

გრაფინია მონტიჰოსადმი მიწერილ წერილში მერიმემ ისაუბრა ნაწარმოების შექმნის კრიტერიუმებზე და თქვა, რომ იგი შთაგონებული იყო იმ ამბით, რომელიც გრაფინიამ 1830 წლის ესპანეთში ვიზიტისას მოუყვა. ის წერს: „ეს იყო ამბავი უღირსი პიროვნებისა, რომელმაც მოკლა საკუთარი ქალი, რომელიც საზოგადოებისკენ მიისწრაფვოდა... ერთი პერიოდი ბოშების ცხოვრებას ვიკვლევდი, ამიტომ ჩემი გმირი ბოშად ვაქციე“.[3]

ნოველაზე, ერთი ვერსიით, გავლენა იქონია ჯორჯ ბაროუს წიგნმა, სახელწოდებით 一ზინკალი (1841), მეორე ვერსიით კი ავტორმა ნაწარმოებზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გაეცნო ალექსანდრე პუშკინის პოემას 一 ბოშები (1824), რომელიც, მოგვიანებით, მერიმემ ფრანგულად თარგმნა.[4]

1830 წლის ადრიან შემოდგომაზე ცნობისმოყვარე მეცნიერი (რომელიც მწერლის ალტერ ეგოდაა მიჩნეული) კორდოვაში მეგზურს დაიქირავებს და ძველი მუნდაის საძებრად მიემგზავრება. სწორედ აქ მოიგო უკანასკნელი ბრძოლა ძლევამოსილმა იულიუს კეისარმა. შუადღის პაპანაქება სიცხის გამო ის თავს გრილი ხეობის ჩრდილს შეაფარებს, მაგრამ მდინარესთან ადგილი უკვე დაკავებულია. მთხრობელს მარდი და ძლიერი ყმაწვილი შეეგებება. ყმაწვილი მოღუშულია, ამაყი მზერა და ქერა თმა აქვს. მოგზაური მის კეთილგანწყობას იმით იმსახურებს, რომ სიგარასა და საჭმელს სთავაზობს. მეგზურის მჭერმეტყველური მინიშნებების მიუხედავად, მოგზაური ყმაწვილთან ერთად გზას აგრძელებს. ისინი ღამის გასათევად შორეულ ვენტაში ჩერდებიან. ყმაწვილი გვერდით მუშკეტონს მოიდებს და ღრმად ჩაეძინება, მეცნიერს კი არ ეძინება. იგი სახლიდან გამოდის და ხედავს თავის მეგზურს, რომელიც ყმაწვილის დასასმენად მიიპარება 一 მან ულანის საგუშაგოს უნდა შეატყობინოს, რომ ვენტაში ყაჩაღი ხოსე ნავარო იმყოფება. მისი შეპყრობისთვის ორასი დუკატია დაწესებული. მთხრობელი ყმაწვილს საფრთხის შესახებ შეატყობინებს და ამის შემდეგ ისინი დამეგობრდებიან.

მეცნიერი თავის ძიებას კორდოვის დომინიკანური მონასტრის ბიბლიოთეკაში აგრძელებს. მზის ჩასვლის შემდეგ, გვადალკივირის სანაპიროზე სეირნობს. ერთ საღამოს მეცნიერს უახლოვდება ქალი, რომელსაც თმაში ჟასმინის ყვავილები აქვს ჩაწნილი, მაღალი არ არის, ახალგაზრდაა, კარგი აღნაგობა აქვს და დიდრონი, ირიბი თვალები. მეცნიერი გაოცებულია მისი უცნაური, ველური სილამაზით, განსაკუთრებით მისი მზერით, რომელიც ერთდროულად მგრძნობიარეცაა და ველურიც. იგი ქალს სიგარეტს შესთავაზებს და შეიტყობს, რომ მას კარმენი ჰქვია, ბოშაა და მკითხაობა შეუძლია. მეცნიერი ქალს სახლში მიცილების ნებართვასა და თავისი ხელოვნების ჩვენებას სთხოვს. მკითხაობა დასაწყისშივე წყდება 一 კარი იღება და ოთახში მოსასხამში გახვეული კაცი ლანძღვა-გინებით შემოიჭრება. იგი მეცნიერის მეგობარი ხოსე აღმოჩნდება. კარმენთან გაუგებარ ენაზე ცხარე შეხლა-შემოხლის შემდეგ ხოსეს სტუმარი სახლიდან გაჰყავს და სასტუმროს გზისკენ მიუთითებს. მეცნიერი აღმოაჩენს, რომ ამასობაში დაკარგა ოქროს საათი, რომელიც კარმენს ძალიან მოეწონა. გულნატკენი და დარცხვენილი მეცნიერი ტოვებს ქალაქს. რამდენიმე თვის შემდეგ ის კორდოვაში აღმოჩნდება და შეიტყობს, რომ ყაჩაღი ხოსე ნავარო დაპატიმრებულია და განაჩენს ციხეში ელოდება. მეცნიერი, რომელიც ადგილობრივ ზნე-ჩვეულებებს იკვლევს, ყაჩაღის ბედით დაინტერესდება და მის სანახავად და მონანიების მოსასმენად მიდის.

ხოსე აისარაბენგოა მეცნიერს თავის შესახებ უყვება, რომ ის ბასკია, ელისონდოში დაიბადა და ძველ დიდგვაროვანთა წარმომადგენელია. სისხლიანი ჩხუბის შემდეგ მშობლიური მხარიდან გაიქცა, დრაგუნთა პოლკში შევიდა, ერთგულად იმსახურა და ბრიგადირი გახდა. ერთხელ, მისდა საუბედუროდ, სევილიის თამბაქოს ფაბრიკის ყარაულად დანიშნეს. იმ ხუთშაბათს მან პირველად ნახა კარმენი 一 თავისი სიყვარული, მტანჯველი და დამღუპველი. იგი სხვა ქალიშვილებთან ერთად სამუშაოზე მიდიოდა. პირში აკაციის ყვავილი ჰქონდა გაჩრილი და ახალგაზრდა კორდოველი ფაშატივით თეძოებს მიარხევდა. ორი საათის შემდეგ ხოსეს ჩხუბისთავი კარმენის ციხეში გადაყვანა დაევალა. კარმენმა ფაბრიკის ერთ-ერთ თანამშრომელ ქალს სახე დანით დაუსერა. გზაში კარმენმა ხოსეს გულისამაჩუყებელი ისტორია მოუყვა, თითქოს ისიც ბასკეთიდან იყო, სევილიაში არავინ ჰყავდა, სულ მარტო იყო და, როგორც უცხოს, დევნიდნენ, სიცოცხლეს უმწარებდნენ. სწორედ ამიტომ აიღო ხელში დანა. კარმენი, როგორც ყოველთვის, ახლაც ტყუოდა, მაგრამ ხოსემ დაუჯერა და გაქცევაში დაეხმარა, რისთვისაც ის ჩამოაქვეითეს და ერთი თვით ციხეში უკრეს თავი. კარმენმა მას გაუგზავნა პური, რომელშიც ქლიბი, ოქროს მონეტა და ორი პიასტრა იყო დამალული. ხოსეს არ უნდოდა გაქცევა 一 ამის უფლებას მეომრის ღირსება არ აძლევდა. ახლა ის რიგითი ჯარისკაცია. ერთხელ, როდესაც ის თავისი პოლკოვნიკის სახლს იცავდა, სტუმრების გასამხიარულებლად მოწვეული ბოშების ეკიპაჟი ჩამოდგა. მათ შორის კარმენიც იყო. კარმენმა ხოსეს პაემანი დაუნიშნა და მათ ერთად დაუვიწყარი დრო გაატარეს. დამშვიდობებისას კარმენმა ხოსეს უთხრა: „ბარი-ბარში ვართ. მშვიდობით... იცი, ჩემო ბიჭუნა, მგონი, ცოტა შემიყვარდი, მაგრამ ეს დიდხანს ვერ გასტანს. ძაღლი და მგელი დიდხანს ვერ შეეგუებიან ერთმანეთს“. ხოსემ ამაოდ ეძება კარმენი. იგი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ გამოჩნდა. ხოსე ქალაქის ერთ-ერთ ალაყაფთან ყარაულად დააყენეს. ალაყაფის ახლოს ქალაქის გალავანი ერთგან გამონგრეული იყო და იმ ღამეს კარმენს აქედან უნდა შეეყვანა კონტრაბანდისტები. დახმარებისთვის კარმენმა ხოსეს კიდევ ერთი ღამე აჩუქა და ხოსემ მეომრის ფიცი დაარღვია. შემდეგ კი მოკლა ლეიტენანტი, რომელიც კარმენმა თავის სახლში მიიყვანა. ხოსე კონტრაბანდისტი გახდა. ერთ ხანს ის თითქმის ბედნიერი იყო, რადგან კარმენი ზოგჯერ ალერსიანად ექცეოდა 一 იმ დღემდე, სანამ კონტრაბანდისტების რაზმში აუტანელი მახინჯი გარსია ბრუციანი, კარმენის ქმარი არ გამოჩნდა. კარმენმა, როგორც იქნა, მოახერხა მისი ციხიდან გამოხსნა. ხოსე და მისი „თანამებრძოლები“ კონტრაბანდით იყვნენ დაკავებულნი, ძარცვავდნენ და ზოგჯერ კლავდნენ კიდეც მოგზაურებს. კარმენი მათი მოკავშირე და დამხმარე იყო. კარმენთან იშვიათი შეხვედრები ხოსეს ხანმოკლე ბედნიერებასა და აუტანელ გულისტკივილს ანიჭებდა. ერთხელ კარმენმა ხოსეს სიტყვა გადაუკრა, რომ მორიგი „საქმის“ დროს მისი ბრუციანი ქმარი მტრის ტყვიით შეიძლებოდა მომკვდარიყო. ხოსეს ერჩივნა მეტოქე პატიოსან ორთაბრძოლაში მოეკლა და იგი კარმენის რომი (ბოშურად - ქმარი) გახდა. კარმენს მძიმე ტვირთად დააწვა თავს მოხვეული სიყვარული. როდესაც ხოსემ ცხოვრების შეცვლა და ამერიკაში გამგზავრება შესთავაზა, მასხრად აიგდო: „ჩვენ კომბოსტოს დასარგავად არ ვართ შექმნილნი“. რამდენიმე ხნის შემდეგ ხოსემ შეიტყო, რომ კარმენი მატადორ ლუკასით იყო გატაცებული. ხოსემ საშინლად იეჭვიანა და ისევ ამერიკაში გამგზავრება შესთავაზა. კარმენმა უთხრა, რომ ესპანეთშიც კარგად გრძნობდა თავს და მასთან ცხოვრებას აღარ აპირებდა. ხოსემ კარმენი ერთ მივარდნილ ხეობაში წაიყვანა და კვლავ ჰკითხა, აპირებდა თუ არა მასთან ერთად წასვლას. „შენი სიყვარული არ შემიძლია. შენთან ცხოვრება არ მინდა“, 一 უპასუხა კარმენმა და თითიდან ხოსეს ნაჩუქარი ბეჭდი წაიძრო. გააფთრებულმა ხოსემ მას გულში დანა ორჯერ ჩასცა. ხოსემ კარმენი ტყეში დამარხა 一 მას ყოველთვის უნდოდა, რომ სამუდამო განსასვენებელი ტყეში ჰქონოდა. ხოსემ კარმენს საფლავში ბეჭედი და ჯვარი ჩაატანა.

ნოველის მეოთხე, ბოლო თავში მთხრობელი მკითხველს თავის შთაბეჭდილებებს უზიარებს ესპანელი ბოშების წეს-ჩვეულებებისა და ენის შესახებ. ნაწარმოებს კი მრავლისმეტყველი ბოშური ანდაზით ამთავრებს 一 „მოკუმულ პირში ბუზი ვერ შეფრინდება“.  

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Brown, William Edward (1986). A History of Russian Literature of the Romantic Period, Volume 3. Ardis, გვ. 238. ISBN 0-88233-938-9. 
  • Gibbs, Jonathan. (n.d.) The Art of the Novella challenge 37: Carmen. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-05-15. ციტირების თარიღი: 2020-04-01
  • Mérimée, Prosper (1846). Carmen. Paris: Michel Lévy.  The original book publication, also containing the stories "Arsène Guillot" and "L'Abbé Aubain".
  • Mérimée, Prosper (1973). Les Âmes du Purgatoire, Carmen. Paris: Garnier Flammarion.  With an apparatus criticus by Jean Decottignies. This edition's text and notes were used for the first draft of the present article.
  • Mérimée, Prosper (1951). რედ. Henri Martineau: Romans et Nouvelles. Paris: Bibliothèque de la Pléiade, გვ. 814.  Cited by Decottignies.
  1. https://culturezvous.com/en/bizet-carmen-story-opera/
  2. https://operawire.com/page-to-opera-stage-the-inspiration-and-adaptations-of-carmen/
  3. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-26. ციტირების თარიღი: 2022-12-26.
  4. https://www.amherst.edu/system/files/media/1603/Pushkin%2520%2526%2520Carmen.pdf