კარლის უნივერსიტეტი (პრაღა)

(გადამისამართდა გვერდიდან კარლის უნივერსიტეტი)

კარლის უნივერსიტეტი პრაღაში, ასევე, შემოკლებით კარლის უნივერსიტეტი ან პრაღის უნივერსიტეტი (ჩეხ. Univerzita Karlova; ლათ. Universitas Carolina) — უძველესი, უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული ჩეხური უნივერსიტეტია და ასევე ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია ევროპაში, დაფუძნდა რა 1340-იან წლებში.

Univerzita Karlova[1] [2]
დაფუძნდა 7 აპრილი, 1348
ატარებს სახელს კარლ IV
დამფუძნებელი (-ები) კარლ IV
ტიპი საჯარო უნივერსიტეტი, Czech research institution[3] და გამომცემლობა
რექტორი Milena Králíčková
სტუდენტი 49 508[4]
მდებარეობა პრაღა
ქვეყანა ჩეხეთი[2]
კავშირები Coimbra Group, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია[5] , CESNET, 4EU+ Alliance, European Alliance for Social Sciences and Humanities[6] , ORCID[7] , Association of Libraries of Czech Universities[8] და Coalition for Advancing Research Assessment[9]
აფილაცია Coimbra Group
კარლის უნივერსიტეტი (პრაღა) — ჩეხეთის რესპუბლიკა
კარლის უნივერსიტეტი (პრაღა)
https://cuni.cz

როგორც პირველი უნივერსიტეტი ცენტრალურ ევროპაში იგი ამ რეგიონის მრავალ მწიგნობარს იზიდავდა, ძირითადად, მეზობელი საღვთო რომის იმპერიის გერმანული მიწებიდან, რომლის დედაქალაქი იმხანად პრაღა იყო, და შესაბამისად, გერმანიაში ხშირად ის მოიხსენიება, როგორც პირველი გერმანული უნივერსიტეტი (Karlsuniversität), მიუხედავად იმისა, რომ პირველი უნივერსიტეტი გერმანულენოვან სამყაროში ვენაში დაარსდა (1365), ხოლო პირველი უნივერსიტეტი თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე კი — ჰაიდელბერგში (1386).

შანხაის ჯიაო ტონგის უნივერსიტეტის მიერ წარმოებული ყოველწლიური გამოკვლევის თანახმად, მსოფლიო უნივერსიტეტების თანამედროვე აკადემიური რანგით პრაღის უნივერსიტეტი წამყვანია არა მხოლოდ ჩეხეთის რესპუბლიკაში, არამედ სრულიად ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უნგრეთის სცეგედის უნივერსიტეტთან ერთად.

 
უნივერსიტეტის დამფუძნებლის - იმპერატორ კარლ IV-ის მონუმენტი

ჩეხური წყაროების უმრავლესობა XIX საუკუნიდან მოყოლებული - ენციკლოპედიები, ისტორიის სახელმძღვანელოები და თავად უნივერსიტეტის მასალები - მიუთითებენ უნივერსიტეტის დაფუძნების თარიღად 1348 წელს. ამ წლის 7 აპრილს კარლ I-მა, ბოჰემიის მეფემ (მოგვიანებით ცნობილი, როგორც კარლ IV, წმინდა რომის იმპერატორი) გამოსცა ბრძანება ამ დაწესებულებისთვის განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭების შესახებ. თუმცა ერთი წლით ადრე (1347) პაპმა კლემენტ VI-მ 26 იანვარს უკვე გასცა მსგავსი ბრძანებულება, რომელიც დასაბამს აძლევს ქრისტიანულ სამოძღვრებო დაწესებულებას. მეფის ბრძანებულებით ეს დაწესებულება საეკლესიო დაქვემდებარებიდან თავისუფლდებოდა. უნივერსიტეტის შექმნის დღედ მეფის ბრძანებულების თარიღის აღნიშვნა შესაძლოა XIX საუკუნის ანიტი-კლერიკალური მიმართულების ზეგავლენად უნდა მივიჩნიოთ.

ბოლონიისა და პარიზის უნივერსიტეტების მოდელზე შექმნილი პრაღის უნივერსიტეტი სტუდენტებისთვის 1349 წელს გაიხნა. არქიეპისკოპოს არნოსტ პარდუბისელს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტის ჩამოყალიბების საქმეში, ვინაიდან მან აიძულა საეკლესიო მოძღვრები მასწავლებლობისთვის გარკვეული დრო დაეთმოთ. ლექციები კოლეჯებში ტარდებოდა, რომელთა შორის უძველესია „კაროლინუმი“. უნივერსიტეტი დაყოფილი იყო ჩეხურ, ბავარიულ, საქსონურ და პოლონურ განყოფილებებად, რომელთაც „ნაციები“ ეწოდებოდა.

1403 წელს უნივერსიტეტში აკრძალეს ჯონ ვიკლიფის მოძღვრებების სწავლება, თუმცა მისი დოქტრინა შემდგომშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. იან ჰუსმა, რომელიც უნივერსიტეტის დეკანი და რექტორი იყო, ვიკლიფის ტრიალოგუსი ჩეხურ ენაზე თარქმნა. უნივერსიტეტის სხვა ნაციებმა მხარი პაპ გრეგორი XII-ს დაუჭირეს. თუმცა ჰუსმა იცოდა როგორ გამოეყენებინა მეფე ვენცესლაუსის ოპოზიცია გრეგორის მიმართ. 1409 წლის კუტნა ჰორას დეკრეტის მიხედვით (ჩეხ. Dekret Kutnohorský) ჰუსსა და ჩეხურ ნაციას უნივერსიტეტის საქმეებში სამი ხმის უფლება მიეცათ, მაშინ როცა სხვა ნაციებს ერთად მხოლოდ ერთი ხმის უფლება დარჩათ. ამ დეკრეტის გამო პროტესტის ნიშნად ყველა გერმანელი პროფესორი და სტუდენტი 1409 წლის მაისში ლაიპციგის უნივერსიტეტში გადადის. პრაღის უნივერსიტეტმა დაკარგა საკუთარი მასწავლებლებისა და სტუდენტების უდიდესი ნაწილი. მას შემდეგ უნივერსიტეტმა დაკნინება დაიწყო და მცირე ხანში საკმაოდ დაბალი სტატუსის ეროვნულ დაწესებულებად გადაიქცა. ათწლეულების განმავლობაში არც ერთი ხარისხი არ გაცემულა და მხოლოდ ხელოვნების ფაკულტეტი ფუნქციონირებდა. კარლ IV-ის ვაჟმა, იმპერატორმა ზიგისმუნდმა უნივერსიტეტის ნარჩენები საკუთარი მფარველობის ქვეშ აიყვანა და მის აღორძინებას შეეცადა, რაც ნაწილობრივ მიღწეულ იქნა იმპერატორ რუდოლფ II-ის მიერ, მისი პრაღაში გადასვლის შემდეგ. იმპერატორმა ფერდინანდ I-მა მოაწყო პრაღის იეზუიტების ყრილობა, რომელთა გადაწყვეტილებით უნივერსიტეტში აკადემია გაიხსნა. მალევე, მათ უნივერსიტეტის მმართველობის სადავეები ჩაიგდეს ხელთ, თუმცა 1618-1621 წლებში ისინი გაძევებულ იქნენ. 1622 წლისთვის იეზუიტები ისევ გაძლიერდნენ და იმპერატორზე დიდი გავლენა მოიპოვეს. საიმპერატორო განკარგულებით იეზუიტებს უზენაესი განკარგვის უფლება მიეცათ მთელ სასკოლო სისტემაზე ბოჰემიაში, მორავიასა და სილეზიაში. კაროლინუმში ამ დროისთვის დარჩენილი ოთხი პროფესორიც გადადგა და უნივერსიტეტის ათივე კოლეჯი იუზუიტების ხელში გადავიდა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება