კაპაკ იუპანკი
კაპაკ იუპანკი (კეჩ. „ინკების ბრწყინვალე მოანგარიშე“) – კუსკოს სამეფოს მეხუთე საპა ინკა, უკანასკნელი იმპერატორი ურინის დინასტიიდან. ის იყო იმპერატორ მაიტა კაპაკის ვაჟი და მემკვიდრე. მისი ცოლი – მამა გუსი ილპაი იყო წარსულში ინკების დიდი მტრის, ანტას ხალხის მმართველის ქალიშვილი. კაპაკ იუპაკანს ჰყავდა ვაჟი – ინკა როკა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალ, ანანის დინასტიას.
ლეგენდების მიხედვით, იგი იყო დიდებული დამპყრობელი. ქრონისტ ხუან დე ბეტანსოს მიხედვით, ის იყო პირველი საპა ინკა, რომელმაც დაიპყრო კუსკოს ხეობის გარეთ არსებული სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტერიტორიები. გარსილაო დე ლა ვეგას თანახმად, კაპაკ იუპანკმა დიდი ღვაწლი გასწია ქალაქ კუსკოს დასამშვენებლად: მან ააგო უამრავი შენობა, ხიდი, გზა, გაიყვანა წყლის არხები.