კალაურის წმინდა ნინოს ეკლესია
კალაურის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში, კალაურის ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება XVIII საუკუნეს.
ეკლესია დარბაზულია, ნაგებია წვრილი რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. კედლები ძირითადად წესიერ, სწორხაზოვან რიგებად დაწყობილი რიყის ქვითაა ნაგები. წყობაში ერთმანეთისგან თანაბარი შუალედებით, ჩართულია აგურის თარაზული შრეები, კამარა, საბჯენი თაღები, შესასვლელთა ღიობები და სარკმელთა თაღები აგურისაა. შენობა შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებული ყოფილა. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. დასავლეთ კარი ნახევარწრიული თაღითაა გადახურული და გარედან ჩასმულია შეღრმავებულ, სწორკუთხა არეში, რომელიც დასრულებულია აგურის ხერხულა წყობით გამოყვანილი სამსაფეხურიანი ფრიზით. შიგნით შესასვლელი სწორკუთხაა როგორც სამხრეთ შესასვლელი.
საკურთხევლის ნახევარწრიულ აფსიდში შეისრულთაღოვანი სარკმელი და სამი შეისრულთაღოვანი ნიშაა. მათგან ორი სარკმლის ჩრდილოეთითაა, ერთი სამხრეთით. სამხრეთ და ჩრდილოეთით ერთ-ერთი ნიშა გეგმით ნახევარწრიულია და აგურით ნაწყობი კონქითაა გადახურული. ეკლესიის გრძივი კედლები ორ-ორი მარტივი პილასტრითაა დანაწევრებული, რომლებსაც შეისრული საბჯენი თაღები ეყრდნობა, შეისრულია კამარაც. თაღები კუთხის პილასტრებზეა დაყრდნობილი, თაღების ქუსლებთან ერთ ქვაში გამოკვეთილი თაროსებრი იმპოსტებია გამოყვანილი.
ეკლესიის კედლები დასრულებულია აგურით დასრულებული სამსახელურიანი ლავგარდნით, რომელიც ჩვეულებრივად ნაწყობი და კუთხე წინწამოწეულ აგურის რიგების მონაცვლეობითაა შექმნილი. ეკლესიის დასავლეთით, კედელზე აგურის პატარა სამრეკვლო ყოფილა დადგმული, რომლის საფუძველიღა იყო შემორჩენილი.
2010 წელს საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით დასრულდა ეკლესიის აღდგენითი სამუშაოები, რომლებიც 2005 წელს სოფლის მოსახლეობამ დაიწყო. 2011 წელს ეკლესია ამოქმედდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 173.