კაკასხიდის ხიდები

საინჟინრო-არქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდში

კაკასხიდის ხიდები — საინჟინრო-არქიტექტურული ძეგლი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდში.

კაკასხიდში 5 ხიდია. ყველაზე დიდი, მდებარეობს მდ. ხანისწყალზე, სოფ. კაკასხიდიდან სამხრეთით, დანარჩენი ოთხი ხანისწყლის მარცხენა შენაკად ქერშავეთზე კაკასხიდის ხიდიდან 3 კმ-ის მონაკვეთში.

ხიდები არის ზეკარის საუღელტეხილო გზის ნაწილი, რომელიც ხანისწყლის და ქვაბლიანის ხეობებს აკავშირებს ერთმანეთთან. ხუთივე ხიდი დღემდე მოქმედია. ხიდები ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმნის სამხედრო გზის მშენებლობის დროსაა დამონტაჟებული 1894-1904 წწ.

მშენებლობის დაწყება დაკავშირებულია რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ პირველის სახელთან, ორმოცწლიანი პროექტირება და გზის მშენებლობა ნიკოლოზ მეორის დროს დასრულდა. ხიდებიდან ერთი - კაკასხიდის ხიდი დიდია და ორმხრივი მოძრაობისთვისაა განკუთვნილი, დანარჩენი ოთხი მცირე ზომისაა და ერთი მიმართულებით მოძრაობისთვისაა აგებული.

ხიდები ერთი მასალით და ერთნაირი ტექნიკითაა აგებული. ხიდის კონსტრუქცია ფოლადის ბრტყელი ღერაკებით და მართკუთხა ფირფიტებითაა შეკრული. დეტალების გადაბმისთვის გამოყენებულია დამოქლომების მეთოდი. სავალი ნაწილის საყრდენი შვერილები ლითონის ფირფიტებისგან არის შეკრული, ხიდების მოაჯირები ორ ჰორიზონტალურ რელსს შორის ღერაკების ვერტიკალური და დიაგონალური რიგებითაა შეკრული. მე-4 ხიდის თუთიის ამ კონსტრუქციაზე ქვემოდან, ძველი რუსულით შესრულებული ორი სიტყვაა გარკვეული ინტერვალით დაწერილი: კაკასხიდის ხიდის მოაჯირის დაბოლოებაზე, დუღაბის ჯებირებზე რელიეფური სიმბოლიკა არის მოცემული: ერთზე გადაჯვარედინებული ნაჯახი და ღუზა, მათ ქვემოთ კი 1904, მეორეზე კი „N“ გრაფემა, სავარაუდოდ იმპერატორ ნიკოლოზ მეორის სახელის ინიციალი. ხიდის თარიღი მხოლოდ ერთზეა მოცემული, ხიდების სრული იდენტურობა, იძლევა იმის საფუძველს, რომ ისინი ერთი და იგივე დროს დამონტაჟებულია.

პეტრე აკიმჩევის მონათხრობით, აღნიშნული ხიდები სამეფო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საფრანგეთიდან _ ეიფელის ქარხნიდან ჩამოიტანეს დაშლილი ფოთის ნავსადგურის გზით და ადგილზე ააწყვეს. კაკასხიდის ხიდები იმ საინჟინრო ნაგებობათა რიგში დგას, რომლებიც XIX-XX სს. მიჯნისთვის საქართველოს გზებსა და რკინიგზებზე აიგო და რომელთა ერთი ნაწილი გადმოცემით გუსტაფ ეიფელის ქარხნიდან იქნა ჩამოტანილი და ადგილზე დამონტაჟებული. ის საქართველოში XX საუკუნის დასაწყისისთვის სატრანსპორტო საინჟინრო ქსელის განვითარების ნაწილია.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26444