კათარები (ბერძნ. katharos — სპეტაკი, სუფთა) — ქრისტიანულ–ბიურგერული მწვალებლების მიმდევრები XI—XIII საუკუნეებში სამხრეთ საფრანგეთში, იტალიაში, ფლანდრიასა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. გამოხატავდნენ ქალაქის ღარიბი ფენების (უმთავრესად ხელოსნების) და გლეხობის ნაწილის პროტესტს ფეოდალური ჩაგვრის წინააღმდეგ. კათარების დოგმატიკას საფუძვლად ედო მანიქეისტურ-დუალისტური მოძღვრება სამყაროს ორსაწყისიანობის შესახებ. ყოველივე მიწიერისა და ხორციელის დაგმობას კათარები მიჰყავდა უკიდურესი ასკეტიზმისაკენ. ისინი უარყოფდნენ ქორწინებას, საეკლესიო საიდუმლოებებს, წმინდათა თაყვანისცემას, ინდულგენციებს. არ ჭამდნენ ხორცს. ამხელდნენ კათოლიკურ სამღვდელოების მანკიერებას (რომის პაპს თვლიდნენ სატანის მოადგილედ), მოითხოვდნენ საეკლესიო მიწათმფლობელობის ლიკვიდაციას, უარს ამბობდნენ საეკლესიო მეათედის გადახდაზე, დასაშვებად მიაჩნდათ თვითმკვლელობა. მათ რელიგიურ ორგანიზაციებს სათავეში ედგნენ დამრიგლებლები „სრულყოფილნი“ (perfecti), რომლებიც ვალდებული იყვნენ ასკეტურად ეცხოვრათ. ეკლესია და საერო ხელისუფლება უმოწყალოდ დევნიდნენ კათარებს. ამის შედეგად XIII საუკუნის დამლევსა და XIV საუკუნის I ნახევარში ისინი თითქმის მთლიანად განადგურდნენ. კათარის ერთ-ერთ შტოს წარმოადგენდნენ ალბიგოელები.

ლიტერატურა

რედაქტირება