ალბიგოელები (ლათ. Albigenses, ფრანგ. Albigeois) — ქრისტიანულ-ბიურგერული მწვალებლობის მიმდევრები XII—XIII საუკუნეებში სამხრეთ საფრანგეთში, კათარების შტო. ალბიგოელების მოძრაობის ცენტრი იყო ქალაქი ალბი, ამიტომ სავარაუდოა, სახელწოდებაც სწორედ აქედან მოდიოდეს. ალბიგოელებს ყოველივე ამქვეყნიური ეშმაკის საქმედ მიაჩნდათ, უარყოფდნენ სამების დოგმას, ჯოჯოხეთს, სალხინებელს, წყლით ნათლობას. ჰქონდათ საკუთარი სკოლები, ჰყავდათ სწავლულები. მწვალებლობა გავრცელდა სამხრეთ საფრანგეთში ბიურგერთა და ხელოსანთა შორის, გლეხობის, რაინდებისა და არისტოკრატთა ერთ ნაწილში, რომელთაც სურდათ საეკლესიო მიწების სეკულარიზაცია. ალბიგოელებს მიემხრო ტულუზის გრაფი რაიმუნდ VI (1194—1222). კათოლიკური ეკლესია მათ წინააღმდეგ ქადაგებით ვერაფერს გახდა და პაპმა ინოკენტი III-მ ჯვაროსნული ომი გამოუცხადა, რომელმაც 20 წელს გასტანა (1209—1229). ლაშქრობაში მონაწილეობდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთის სენიორები და რაინდები სიმონ დე მონფორის მეთაურობით. ჯვაროსნებმა აიღეს და დაარბიეს ქალაქი ბეზიე, ქალაქი კარკასონი და სხვა ქალაქები. მათმა სისასტიკემ (პაპის ლეგატის მოწოდება: „დახოცეთ ყველანი, ღმერთი თავისიანს იცნობს“) გამოიწვია სამხრეთ საფრანგეთის ხალხისა და ფეოდალების დიდი წინააღმდეგობა. ტულუზის გრაფის მხარეზე ომში ჩაება არაგონის მეფე პედრო II (1196—1213). მონფორმა 1213 წელს გაიმარჯვა მიურესთან (სადაც დაიღუპა პედრო II), დაიპყრო ტულუზა (1215) და მონტობანი. ლატერანის საეკლესიო კრებამ (1215) რაიმუნდ VI მწვალებლად გამოაცხადა, ხოლო მისი სამფლობელო გადასცა სიმონ დე მონფორს, მაგრამ მონფორის მოკვლის შემდეგ (1218) ალბიგოელები შეტევაზე გადავიდნენ. მათ ხელმძღვანელობდა გრაფი რაიმუნდ VII (1222—1249), რაიმუნდ VI-ის შვილი. მეფე ლუი VIII (1223—1226). მეფის ჯარმა აიღო ავინიონი (1226) და სამხრეთ საფრანგეთის სხვა ქალაქები. პარიზის ზავით (1229) ლანგედოკი შეუერთდა საფრანგეთის დომენს. ტულუზუს საგრაფო გადაეცა საფრანგეთის მეფის ლუი IX-ის ძმას, ალფონს პუატიელს, რომელმაც ცოლად შეირთო რაიმუნდ VII-ის ასული. ალფონს პუატიელის უმემკვიდრეოლდ გარდაცვალების შემდეგ ტულუზის საგრაფო შეუერთდა საფრანგეთის მეფის დომენს (1271). 1229 წელს ინკვიზიციამ ალბიგოელები საბოლოოდ გაანადგურა. ალბიგოელების ნაწილი პიემონტში გაიქცა და ვალდენსებს შეუერთდა.

ლიტერატურა

რედაქტირება