კავკასიური ფრინტა (ლათ. Anemone caucasica) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლით — 5-20 სმ, მომრგვალო ან მოგრძო, ტუბერისებური ფესურით. ღერო წვრილია, რამდენიმე ფესვთანური გრძელყუნწიანი ფოთლით. ფოთლის ფირფიტა ორმაგადაა სამნაკვთიან სეგმენტად გაყოფილი. თითოეული სეგმენტი მოკლეყუნწიანია ან მჯდომარე. ყვავილი გრძელყუნწიანია — ლურჯი, ცისფერი ან თეთრი. იზრდება ტყეებში, ტყისპირებში, ბუჩქნარებში. საქართველოში გავრცელებულია, პრაქტიკულად, ყველგან დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს თითქმის მთელ კავკასიას. კავკასიის ენდემური მცენარეა.