კავთის წმინდა გიორგის ეკლესია (დიღომი)
არქიტექტურული ძეგლი საქართველოში
კავთის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თბილისის სოფელ დიღომში, სოფლის განაპირას, სამხრეთით, მთავარ გზასთან. აგებულია XIX საუკუნეში.
ეკლესია დარბაზულია, შვერილაფსიდიანი, ნაგებია ქვიშაქვითა და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. დასავლეთის კარი გაუქმებულია. ეკლესიას ექვსი თაღოვანი სარკმელი აქვს: ერთი აფსიდშია, ორ-ორი ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში, ერთი დასავლეთის კედელში, კარის თავზე. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს ნიშებია. დარბაზი ხის კონსტრუქციის ცილინდრული კამარითაა გადახურული. ინტერიერი შელესილია. იატაკზე მოგებულია თლილი ქვის კვადრები. დასავლეთის ფასადზე კარის არქიტრავს ასრულებს არქივოლტი. არქიტრავის ზევით, სწორკუთხა ქვაზე ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. ეკლესიას წრეთარგითა და ლილვით შედგენილი ლავგარდანი აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგობიანი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 277.