იძანაგი
იძანაგი (იაპონ. イザナギ, კოძიკის მიხედვით - 伊弉諾; ნიჰონ შოკის მიხედვით - 伊邪那岐; ასევე იწერება - 伊弉諾尊) არის ერთ-ერთი მთავარი კამი სინტოიზმში. კოძიკის მიხედვით მისი სახელი ითარგმნება — „კაცი, რომელიც იწვევს (პატიჟებს)“ ან იძანაგი-ნო-მიკოტო; ასევე იკითხება — იძანაგი-ნო-ოოკამი.
მის ცოლ და უმცროს დასთან, იძანამისთან ერთად, ბევრი კუნძული, კამი და იაპონელთა წინაპარი შექმნა. როდესაც მშობიარობისას იძანამი გარდაიცვალა, იძანაგიმ სცადა მისი იომიდან (მიწისქვეშეთი) ამოყვანა (უშედეგოდ). დაბრუნებულმა დაიწყო იომის ჭუჭყის ჩამობანვა, მისი მარცხენა თვალიდან გაჩნდა მზის ქალღმერთი ამატერასუ, მთვარის ღმერთი ცუკუიომი მარჯვენა თვალიდან და ქარიშხალთა ღმერთი — სუსანოო ცხვირიდან.