იული სტრაუმე
იული სტრაუმე (დ. 2 ივლისი, 1874, ვენდენი — გ. 1 ნოემბერი, 1970, რიგა) — ლატვიელი საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი, მხატვარი, პედაგოგი, საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებული ლატვიის რესპუბლიკის საკონსულოს თანამშრომელი.
იული სტრაუმე | |
---|---|
დაიბადა | 2 ივლისი, 1874 |
დაბადების ადგილი | ვენდენი |
გარდაიცვალა | 1 ნოემბერი, 1970 |
გარდაცვალების ადგილი | რიგა, ლატვია |
ეროვნება | ლიტველი |
სფერო | ეთნოგრაფი, მხატვარი, პედაგოგი, |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაამთავრა მიტავის (ამჟამად — ელგავა) გიმნაზია და სანქტ-პეტერბურგში არსებული ალ. შტიგლიცის ტექნიკური მხატვრობის ცენტრალური სასწავლებელი. კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მოავლინეს პარიზში, სადაც დაეუფლა ტექსტილის ხელოვნებას. 1907 წელს მხატვრად მოავლინეს თბილისში მოქმედ კავკასიის შინამრეწველობის (იმავე კუსტარულ) კომიტეტში. რუდუნებით აგროვებდა და სწავლობდა კავკასიელ ხალხთა დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს. მოპოვებული მასალა გადაეცემოდა კუსტარული კომიტეტის სახელოსნოებს, სადაც ხალხური შემოქმედების მიხედვით იქმნებოდა უნიკალური ნაწარმი: ხალიჩები, ნაქარგები, ქსოვილები, ჭურჭელი, საიუველირო ნაკეთობანი.
შექმნა უნიკალური ალბომები კავკასიური ხალიჩების ფერადი ჩანახატებითურთ, რომლის პირველი ტომიც გამოიცა. ალბომებში შემონახულია ასევე პირები მინიატიურებისა, რომლებიც შემორჩენილი იყო გელათის, ჯრუჭის და სხვა ეკლესია-მონასტრებში იმხანად დაცულ X-XI საუკუნეებით დათარიღებულ სახარებებში. მონაწილეობდა აკად. ნიკო მარის ხელმძღვანელობით მოწყობილ ქ. ანისის არქეოლოგიურ ექსპედიციაში (1912). კუსტარული კომიტეტის ეგიდით მონაწილეობდა საერთაშორისო გამოფენებში. აქტიური როლი შეასრულა გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის დაფუძნებაში, რომელიც თბილისში დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. მხატვარ ჰენრი რიკ ჰრინევსკისთან ერთად მოხატა სათავადაზნაურო ბანკი (თანამედროვე ეროვნული ბიბლიოთეკა). მისივე პროექტით შეიქმნა პირველი კარადები სამუზეუმო ექსპონატებისათვის, ამოკვეთილი კარები, ასევე წიგნების ვიტრინები.
თავის მეუღლესთან, ბელგიელ მარია-ელოიზა-ავგუსტა რონგვოსთან, ერთად მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება (1916). მსახურობდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში აკრედიტებულ ლატვიის რესპუბლიკის საკონსულოში. ლატვიის ვიცე-კონსულის მოვალეობას ასრულებდა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და იძულებითი გასაბჭოების შემდეგაც (1922 წლის 10 თებერვლამდე). ზრუნავდა საქართველოში მყოფ ლატვიელთა სამშობლოში დაბრუნებისათვის. 1923 წლის მიწურულს დაბრუნდა სამშობლოში, თუმცა შემოქმედებითი კავშირი საქართველოსთან და ქართველებთან სიცოცხლის ბოლომდე არ გაუწყვეტია. იყო ლატვიის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. 1963 წლის თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორმა, დავით ციციშვილმა, აღძრა საკითხი, რომ საქართველოს წინაშე დამსახურებისათვის იული სტრაუმესათვის დაენიშნათ პერსონალური პენსია. სტრაუმეს მხატვრული მემკვიდრეობის უდიდესი ნაწილი ინახება საქართველოს სახალხო და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმში, შალვა დადიანის ქუჩაზე № 28-ში.
2024 წელს, იული სტრაუმეს 150 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს ხელოვნების სასახლეში ღონისძიებები გაიმართა. მუზეუმის სკვერში, იული სტრაუმეს კორპუსის წინ საზეიმოდ გახსნა მისი ბიუსტი (მოქ. კახა არუნაშვილი). გამოიცა სამენოვანი კატალოგი „იული სტრაუმე“.[1]
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ნ., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 420-421.
- იული სტრაუმე თბილისში, თბ., 1999.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „ხელოვნების სასახლეში იული სტრაუმეს 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა“. imedinews.ge. 3 ივლისი, 2024. ციტირების თარიღი: 4 ივლისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=
და|date=
-ში (დახმარება)