იტალიის საექსპედიციო კორპუსი რუსეთში

იტალიის საექსპედიციო კორპუსი რუსეთში (იტალ. Corpo di Spedizione Italiano in Russia)იტალიის სამეფო არმიის საექსპედიციო კორპუსი, რომელმაც იბრძოლა მეორე მსოფლიო ომში, აღმოსავლეთის ფრონტზე. კორპუსის შექმნა ბენიტო მუსოლინის ბრძანებით მოხდა, რომელსაც ამით სურდა, თანადგომა გამოეცხადებინა გერმანიისთვის ოპერაცია ბარბაროსას წამოწყებისას.

იტალიელები რუსეთში, 1942 წელი.

იტალიური კორპუსის მეთაური იყო გენერალი ჯოვანი მესე, რომელიც მუდამ უკმაყოფილო იყო იტალიელთა აღჭურვილობითა და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ნაკლებობით, ასევე ზამთრისთვის შესაფერისი აღჭურვილობის უქონლობით.

თავდაპირველად იტალიელები ემორჩილებოდნენ მე-11 გერმანულ არმიას გენერალი ეუგენ რიტერ ფონ შობერტის სარდლობით. 1941 წლის აგვისტოში იტალიური კორპუსი შეუერთეს გერმანულ პირველ სატანკო დაჯგუფებას, რომელსაც ევალდ ფონ კლაისტი ხელმძღვანელობდა[1]. 1941 წლის 25 ოქტომბერს პირველ სატანკო დაჯგუფებას ეწოდა პირველი სატანკო არმია. იტალიური კორპუსი ამ არმიის შემადგენლობაში დარჩა 1942 წლის 14 აგვისტომდე, როცა ის მეჩვიდმეტე გერმანულ არმიას შეუერთდა. 1942 წლის ივლისში კორპუსი შეუერთეს უფრო დიდ, ახლად შექმნილ იტალიურ არმიას რუსეთში, როგორც ოცდამეთხუთმეტე კორპუსი.

იტალიური საექსპედიციო კორპუსი, რომელიც საბჭოთა კავშირში, კერძოდ, სამხრეთ რუსეთში, საბრძოლველად გაიგზავნა, ჩამოყალიბდა, როგორც მსუბუქი ქვეითებისა და ცხენოსნებისგან შემდგარი მობილური შენაერთი. მასში ირიცხებოდა დაახლოებით 3,000 ოფიცერი და 59,000 ჯარისკაცი, 5,500 მოტორიზებული სატრანსპორტო საშუალება, 220 საარტილერიო დანადგარი, 92 ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი, 83 აეროპლანი და 4,600 ცხენი და ჯორი.[2]

ბრძოლები რედაქტირება

 
იტალიელი ქვეითები გადაადგილდებიან ახალი პოზიციების დასაკავებლად, საბჭოთა კავშირი, 1942 წლის ზამთარი.

იტალიური კორპუსი გერმანელთა მიერ უკრაინაში სამხრეთ მიმართულებაზე წარმოებულ შეტევაში იღებდა მონაწილეობას. 1941 წლის აგვისტოში, მე-11 გერმანული არმიის შემადგნელობაში ყოფნისას, იტალიელები პირველად დაუპირისპირდნენ წითელ არმიას. ისინი დაედევნენ უკან დახეულ საბჭოელებს სამხრეთის ბუგსა და დნესტრს შორის. როცა მე-11 არმიას ოდესა ჰქონდა ალყაში მოქცეული, იტალიელები გერმანელთა პირველ სატანკო დაჯგუფებას მიამაგრეს და მათ წარმატებული ოპერაციები განახორციელეს: აიღეს ქალაქები და სხვა დასახლებული პუნქტები და გაიმარჯვეს პეტრიკოვკის ბრძოლაში, რომელიც ითვლება პირველ სერიოზულ შეტაკებად იტალიურ კორპუსსა და წითელ არმიას შორის მეორე მსოფლიო ომში. ამ ბრძოლაში იტალიელებმა წითელი არმია ალყაში მოაქციეს და 10,000 ჯარისკაცი დაატყვევეს, ასევე ხელში ჩაიგდეს დიდი რაოდენობით იარაღი და ცხენი.[3] თავის მხრივ, იტალიელებმა ამ ბრძოლაში 291 კაცი დაკარგეს.[4] ამ წარმატებების ფონზე იტალიელთა კორპუსის მიმართ გერმანელებს დადებითი დამოკიდებულება გაუჩნდათ.

1941 წლის ოქტომბერში იტალიურმა საექსპედიციო კორპუსმა და გერმანელთა 49-ე სამთო კორპუსმა აიღეს დიდი ინდუსტრიული ქალაქი სტალინო, ახლანდელი დონეცკი, წითელი არმიის ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად. 2 ნოემბერს იტალიელებმა აიღეს ქალაქი გორლოვკაც.[5]

იტალიურ კორპუსს უშუალო მონაწილეობა არ მიუღია ქალაქ ოდესის ალყასა და აღებაში, თუმცა ისინი იყვნენ ოდესის ტერიტორიის საოკუპაციო ძალების ნაწილი ქალაქის დაცემის შემდეგ. ზამთრის მოსვლასთან ერთად იტალიელები თავდაცვით პოზიციებზე გადაეწყვნენ და გერმანული პირველი სატანკო არმიის დახმარებით წითელარმიელთა კონტრშეტევაც მოიგერიეს.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Jowett, Philip S. The Italian Army 1940-45 (1): Europe 1940–1943. Osprey, Oxford - New York, 2000.
  • Messe, Giovanni. La guerra al fronte Russo. Il Corpo di Spedizione Italian (CSIR). Milano 1947 (იტალიურად)

სქოლიო რედაქტირება

  1. Messe, 1947. Faldella, 1959. Mack Smith, 1979
  2. Rolf-Dieter Muller. "The Unknown Eastern Front: The Wehrmacht and Hitler's Foreign Soldiers". March 27, 2014. გვ. 73
  3. Rolf-Dieter Muller. "The Unknown Eastern Front: The Wehrmacht and Hitler's Foreign Soldiers". March 27, 2014. გვ. 73
  4. Le operazioni delle unità italiane al fronte russo (1941–1943)", Italian Army Historical Branch, Rome, 1993, გვ. 102.
  5. Muller, გვ. 74