იტალიური არმია რუსეთში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იტალიური არმია რუსეთში (იტალ. Armata Italiana in Russia; ARMIR) — იტალიის სამეფო არმიის მე-8 არმია, რომელმაც იბრძოლა მეორე მსოფლიო ომში, აღმოსავლეთის ფრონტზე, საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. მე-8 არმიის შემადგენლობაში თავდაპირველად ირიცხებოდა 235 000 ჯარისკაცი.

იტალიური არმია რუსეთში
(იტალიური მე-8 არმია)
იტალიური არმია რუსეთში
იტალიელი ჯარისკაცები გადაადგილდებიან ახალი პოზიციების დასაკავებლად, 1942 წელი, საბჭოთა კავშირი.
აქტიური 1940-1943
ქვეყანა იტალიის სამეფო
ტიპი სახმელეთო არმია
რაოდენობა 235, 000
ნაწილი იტალიის სამეფო არმია
ბრძოლები მეორე მსოფლიო ომი
მეთაურები
მეთაური იტალო გარიბოლდი

ჩამოყალიბება

რედაქტირება

რუსეთში გასაგზავნი იტალიური არმია შეიქმნა მას შემდეგ, რაც იტალიელმა დიქტატორმა ბენიტო მუსოლინიმ გადაწყვიტა იტალიელთა წარმომადგენლობა გაეზარდა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ წარმოებულ ომში. ამისთვის საბჭოთა კავშირში უკვე გაგზავნილი იტალიის საექსპედიციო კორპუსი (იტალ. Corpo di Spedizione Italiano in Russia) შეუერთდა ახლად ჩამოყალიბებულ მე-8 არმიას. მობილური საექსპედიციო კორპუსის ნაცვლად, მე-8 არმია, ძირითადად, ქვეითთა ჯარად ჩამოყალიბდა, რომლის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენდნენ ალპინის (იტალიური სამთო ჯარები) წევრები. იმის მიუხედავად, რომ სამთო შენაერთებმა დიდი სიძლიერე შემატეს იტალიურ არმიას რუსეთში, მათი სპეციალიზაციიდან გამომდინარე, ისინი შეუსაბამო იყვნენ სამხრეთ რუსეთის უზარმაზარი დაბლობებისთვის, სადაც მთიანეთი საერთოდ არ იყო.

მე-8 არმიის შემადგენლობაში ასევე შედიოდა საჰაერო ძალებიც, რომელიც შედგებოდა შეზღუდული რაოდენობის მოიერიშე, ბომბდამშენი და სატრანსპორტო თვითმფრინავებისგან. იტალიური არმია რუსეთში ემორჩილებოდა გერმანული ჯარების B დაჯგუფებას, რომელსაც გენერალი მაქსიმილიან ფონ ვაიხსი მეთაურობდა. 1943 წლის თებერვალში, სტალინგრადის ბრძოლის შემდგომ, როცა იტალიელთა არმია თითქმის განადგურებული იყო, მუსოლინიმ მე-8 არმიის ნარჩენები დაშალა და უცერემონიოდ გამოიხმო შინ, იტალიაში.

შემადგენლობა

რედაქტირება

1942 წლის ნოემბრისთვის მე-8 იტალიური არმია შედგებოდა 235,000-ზე მეტი ჯარისკაცისგან, რომლებიც გადანაწილებული იყვნენ თორმეტ დივიზიასა და ოთხ ლეგიონში. მათ შეიარაღებაში შედიოდა 988 ქვემეხი, 420 ნაღმტყორცნი, 25,000 ცხენი და 17,000 ავტოსატრანსპორტო საშუალება.

იმის მიუხედავად, რომ იტალიელებს გადაეცათ თორმეტი ერთეული Panzer IV ტიპის გერმანული ტანკი და ხელში ჩაიგდეს რამდენიმე საბჭოთა ერთეულიც, მათ მაინც ძალიან მცირე რაოდენობის ტანკი და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი გააჩნდათ. თავად იტალიური წარმოების ტანკები, რომლებიც მე-8 არმიას ჰყავდა, მოძველებული მოდელები იყო. ამ მიზეზით, იტალიელთა განკარგულებაში მყოფი ტანკები და ტანკსაწინააღმდეგო იარაღები თავად მათი ეკიპაჟებისთვის უფრო სახიფათო იყო, ვიდრე მოწინააღმდეგისთვის.

 
იტალიელი სამხედროები რუსეთში, 1942 წლის ივლისი

იტალიური საექსპედიციო კორპუსის გენერალი ჯოვანი მესე გამუდმებით ითხოვდა ზამთრის შესაფერისი აღჭურვილობის მიწოდებას და მიანიშნებდა მათ სერიოზულ ნაკლებობაზე, ეს პრობლემა არც შემდგომ ფორმირებული იტალიური მე-8 არმიისთვის იყო უცხო. ჯარისკაცთა საბრძოლო შაშხანები და ტყვიამფრქვევებიც ხშირად გამოუსადეგარი, არასაიმედო და გაჭედვისკენ მიდრეკილი იყო. მკაცრი რუსული ზამთრის პირობებში იტალიელთა ძირითადი საბრძოლო შაშხანა Carcano და Breda 30 ტიპის ტყვიამფრქვევი ხშირად იჭედებოდა და მუშაობისთვის აუცილებელი იყო, რომ ისინი სითბოს წყაროსთან ახლოს დიდი ხნით ყოფილიყვნენ. Beretta 38A ტყვიამფრქვევები ბევრად მაღალი ხარისხის იყო და საიმედო იყო, თუმცა ის საბჭოთა კავშირში მყოფ იტალიელებს ძალიან იშვიათად ჰქონდათ არსენალში, ვინაიდან განკუთვნილი იყო მხოლოდ სპეციალური ჯგუფებისთვის, როგორიც იყო, მაგალითად, ფაშისტური პარტიის შავხალათიანთა რაზმები. მე-8 არმიას არ გააჩნდა ხელით გადასატანი ანტისატანკო დანადგარებიც, რაც მათ იძულებულს ხდიდა, საბჭოთა ტანკების წინააღმდეგ ხელყუმბარების, ტყვიამფრქვევებისა და ნაღმტყორცნების იმედად ყოფილიყვნენ, თუმცა ხშირი იყო ხელყუმბარების დეფექტიც და ისინი ან საერთოდ არ ფეთქდებოდა, ან გაურკვეველი დროის შემდეგ ახდენდა დეტონაციას. პრობლემები ჰქონდა ნაღმტყორცნის ჭურვებსაც, რომლებიც არასაკმარისი ფეთქებადი მასალით იყო დატენილი და ფრაგმენტირებისას არასაკმარისად იშლებოდა.

იტალიის საქესპედიციო კორპუსის მეთაური გენერალი ჯოვანი მესე ეწინააღმდეგებოდა იტალიელთა ძალების გაზრდას საბჭოთა კავშირში მანამ, სანამ ისინი კარგად არ შეიარაღდებოდნენ და აღიჭურვებოდნენ, ამიტომ მუსოლინიმ მესე საერთოდ დაითხოვა და მის მაგივრად ახლადშემქნილი არმიის გენერლად დაინიშნა იტალო გარიბოლდი. გარიბოლდი მანამდე იტალიური ლიბიის გუბერნატორ-გენერალი იყო და მას ხშირად აკრიტიკებდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში გერმანელთა მიმართ ზედმეტი მორჩილების გამო.

ძირითადი ოპერაციები

რედაქტირება
 
სამთო ქვედანაყოფი ალპინის წევრები რუსული რასპუტიცას (ნალექის სეზონი, რომელსაც თან სდევს გრუნტის გზების ატალახება) წინააღმდეგ.

1942 წლის გვიან ზაფხულში, აღმოსავლეთი უკრაინის დაპყრობაში მონაწილეობის მიღების შემდეგ, მაღალი მობილურობით გამორჩეულმა იტალიელმა ბერსალიერებმა გაანეიტრალეს წითელი არმიის გამაგრებული პოზიციები სერაფიმოვიჩთან, მდინარე დონზე. შემდეგ კი გერმანული ტანკების მხარდაჭერით იტალიელებმა მოიგერიეს საბჭოთა ჯარების იერიშები დონის ბრძოლის პირველ ფაზაში.[1]

სტალინგრადის ბრძოლისას საბჭოელების მიერ წამოწყებული ოპერაცია პატარა სატურნი მიზნად ისახავდა იტალიელთა მე-8 არმიის სრულ განადგურებას. 1942 წლის დეკემბერში იტალიელები სწორად ამ ოპერაციის ქარცეხცლში აღმოჩნდნენ.

 
მკაცრი ზამთრით დაზარალებული იტალიელები უკან იხევენ.
 
იტალიელები ნიკიტოვკაში უკან დახევესისას, 1943 წელი.

11 დეკემბერს საბჭოთა 63-ე არმიამ, რომელსაც T-34 ტანკები და ავიაცია უჭერდა მხარს, იტალიელთა ყველაზე სუსტ სექტორს დაარტყა. იტალიელი დამცველები მომხდურზე 9-ჯერ ნაკლები იყვნენ, თუმცა მათ შეძლეს პოზიციების დაცვა 19 დეკემბრამდე, სანამ მათ მეთაურებისგან მიიღეს ბრძანება, პოზიციები დაეტოვებინათ.[2] მხოლოდ შობამდე მოხერხდა ამ იტალიური დივიზიების ბოლომდე დამარცხება და მათი უკანდახევა.

ამასობაში, 1942 წლის 17 დეკემბერს, საბჭოთა 21-ე არმიამ და მე-5 სატანკო არმიამ შეუტია და დაამარცხა რუმინელთა ჯარების ნარჩენები, რომლებიც იტალიელთა მარჯვენა სექტორზე იდგნენ. ამავდროულად საბჭოთა მე-3 სატანკო და მე-40 არმიებმა იტალიელთა მარცხნივ მდგარ უნგრელებს დაარტყეს. ამ ორმა შეტევამ გამოიწვია სტალინგრადის ჩრდილოეთით ღერძის ძალების კოლაფსი, იტალიელთა მე-8 არმია ალყაში მოექცა. უზარმაზარი დანაკარგების ფონზე იტალიელებმა რამდენიმე დღით მოახერხეს საბჭოთა არმიის შეტევის შეჩერება.

საბჭოთა 1-მა გვარდიამ შეუტია იტალიელთა ცენტრს. თერთმეტდღიანი ბრძოლის შემდეგ რიცხობრივად ბევრად მეტი წითელარმიელის წინააღმდეგ იტალიელთა დივიზიები ალყაში მოექცნენ და დამარცხდნენ.

 
დატყვევებული იტალიელები, აღმოსავლეთის ფრონტი, 1943 წელი.

1943 წლის 14 იანვარს, მცირე პაუზის შემდეგ, მე-6 საბჭოთა არმიამ იტალიელთა სამთო კორპუსის ალპინის დივიზიებს შეუტია. ალპინის დივიზიები იტალიელთა ფლანგის მარცხენა ნაწილზე იყვნენ დისლოცირებული და ამ დრომდე ბრძოლისგან საკმაოდ შემონახულნი იყვნენ, თუმცა მათი პოზიცია კრიტიკული გახდა იტალიელთა ცენტრის, მარჯვენა ფლანგისა და მარცხენა სექტორზე უნგრელთა კოლაფსის შემდეგ. შეტევამ ალპინის ორი დივიზია გაანადგურა. ალპინის პირველმა პოლკმა პოლკის დროშები დაწვა, რათა ისინი საბჭოელებს არ ჩავარდნოდათ ხელში. იტალიელთა გარკვეულმა ნაწილებმა მოახერხეს ალყისგან თავის დაღწევა.

27 იანვარს ალპინის ნარჩენებმა, რომლებიც წითლების ალყაში იყვნენ, გაარღვიეს მტრის რიგები და მიაღწიეს დასავლეთით მდებარე გერმანელების მიერ მოწყობილ ახალ თავდაცვით ხაზს. ამ იტალიელთაგან ბევრს აღენიშნებოდა მოყინული კიდურები, მძიმე ავადმყოფობა და უკიდურესი დემორალიზება. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, 1943 წლის თებერვლისთვის იტალიური არმია რუსეთში უბრალოდ აღარ არსებობდა.

 
„იტალიელთა მონაწილეობა რუსეთში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მათ ძვირად დაუჯდათ. მე-8 არმიის დანაკარგები 1942 წლის 20 აგვისტოდან 1943 წლის 20 თებერვლამდე შეადგენდა 87,795 მოკლულსა და უგზო-უკვლოდ დაკარგულს და 34,474 დაჭრილსა და კიდურებმოყინულს. 1943 წლის მარტ-აპრილში მე-8 არმიის ნარჩენები დაბრუნდნენ იტალიაში დასვენებისა და რეორგანიზაციისთვის. 1943 წლის სექტემბერში იტალიის დანებების შემდეგ, მე-8 არმია დაიშალა.[3]

ოფიციალური წყაროს მიხედვით, საბჭოთა კავშირში გაგზავნილი 235,000 ჯარისკაციდან იტალიელებმა 114,520 დაკარგეს.[4]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Italian Ministry of Defence, 1977a. Valori, 1951
  2. Paoletti, Ciro (2008). A Military History of Italy. Westport, CT: Praeger Security International. გვ. 177.
  3. ARMIR losses, according to Shawn Bohannon
  4. Alfio Caruso. Tutti i vivi all'assalto, Longanesi, 2003.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Fellgiebel, Walther-Peer (2000). Die Träger des Ritterkreuzes des Eisernen Kreuzes 1939–1945 – Die Inhaber der höchsten Auszeichnung des Zweiten Weltkrieges aller Wehrmachtsteile [The Bearers of the Knight's Cross of the Iron Cross 1939–1945 — The Owners of the Highest Award of the Second World War of all Wehrmacht Branches] (in German). Friedberg, Germany: Podzun-Pallas.
  • Jowett, Philip S. The Italian Army 1940–45 (1): Europe 1940–1943. Osprey, Oxford – New York, 2000.
  • Mollo, Andrew (1981). The Armed Forces of World War II. New York: Crown.
  • Hamilton, H. Sacrifice on the Steppe. Casemate, 2011.