ისიდორე გვარჯალაძე

ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი (1898–1983)

ისიდორე გვარჯალაძე (დ. 15 მაისი, 1898, სოფ. გონებისკარი, ოზურგეთის მაზრა, — გ. 12 იანვარი, 1983, თბილისი) — ქართველი ენათმეცნიერი, ლექსიკოგრაფი. პროფესორი (1961), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1964).

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა გლეხის, სილოვან გვარჯალაძის ოჯახში. მის დედას ერქვა ვარდო. ჰყავდა და-ძმები: მიხაკო, გიორგი, დიმიტრი, თამარი და თევდორე. 1912 წელს დაამთავრა შემოქმედის ორკლასიანი სასწავლებელი. გადავიდა თბილისში, ცხოვრობდა რკინიგზის ნაფიც ვექილ ვასილ თუმანიშვილთან და სწავლობდა აფთიაქის შეგირდის კურსებზე, რომელიც დაასრულა 1913 წელს. სამი თვის განმავლობაში მუშაობდა ტრაპიზონში რუსეთის იმპერიის კონსულის მოსამსახურედ. კონსულის დახმარებით იშოვა ბილეთი და გაემგზავრა ნიცაში. ნიცაში ის ცხოვრობდა ოზურგეთელი მიხეილ თუმანიშვილის ოჯახში და მუშაობდა მის აფთიაქში, პარალელურად, სწავლობდა ფრანგულს. 1916 წლის შემოდგომაზე პირველი მსოფლიო ომის გამო საფრანგეთში საყოველთაო მობილიზაცია მიმდინარეობდა, რის გამოც გვარჯალაძემ გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნებულიყო. სამშობლოში დაბრუნებული გვარჯალაძე გაწვეულ იქნა რუსეთის იმპერიის არმიაში და 1917 წლის იანვარსა და თებერვალში მსახურობდა კავკასიის ფრონტზე. სამხედრო სამსახურის შემდეგ მუშაობა დაიწყო თბილისში.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა უმაღლესი კურსების ფრანგული (1927) და ინგლისური (1931) ენების განყოფილებები. 1927 წლიდან მუშაობდა თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1931 წელს მუშაობა დაიწყო თბილისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში. 1932 წელს დააპატიმრეს ორი თვით. 1937 წელს დახვრიტეს მისი უმცროსი ძმა, ინჟინერი, ზაკენერგოს მმართველი და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორი გიორგი გვარჯალაძე. ამის გამო დაითხოვეს სამსახურიდან და პერიოდულად იბარებდნენ საგამოძიებო უწყებაში. მეორე მსოფლიო ომის დროს გაიწვიეს ამიერკავკასიის ფრონტზე, სადაც მსახურობდა მთავარი პოლიტიკური სამმართველოს VII განყოფილებაში ინსტრუქტორ-ლიტერატორად საინტენდანტო სამსახურის მაიორის ჩინით.

1947–1952 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის ახალდაარსებული კათედრის გამგე. 1948–1952 წლებში დაინიშნა ახალდაარსებული უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორად სასწავლო სამეცნიერო ნაწილში. 1948 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ქართულ-ფრანგული ლექსიკონი და მისი შედგენის პრინციპები“. მიუხედავად პრორექტორად დანიშვნისა, ხელისუფლებამ არ გამოუყო საცხოვრებელი ბინა. ამიტომ გადადგა პრორექტორობიდან, დასთან, დოცენტ თამარ გვარჯალაძესთან ერთად დაასრულა მუშაობა დიდ ინგლისურ-ქართულ ლექსიკონზე და ლექსიკონის გამოცემით მიღებული შემოსავლით მოაგვარა საბინაო პრობლემა. 1961–1966 წლებში ისევ მუშაობდა უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის პრორექტორად. 1966–1983 წლებში — პროფესორ–კონსულტანტი. დაჯილდოებული იყო იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიით (1979). ეკუთვნის მრავალი ნაშრომი ლექსიკოლოგიისა და უცხოურ ენათა სწავლების მეთოდიკის სფეროში, ლექსიკონები.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • ინგლისურ-ქართული და ქართულ-ინგლისური ლექსიკონი (შემდგენელი). - თბილისი, საქართველოს მაცნე, 2003.
  • Englishs Proverbs and Sayings : ინგლისური ანდაზები და ხატოვანი თქმანი ქართულ-რუსული თარგმანითა და შესატყვისებით (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1970.
  • ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა (ავტორი). - თბილისი, საქ. სსრ პოლიგრ. და გამომც. სტ. N2, 1948.
  • ქართულ-ფრანგული ლექსიკონი (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1946.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 605.
  • გაზეთი „თბილისი,“ 18 აპრილი, 1989