იოსებ (სოსო) ივანიძე

მსახიობი, მწერალი, რეჟისორი
ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

იოსებ (სოსო) გიორგის ძე ივანიძე (დ. 1 სექტემბერი, 1874, თბილისი — გ. 2 ოქტომბერი, 1918) — ქართველი მსახიობი, მწერალი, რეჟისორი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

იოსებ ივანიძე დაიბადა 1874 წლის 1 სექტემბერს თბილისში. 1897 წელს, სააგიტაციო მიზნით, ქართული წიგნის სავაჭრო გახსნა. იყო მამულიშვილური იდეით გატაცებული, სამშობლოს კულტურულ-საზოგადოებრივი წინსვლის დაუცხრომელი პროპაგანდისტი და ტრიბუნი.

1899 წელს იოსებ ივანიძემ ქართულ სცენაზე დაიწყო მოღვაწეობა. იგი იყო ცნობილი დეკლამატორი, ქართულ მწერლობაში აკაკის სკოლის მიმდევარი, ხოლო სცენაზე მისი ინსპირაცია ვალიერიან გუნია იყო. ითვლებოდა თვალსაჩინო, ქართული სცენის ორიგინალურ მსახიობად, განსაკუთრებით, მოხუცი მამების საუკეთესო განმასახიერებლად. მან ითამაშა ედგარი „მეფე ლირში“, თომას ლეერი „დამნაშავეა?!“-ში, სიმონ ლიონიძე „სამშობლოში“, ოთარ ბეგი „ღლატში“, გელა „პატარა კახში“, როტმისტრი „ სამხრეთ ბანაკში“, პეპო „პეპოში“ და სხვა როლები.

მე-19 საუკუნის 90-იან წლებში იოსებ ივანიძე გახდა ხელნაწერ ჟურნალ „თარის“ ერთ-ერთი მონაწილე, ჟურნალ „კვალის“ ერთ-ერთი პირველი გამავრცელებელი და თანამშრომელი, სადაც ათავსებდა მამულიშვილურ და სამოქალაქო ჰანგით გაჟღენთილ ლექსებს, რომლებითაც თანამემამულეების სამშობლოს სიყვარულისა და ჭეშმარიტების სამსახურისაკენ მოუწოდებდა. მას დარჩა ხელნაწერი პიესა „ქართველები“ და პოემა „თეონა“.

1911 წლიდან ავლაბრის სახალხო თეატრს ჩაუდგა სათავეში, იყო ამ თეატრის სულისჩამდგმელი და რეჟისორი. 1917 წლიდან იოსებ ივანიძე იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების ცხოვრებაში.

იოსებ ივანიძე გარდაიცვალა 1918 წლის 23 ოქტომბერს და დაკრძალულია თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება