იოსებ და ზელიხა
„იოსებ და ზელიხა“ (სპარს. یوسف و زلیخا, იუსუფ ო ზელიხა) — მშვენიერი იოსების ბიბლიური, შემდგომ კი ყურანის მე-12 სურაში გადმოცემული ლეგენდა, რომელიც საფუძვლად დაედო მრავალ აღმოსავლურ ლიტერატურულ ვერსიას. ჩვენამდე მოღწეულთაგან ყველაზე ადრინდელია ფირდოუსის სახელით ცნობილი პოემა, რომელშიც წინა პლანზე იოსების თავგადასავალია წამოწეული.
ვრცელი რომანული პოემა შექმნა ამ თემაზე ჯამიმ. აქ იოსებთან ერთად მთავარი მოქმედი პირია ზელიხა. ჯამის ვერსიის მაღალმხატვრულობა მრავალრიცხოვანი მიმბაძველების გაჩენის მიზეზი გახდა (ბადრი, სალემი, ნაზემი, ჰაზაყი და სხვ.). ცნობილია თურქული (ალი, დურბექი, ჰამდი ჩელები), აზერბაიჯანული, უზბეკური, არაბული და ქურთული როგორც პოეტური, ისე პროზაული რედაქციები. XVI–XVII საუკუნეებს განეკუთვნება ორი ქართული ვერსია — ე. წ. ზაალისეული და თეიმურაზისეული „იოსებზილიხანიანი“. აღმოსავლურ ვერსიებს უკავშირდება ნაზიმ ჰიქმეთის პიესა „იოსებ მშვენიერი“ და, ნაწილობრივ, თომას მანის რომანი „იოსები და ძმანი მისნი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვახარია ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 202.
- გვახარია ა., „იოსებზილიხანიანის“ აღმოსავლური ვერსიები, კრ., ჯამი, თბ., 1964.