სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.

იოანე ბოლქვაძე (დ. XVIII ს., ხულო ― გ. XIX, ხულო) ― ერთ-ერთი ბოლო ქართველი ქრისტიანი სასულიერო პირი ზემო აჭარაში.

მღვდელი იოანე ბოლქვაძე მოღვაწეობდა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში, ხულოში. მას შემდეგ რაც ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო აჭარა რეგიონში რთული ვითარება შეიქმნა. იმპერიის წნეხი განსაკუთრებით შეეხო თავად-აზნაურობას და სასულიერო ფენას.

 
„მალე თავად აზნაურიც შეისყიდეს და თავადობაც და აზნაურობაც მოსპეს. თავადებს ბეგობა მისცეს, აზნაურებს - აღობა; სხვა-და-სხვა საჩუქრებით მოინადირეს და აღუთქვეს: რამდენს კაცსაც გაათათრებთ, იმდენს ალთუნს მიიღებთო (10 მან) თავად აზნაურობის გათათრების შემდეგ სამღვდელოებას მიჰყვეს ხელი და დაუწყეს გათათრება, მაგრამ სამღვდელოებამ დიდხანს იმაგრა თავი, ბოლო-კი მოაკლდათ ძალა და ზოგი გათათრდა და ზოგნი ქართლ-იმერეთში გადაიხვეწნენ.“

აჭარაში ოსმალების გაბატონების შემდეგ, მღვდელი იოანე იყო ერთ-ერთი ბოლო ქრისტიანი ხულოელი, რომელმაც შეინარჩუნა სარწმუნოება და გარდაცვალებამდე მღვდლად მსახურობდა ხულოში. მღვდელი იოანეს ერთ-ერთმა შვილმა მიიღო ისლამი, გულდაწყვეტილ მამას შვილისათვის უთქვამს:

 
„ჩვენს წინაპრებს ნასწავლებს ეძახდნენ და ყველანი მღვდლები ყოფილან. რაკი, შვილო ძველი რჯული უარყავი, იმდენი ისწავლე, რომ წინაპართა სახელი მაინც შეგრჩესო.“

გამაჰმადიანებული შვილი მამის ნებას დაჰყოლია და ისე განსწავლულა, რომ თურქებს ყადობა მიუციათ. პირველი ყადი ბოლქვაძეების გვარში ის იყო. მღვდელი იოანე ბოლქვაძის გამაჰმადიანებული შვილის შთამომავლებს ეწოდათ ყადიოღლები (ყადის შვილები) ხოლო მათ სოფელს - ყადიოღლი.

ლიტერატურა

რედაქტირება