ინჯაზი (არაბ. إنجاز ქართ. „მიღწევა“) — მსოფლიოში პირველი კლონირებული ერთკუზიანი აქლემი, რომელიც დაიბადა 2009 წლის 8 აპრილს[1] [2]. არაბთა გაერთიანებული საამიროების დუბაის აქლემების რეპროდუქციის ცენტრის დოქტორმა, ვეტერინარმა და ემბრიოლოგმა ნისარ ახმად ვანიმ 2009 წლის 14 აპრილს გამოაცხადა, რომ გაურთულებელი გესტაციის 378 დღის შემდეგ დაიბადა კლონირებული აქლემი[3]. კლონირების სამეცნიერო პროექტს პერსონალურ მხარდაჭერასა და ფინანსურ დახმარებას უწევდა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრი მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმი, ვიცე პრეზიდენტი და დუბაის ამირა[3][4]. აქამდე ემირატებში აქლემის კლონირების რამდენიმე წარმუმატებელი მცდელობა იყო[4].

მსოფლიოში პირველი კლონირებული აქლემი ინჯაზი, დუბაის აქლემების რეპროდუქციის ცენტრი, 14.04.2009. (AP დაარქივებული 2009-04-18 საიტზე Wayback Machine. )

ინჯაზი წარმოიშვა ზრდასრული, 2005 წელს სახორცედ დაკლული აქლემის საკვერცხის უჯრედებიდან[4]. უჯრედებს ამრავლებდნენ ქსოვილოვან კულტურაში და შემდეგ ყინავდნენ თხევად აზოტში[3]. ამის შემდეგ, ერთ-ერთი უჯრედი მიკროინექციის მეთოდით შეიყვანეს სუროგატი აქლემის კვერცხუჯრედის ბირთვში. სუროგატი აქლემი ჯერ აღაგზნეს ელექტოდენით და შემდეგ უჯრედის დაყოფის სტიმულირება მოახდინეს ქიმიურად. ერთი კვირის კულტურიდან მიღებული ემბრიონის იმპლანტაცია მოხდა სუროგატი დედალი აქლემის საშვილოსნოში (ურეთრაში). 12 დღის შემდეგ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის საშუალებით დადასტურდა სუროგატი აქლემის ორსულობა, რომლის მონიტორინგი მთელი გესტაციური პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა[3]. ინჯაზის დაბადების შემდეგ, მისი დნმ-ი გამოიკვლიეს დუბაის მოლეკულური ბიოლოგიისა და გენეტიკის ლაბორატორიაში. დნმ-ის ტესტმა აჩვენა, რომ ინჯაზის დნმ და საკვერცხის საექსპერიმენტო უჯრედების დნმ იდენტურია, რითაც დადასტურდა, რომ ინჯაზი სწორედ ამ საექსპერიმენტო კვერცხუჯრედებიდან წარმოშობილი კლონია[3][4].

აქლემის დოღი ძალიან შემოსავლიანი ბიზნესია ემირატებში[5]. ცენტრის სამეცნიერო დირექტორმა, დოქტორმა ლულუ სკიდმორმა განაცხადა, რომ აქლემის კლონირება სამომავლოდ საშუალებას მოგვცემს გადავარჩინოთ ელიტარული სადოღე და სარძევე აქლემების ძვირფასი გენოფონდი[4].

  1. „Scientist: First cloned camel born in Dubai“. The Associated Press. 14.04. 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-18. ციტირების თარიღი: 2009-04-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Erstes geklontes Kamel geboren Sueddeutsche & FOCUS[მკვდარი ბმული]
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 „World's 1st cloned camel born in Dubai“. Kuwait News Agency. 14.04.2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20.04.2009. ციტირების თარიღი: 17.04.2009. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=, |date=, და |archivedate=-ში (დახმარება)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 Spencer, Richard (14.04. 2009). „World's first cloned camel unveiled in Dubai“. Telegraph.co.uk. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  5. Wigglesworth, Robin; James Drummond (16.04. 2009). „Cloned camel promises hope for racegoers“. The Financial Times. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)