ილოილოს პროვინცია

(გადამისამართდა გვერდიდან ილოილო (პროვინცია))

ილოილოს პროვინცია (ტაგ: Lalawigan ng Iloilo) — ფილიპინების ერთ-ერთი პროვინცია. მდებარეობს დასავლეთი ვისაიასის რეგიონში. პროვინციის დედაქალაქია ილოილო. ილოილო ვისაიასის კუნძულ პანაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. დასავლეთიდან მას ანტიკე ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — კაპისი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ჯინტოტოლოს არხი, აღმოსავლეთიდან — გუიმარასის სრუტე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან — ილოილოს სრუტე და პანაის ყურე.

ილოილო
გერბი

ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
ადმ. ცენტრი ილოილო
შიდა დაყოფა ილოილო, Passi, ახუი, ალიმოდიანი, ანილაო, ბადიანგანი, ბალასანი, ბანატე, ბაროტაკ-ნუევო, ბაროტაკ-ვიეხო, ბატადი, ბინგავანი, კაბატუანი, კალინოგი, კარლესი, კონსეპსიონი, დინგლე, დუენიასი, დუმანგასი, ესტანსია, გიმბალი, იგბარასი, ხანიუაი, ლამბუნაო, ლეგანესი, ლემერი, ლეონი, მაასინი, მიაგაო, მინა, ახალი ლუსენა, ოტონი, პავია, პოტოტანი, სან-დიონისიო, სან-ენრიკე, სან-ხოაკინი, სან-მიგელი, სან-რაფაელი, სანტა-ბარბარა, სარა, ტიგბაუანი, ტუბუნგანი და სარაგა
კოორდინატები 11°00′00″ ჩ. გ. 122°40′00″ ა. გ. / 11.00000° ჩ. გ. 122.66667° ა. გ. / 11.00000; 122.66667
მმართველი Arthur Defensor Jr.
დაარსდა 1566
ფართობი 5000.83 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 2 051 899 (1 მაისი, 2020)[1]
სასაათო სარტყელი UTC+8
სატელეფონო კოდი 33
საფოსტო ინდექსი 5000–5043
ოფიციალური საიტი http://iloilo.gov.ph/
300
300

წარსულში ილოილოს პროვინციის შემადგენლობაში კუნძული-პროვინცია გუიმარასიც შედიოდა, რომელიც დღეს დამოუკიდებელი პროვინციაა. პანაის ყურისა და გუიმარასის სრუტის მიღმა დასვლეთი ნეგროსი მდებარეობს, რომელიც კუნძულ ნეგროსის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს იკავებს. პროვინციის დედაქალაქი, ილოილო გეოგრაფიულად პროვინციის შემადგენლობაშია მოქცეული, მაგრამ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. 2015 წლის აღწერით, პროვინციის მოსახლეობა (პროვინციული დედაქალაქის მოსახლეობის გამოკლებით) 1 936 423 ადამიანს, ხოლო ქალაქ ილიოილოს მოსახლეობასთან ერთად 2 361 042 ადამიანს შეადგენს.

 
ძველი საკათედრო ტაძარი ოტონში, რომელიც 1948 წლის მიწისძრის დროს განადგურდა

პანაისა და ილოილოს შესახებ წინაესპანური ხანის დროინდელი ცნობები არ არის შემორჩენილი. მხოლოდ მცირე რაოდენობით სახალხო თქმულებებია შემორჩენილი. გამორჩეული ეპოსები ფილიპინელ ანთროპოლოგს, ფელიპე ჯოკანოს აქვს შეგროვილი.[2]

ილოილოში წინაესპანური ხანის არქეოლოგიური ნიმუშები არ არის აღმოჩენილი, თუმცა პედრო ალკანტარა მონტეკლაროს მიერ 1907 წელს გამოცემულ ნაშრომში მარაგტასი პროვინციის შესახებ ცნობებია შემონახული, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებრივი ჩანასახები კუნძულზე ესპანელების ჩასვლამდე არსებობდა. წიგნი ზეპირ და წერილობით წყაროებზე დაყრდნობითაა შექმნილი, თუმც მონტეკლაროს მონათხრობისა და ისტორიული ფაქტების შესაბამისობა ბოლომდე დამტკიცებული არ არის.[3][4]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
ილოილოს პოლიტიკური რუკა

პროვინციის ფართობი 5 000.83 კმ²-ია. ის პანაის კუნძულის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილებს მოიცავს. პროვინცია დასავლეთ ვისაიასის რეგიონის შემადგენლობაში შედის. პროვინციული დედაქალაქის ჩათვლით ილოილოს ფართობი 5 079.17 კმ²-ია. ილოილოს დასავლეთიდან ანტიკე ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან — კაპისი, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან — ჯინტოტოლოს არხი, აღმოსავლეთიდან — გუიმარასის სრუტე, ხოლო სამხრეთ-დასავლეთიდან — ილოილოს სრუტე და პანაის ყურე.

პროვინცია ორ გეოგრაფიულ რეგიონად იყოფა: ცენტრალური პანაის მთიანეთი დასავლეთ ნაწილში მდებარეობს, ხოლო დაბლობი ვაკეები პროვინციის ფართო ნაწილს მოიცავს. ილოილოს ჩრდილოეთით მდებარე პატარ-პატარა კუნძულები: პან-დე-აზუკარი, სიკოგორი და ა.შ. პროვინციის შემადგენლობაში შედის. ილოილოს უმაღლესი მწვერვალია ბალოის მთა, რომელიც ზღვის დონიდან 1 958 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ის ილოილოს, კაპისისა და ანტიკეს საზღვარზე მდებარეობს. პროვინციის სხვა უმაღლესი მწვერვალებია: ლიორენტეს მთა (1 344 მ), სანსანანის მთა (1 286 მ), ნაპულაკის მთა (1 248 მ) და ბალაბაგის მთა (1 136 მ).

ილოილოს პროვინცია 41 მუნიციპალიტეტსა და ორ ქალაქს (ერთი შემადგენელი და ერთიც მაღალურბანიზებული) მოიცავს.

დემოგრაფია

რედაქტირება

2015 წლის აღწერით ილოილოს მოსახლება 1 936 423 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი 390 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე. მაღალურბანიზებული ქალაქის, ილოილოს ჩათვლის შემთხვევაში პროვინციის მოსახლეობა 2 361 042 ადამიანს შეადგენს, ხოლო მოსახლეობის სიმჭიდროვე 465 ადამიანია 1 კვ. კმ-ზე.

ილოილოს პროვინციის მკვიდრებს ილონგებს უწოდებენ. პროვინციის მოსახლეობას სამი მშობლიური ენა აქვს: ილონგოს ენა, კინარაია და კაპისნონი. ჰილიგაინონსა და მის დიალექტებზე დედაქალაქ ილოილოსა და პროვინციის ზოგიერთ სხვა ქალაქში, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში საუბრობენ. ტაგალური და ინგლისური ენა ფართოდ გამოიყენება ადმინისტრაციულ, საგანმანათლებლო და კომერციულ საქმიანობაში.

 
ილოილოს პროვინციის ძველი კაპიტოლიუმის შენობა

ილოილოს მოსახლეობის 87% რომის კათოლიკური ეკლესიის მიმდევარია. მოსახლეობის ნაწილი სხვა პროტესტანტული სექტის მიმდევარია: პრესვიტერიანელები, აგლიპაიანური ეკლესიის მიმდევრები, ბაპტისტები, მეტოდისტები, მეშვიდე დღის ადვენტისტები და ევანგელისტი ქრისტიანები. მოსახლეობის უმცირესობას ქრისტეს ეკლესიის, უკანასკნელი დღის იესო ქრისტეს ეკლესიის მიმდევრები და იეჰოვას მოწმეები, ბუდისტები და ინდუისტები შეადგენენ.

ილოილოს საქმიან ნაწილში ესპანური არქიტექტურის გავლენა შეიმჩნევა. ანტიკურ ხანაში ილონგებთან ინდონეზიელები, მალაიზიელები და ვიეტნამელები ვაჭრობდნენ, ხოლო შემდეგ ინდოელები, არაბები, ჩინელები, კორეელები და იაპონელები. ესპანელთა ჩამოსვლის შემდეგ მმართველმა წრეებმა უცხოელ ვაჭრებს ილოილოსთან ვაჭრობის უფლება დართეს, თუმცა პროვინციაში უცხოელებს მიწის ფლობის უფლება არ ჰქონდათ. ილონგების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული პროვინციის დაარსების აღსანიშნავი ფესტივალია. ილოილოს პროვინციის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს საკუთარი რელიგიური დღესასწაული აქვს, რომელსაც ყოველწლიუურად აღნიშნავენ. ილოილოში ფილიპინების ორი კულტურული უმცირესობა: სულოდ-ბუკიდნონისა და ატის ტომები ცხოვრობს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 2020 Census of Population and Housing (2020 CPH) Population Counts Declared Official by the PresidentPhilippine Statistics Authority, 2021.
  2. Jocano, Felipe Landa (2000). Hinilawod: Adventures of Humadapnon Tarangban I. Quezon City: Punlad Research House, Inc.. ISBN 971-622-010-3. 
  3. Ma. Cecilia Locsin-Nava (2001). History & Society in the Novels of Ramon Muzones. Ateneo de Manila University Press, გვ. 46. ISBN 978-971-550-378-5. 
  4. Originally titled Maragtás kon (historia) sg pulô nga Panay kutub sg iya una nga pamuluyö tubtub sg pag-abut sg mga taga Borneo nga amó ang ginhalinan sg mga bisayâ kag sg pag-abut sg mga Katsilâ, Scott 1984, p. 92–93, 103