ილია ოქრომჭედლიშვილი
ილია ლაზარეს ძე ოქრომჭედლიშვილი (სერებრიაკოვი, ოქრომჭედელი) (დ. 24 აპრილი, 1838, სიღნაღი — გ. 3 იანვარი, 1898, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი, ქველმოქმედი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაობოლი ბავშვი თბილისში ჩამოიყვანეს და შეგირდად სავაჭრო დუქანში მიაბარეს. აქედან მოყოლებული, რასაც მიაღწია, მიაღწია დაუცხრომელი შრომით. აი რას ამბობდა მის შესახებ ილია ჭავჭავაძე: „რაც დრო შესწევდა, თვითონ შეუდგა წიგნების კითხვასა და სწავლას; არც მასწავლებელი ჰყოლია, არც ხელმძღვანელი, არც სადმე სასწავლებელი ჰღირსებია. თავისით გაიხსნა გონება იმდენად, რომ ყურადრება მიიქცია მაშინდელ ქართველ ყმაწვილკაცობისა“. ნიჭიერ ახალგაზრდას შეუგროვეს ფული და 1860 წელს პეტერბურგში გაგზავნეს. აქ ნიჭიერმა და შრომის მოყვარე ყმაწვილმა ექსტერნად ჩააბარა გამოცდები, მიიღო გიმნაზიის დამთავრების ატესტატი და ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე. 1868 წელს ი. ოქრომჭედლიშვილმა დაამთავრა უნივერსიტეტის ქართულ-სომხური განყოფილება და წარდგენილი ნაშრომისათვის „თემურ ლენგის ლაშქრობა საქართველოში“ მიენიჭა კანდიდატის ხარისხი. გამოჩენილი მეცნიერის დავით ჩუბინაშვილის რეკომენდაციით მუშაობა დაიწყო მოსკოვის ლაზარევის ინსტიტუტში ქართული ენის მასწავლებლად, შემდეგ მოსკოვის უნივერსიტეტში ქართული ენის კათედრის დოცენტად.
ილია ოქრომჭედლიშვილი გამოირჩეოდა მედსენატობითაც. მან დიდი დახმარება გაუწია გიგო გაბაშვილს, მოსე თოიძეს, ალექსანდრე ბერიძეს და სხვებს. 1884 წელს მისი ხელშეწყობით გამოიცა „ვისრამიანი“. ასევე დიდძალი თანხა მოახმარა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოადოების“ წინამძრვრიანთკარის სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელს, ქართულ თეატრს, ქართული ხელნაწერების გამოცემას. რუსეთში ყოფნისას ილია ოქრომჭედლიშვლი მუდმივად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდიკაში — აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის სამეცნიერო სტატიებს და წერილებს. 1889 წელს იგი პენსიაზე გავიდა და თავისი ადგილი ახალგაზრდა ალექსანდრე ხახანაშვილს დაუთმო, თვითონ კი სამშობლოში დაბრუნდა. აქ ხელი მიჰყო პრაქტიკულ სამეურნეო საქმიანობას. სამტრედიასთან, სოფელ საჭილაოში ააგო ხე-ტყის სახერხი ქარხანა, რომელიც ქუთაისის გუბერნიაში ყველაზე დიდი და საუკეთესოდ აღწურვილი იყო. ამ საქმიდან შემოსულ ფულს ილია ოქრომჭედლიშვილი უანგაროდ ახმარდა მშობლიური კულტურის განვითარებას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 296, თბ., 1994