ილან რამონი
ილან რამონი (ებრ. אילן רמון) — ისრაელელი სამხედრო პილოტი და მოგვიანებით, პირველი ისრაელელი ასტრონავტი. რამონი სატვირთო სექციის სპეციალისტი იყო კოსმოსური შატლის მისია STS-107-ზე. 2003 წლის 1 თებერვლის, დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას კოსმოსურმა შატლმა, „კოლუმბია“ კატასტროფა განიცადა, რამაც ეკიპაჟის შვიდივე წევრი, მათ შორის რამონიც იმსხვერპლა. კატასტროფის მომენტში, რამონი ეკიპაჟის ყველაზე ხნიერი წევრი იყო. ილან რამონი ერთადერთი უცხოელია, რომელსაც კონგრესის კოსმოსური ღირსების მედალი მიენიჭა.[1]
ილან რამონი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 20 ივნისი, 1954 |
დაბ. ადგილი | რამათ განი, ისრაელი |
გარდ. თარიღი | 1 თებერვალი, 2003 (48 წლის) |
გარდ. ადგილი | ტეხასის თავზე, აშშ |
ქვეყანა | ისრაელი |
სამხედრო წოდება | პოლკოვნიკი, ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები |
ექსპედიცია | STS-107 |
ბიოგრაფია
რედაქტირებაილან რამონი 1954 წლის 20 ივნისს ისრაელის ქალაქ რამათ-განში, ოსვენცემის საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი ტყვეების, ტონი და ელიეზერა ვოლფერმანების ოჯახში დაიბადა. იქამდე, სანამ 1972 წელს ჯარში გაიწვევდნენ, ოჯახის გვარს ატარებდა. მოგვიანებით, მან გვარი ივრითულად, ნეგევის უდაბნოში არსებული რამონის კრატერის სახელდობრ გადაიკეთა. 1972 წელს დაამთავრა ქალაქ ბეერ-შევის საშუალო სკოლა, ხოლო მოგვიანებით, 1987 წელს თელ-ავივის სახელმწიფო ინსტიტუტის ელექტრონიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაასრულა.[2][3][4]
სამხედრო კარიერა
რედაქტირება1972 წელს რამონი ჯარში გაიწვიეს და საზაფხულო სკოლაში მოსამზადებელ კურსებზე გაგზავნეს. კურსის დასაწყისში ხელის მოტეხილობის შედეგად თანაკურსელებს 2 წლით ჩამორჩა, თუმცა გაცდენილი მეცადინეობების აღდგენა შეძლო. მოგვიანებით, სასწავლო თვითმფრინავის გაუმართაობის გამო რამონს საფრენი აპარატის დატოვება და კატაპულტირება მოუწია. საბოლოოდ, 1974 წელს სამხედრო საჰაერო ძალების მოსამზადებელი კურსები წარმატებით დაძლია და მფრინავ-გამანადგურებლის წოდება დაიმსახურა. ჰქონდა დატვირთული სამხედრო კარიერა:
- 1973 წელს, იომ-ქიფურის ომის დროს რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფში მსახურობდა.
- 1974-76 წლებში მართავდა ამერიკულ გამანდგურებელს A-4 „Skyhawk“.
- 1976-80 წლებში მართავდა ფრანგულ გამანადგურებელს Dassault Mirage III.
- 1980 წელს, აშშ-ში გავლილი მოსამზადებელი კურსის შემდეგ რამონი ერთ-ერთი პირველი სამხედრო მფრინავი გახდა, რომელმაც აითვისა და მიიღო F-16.
- 1981 წლის ივნისში მონაწილეობდა ერაყის დაუმთავრებელი ატომური სადგურების დაბომბვის ოპერაციაში.
- 1982 წელს მონაწილეობდა ლიბანის ომში.
- კარიერის ბოლომდე მეთაურობდა ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალების თვითმფრინავების განყოფილებას.
- 1998 წელს აშშ-ში კოსმოსური ფრენისათვის მოსამზადებლად მიიწვიეს.[5][6]
საერთო ჯამში, რამონმა სხვადასხვა ტიპის გამანადგურებლით 3000 საათზე მეტი იფრინა.
კოსმოსური პროგრამის მონაწილეობა
რედაქტირება1998 წლის ივლისში ილან რამონმა ნასას მოსამზადებელ ცენტრში სატვირთო განყოფილების სპეციალისტის კურსების გავლა დაიწყო. რამონთან ერთად გადამზადებას კიდევ 17 ასტრონავტ-კანდიდატი გადიოდა. მოსამზადებელი კურსის განმავლობაში, რამონს, როგორც გამოცდილ სამხედრო მფრინავს, ნასას ადმინისტრაციამ სხვადასხვა ცენტრს შორის გადასაფრენად სპეციალური რეაქტიული თვითმფრინავის გამოყენების ნებართვა მისცა.
STS-107
რედაქტირება2000 წლის 28 სექტემბერს რამონი STS-107 მისიის წევრად შეირჩა, ხოლო 2003 წლის 16 იანვარს კოსმოსში გაფრინდა. მართალია რამონი რელიგიური არ იყო, თუმცა კოსმოსური მისიის დაწყებისას მან სპეციალური საჭმელი და შაბათის დაცვის საშუალება მოითხოვა. ამ გადაწყვეტილებას ის ასე ხსნიდა: „ვგრძნობ, რომ კოსმოსში ისრაელსა და ყველა ებრაელს წარმოვადგენ“. გარდა ამისა, რამონს ბორტზე სხვადასხვა რელიგიური დანიშნულების ნივთის ატანის უფლებაც მისცეს. 2003 წლის 1 თებერვალს, 16-დღიანი მისიის დასრულებისას, კოსმოსური შატლი, დაშვებამდე 16 წუთით ადრე, დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვა.[7]
რამონის დღიური
რედაქტირებაკოსმოსური შატლის კატასტროფის შედეგად ბორტზე არსებული ინვენტარი თითქმის სრულად განადგურდა. თუმცა გადარჩენილ ნივთებს შორის იყო ილან რამონის პირადი დღიური, რომელშიც სხვადასხვა ლოცვა და კოსმოსში გატარებული დღეების მიმოხილვა ეწერა. ერთ-ერთი გვერდის ბოლოს რამონი შემდეგს წერდა: „დღეს პირველად ვიგრძენი, რომ ნამდვილად კოსმოსში ვცხოვრობ, გავხდი ადამიანი, რომელიც კოსმოსში ცხოვრობს და მუშაობს“.[8][9]
ოჯახი
რედაქტირებაილან რამონს მეუღლე და 4 შვილი დარჩა.
ჯილდოები
რედაქტირებარამონი იომ-ქიფურისა და ლიბანის ომებში მონაწილეობისთვისაა დაჯილდოებული.
მემკვიდრეობა
რედაქტირება- მზის სისტემის ერთ-ერთი ასტეროიდი ილან რამონის სახელს ატარებს.
- მთვარეზე არსებული ერთ-ერთი კრატერი ასევე რამონის სახელობისაა.
- ბენ-გურიონის აეროპორტის საკონტროლო კოშკურას რამონის პატივსაცემად დაარქვეს სახელი.
- ტორონტოს ერთ-ერთი ქუჩა რამონის სახელობისაა.
- მარსზე არსებული ერთ-ერთი მთა ასევე რამონის სახელს ატარებს.[10]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Stone, Tanya Lee (October 1, 2003). Ilan Ramon: Israel's First Astronaut. Kar-Ben Publishing, გვ. 10. ISBN 978-0-7613-2888-9.
- ↑ „Israel's first astronaut - Ilan Ramon“. Haaretz. April 2, 2008. ციტირების თარიღი: September 1, 2011.
- ↑ Mike Campbell. Ilan. Behindthename.com. ციტირების თარიღი: September 1, 2011
- ↑ The Hebraization of Surnames. ებრაული სააგენტო. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-21. ციტატა: „order to .. Israel Defense Forces .. officer“ ციტირების თარიღი: 2021-11-16.
- ↑ Service, Haaretz (February 1, 2003). „Astronaut Ilan Ramon's son dies in IAF crash, September 13, 2009“. Haaretz. ციტირების თარიღი: September 1, 2011.
- ↑ „Factfile: How Osirak was bombed“. BBC News. June 5, 2006. ციტირების თარიღი: May 5, 2010.
- ↑ Konikov, Zvi. official website. Chabad.org. ციტირების თარიღი: September 1, 2011
- ↑ Loretta Hidalgo Whitesides (October 2008). „Diary Survived Shuttle Accident, Goes On Display“. Wired. ციტატა: „cardboard-covered, three-ring bound .. found wet and crumpled .. field .. Palestine, Texas.“
- ↑ „Pride Turns to Grief and Disbelief in Israel“. LATimes.com Los Angeles Times. February 2, 2003.
- ↑ Congressional Space Medal of Honor. NASA (April 28, 2006). ციტირების თარიღი: December 5, 2009