ივო ძიმას ბრძოლა
მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის თეატრის ნაწილი
აშშ-ს დროშის აღმართვა სურიბაჩის მთაზე
6 საზღვაო ქვეითი ღმართავს ამერიკულ დროშას სურიბაჩის მთაზე ივო ძიმას ბრძოლისას, მათგან 3 დროშის აღმართვის შემდგომ დღეებში ბრძოლის დამთავრებამდე დაიღუპა.
თარიღი 19 თებერვალი - 26 მარტი, 1945
(1 თვე და 1 კვირა)
მდებარეობა ივო ძიმა, ივოს კუნძულები, იაპონია
შედეგი ამერიკელთა გამარჯვება
მხარეები
აშშ-ის დროშა აშშ იაპონიის იმპერიის დროშა იაპონიის იმპერია
მეთაურები
აშშ-ს საზღვაო ფლოტი:
ჩესტერ უ. ნიმიცი
რეიმონდ ა. სპრუენსი
მარკ ე. მიტშერი
უილიამ ჰ.პ. ბლენდი
აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსი:
ჰოლანდ მ. სმიტი
ჰარი შმიდტი
გრეივზ ბ. ერსკინი
კლიფტონ ბ. კეიტსი
კელერ ე. როკი
ტადამიკი კურიბაიაში 
ტაკეიტი ნიში 
სადასუე სენდა 
რინოსუკე იჩიმარუ 
ძალები
110,000 საზღვაო ქვეითი, ჯარისკაცი, სანიტარი, საზღვაო სამშენებლო ბატალიონის წევრები, საჰაერო ძალების წევრები და 500+ გემი 20,530–21,060 ჯარისკაცი
23 ტანკი
438 საარტილერიო დანადგარი
33 საზღვაო ქვემეხი
69 ანტისატანკო ქვემეხი
300-მდე ანტისაჰაერო ქვემეხი
დანაკარგები
მთლიანი დანაკარგი: 26,040
6,821 მოკული
19,217 დაჭრილი
2 დატყვევებული და შემდგომ გამოხსნილი
1 ჩაძირული საესკორტო ავიამზიდი
1 მძიმედ დაზიანებული ავიამზიდი
1 მსუბუქად დაზიანებული საესკორტო ავიამზიდი
137 განადგურებული ტანკი
17,845–18,375 დაღუპული და დაკარგული
216 დატყვევებული
3000-მდე დამალული
ივო ძიმას ბრძოლა ვიკისაწყობში

ივო ძიმას ბრძოლა — დიდი ბრძოლა მეორე მსოფლიო ომის წყნარი ოკეანის საბრძოლო თეატრში, რომელშიც აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსმა და საზღვაო ძალებმა კუნძული ივო ძიმა გაათავისუფლა იაპონიის საიმპერატორო არმიისგან. ამერიკელთა იერიში კუნძულზე, ცნობილი, როგორც ოპერაცია „Detachment“, მიზნად ისახავდა ივო ძიმასა და მასზე მდებარე ორი აეროდრომის ხელში ჩაგდებას.

იაპონელთა პოზიციები კუნძულზე კარგად იყო გამაგრებული ფორტიფიკაციებით, რომელიც მოიცავდა ბუნკერების მჭიდრო ქსელს, დამალულ საარტილერიო პოზიციებსა და 18 კილომეტრი სიგრძის მიწისქვეშა გვირაბებს. ამერიკულ სახმელეთო ძალებს მხარს უჭერდა საზღვაო არტილერია და საჰაერო ძალები, რომელიც კუნძულის საჰაერო სივრცეს სრულად აკონტროლებდა. ივო ძიმას ხუთკვირიანი ბრძოლა წყნარ ოკეანეში ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი და სასტიკი გამოდგა.

იაპონელთა საბრძოლო დანაკარგები დაღუპულების სახით ამერიკელებისაზე სამჯერ მეტი იყო, თუმცა ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების სახით (დაჭრილები და დაღუპულები) ამერიკელებმა უფრო იზარალეს.

ბრძოლის დაწყებისას კუნძულზე მყოფი 21 000 იაპონელი ჯარისკაციდან საბოლოოდ ტყვედ მხოლოდ 216 აიყვანეს, რომელთაგან ზოგი დატყვევებისას გონებადაკარგული ან სხვა მხრივ გადაადგილების უნარწართმეული იყო. იაპონელთა დანარჩენი ნაწილი ბრძოლაში დაიღუპა, თუმცა ნავარაუდებია, რომ კუნძულის დაკავების ოპერაციის დამთავრებიდან გარკვეული ხნის მანძილზე ბრძოლას 3000-მდე იაპონელი კვლავ აგრძელებდა მიწისქვეშა გამოქვაბულებისა და გვირაბების საშუალებით. საბოლოოდ, კვირების შემდეგ ისინიც ან დაიღუპნენ, ან ტყვედ ჩავარდნენ.

ამერიკელთა სტრატეგიული ამოცანა ორი იყო: პირველი გულისხმობდა ბრძოლაში დაზიანებული საჰაერო ძალების B-29 თვითმფრინავებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადათ დასაჯდომი ადგილი, რადგანაც დაზიანებების გამო თვითმფრინავები ვერ მიაღწევდნენ ამერიკის საჰაერო ბაზებამდე ტინიანში, საიპანსა და გუამში. მეორე ამოცანას წარმოადგენდა კუნძულის აეროდრომების ხელში ჩაგდება მისი შემდგომი გამოყენებისთვის საჰაერო რეიდებისთვის იაპონიის წინააღმდეგ. იაპონელთათვის კუნძული არანაკლებ მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულების იყო, რადგანაც ის დაახლოებით მარიანას კუნძულებსა და იაპონიის არქიპელაგს შორის მდებარეობს და საშუალებას აძლევდა მათ, გაეფრთხილებინათ იაპონიის ძირითადი კუნძულები მომავალი საჰაერო დარტყმების შესახებ და შემდეგ გზა გადაეჭრათ ამერიკული საჰაერო ძალებისათვის.

კუნძულის აღების ოპერაცია ბრძოლის შემდეგ საკამათო გამოდგა, რადგანაც გადამდგარი საზღვაო ოპერაციების მეთაურის, უილიამ ვ. პრატის, თქმით, ეს „ღმერთის მიერ მიტოვებული კუნძული“ გამოუსადეგარი იყო არმიისთვის, როგორც ბაზა შემდგომი ოპერაციებისთვის და გამოუყენებელი საზღვაო ფლოტისთვის, როგორც ნავსადგური. აეროდრომი, რომელიც ამერიკელებმა ხელში ჩაიგდეს, ბრძოლის შემდეგ იშვიათად გამოიყენებოდა, წინა ბრძოლები წყნარი ოკეანის კუნძულებზე კი საშუალებას იძლეოდა ამერიკულ სამხედრო მმართველობას ევარაუდა, რომ კუნძული კარგად გამაგრებული იქნებოდა და ამერიკელთა დანაკარგები ბრძოლაში მრავალრიცხოვანი აღმოჩნდებოდა.

„Associated Press“-ის ფოტოგრაფის, ჯო როზენთალის, მიერ გადაღებული ფოტო ამერიკის დროშის აღმართვისა სურიბაჩის მთაზე ექვსი საზღვაო ქვეითის მიერ აშშ-ს წყნარი ოკეანის თეატრში ბრძოლის სიმბოლოდ იქცა.

კუნძულზე გადასხმა

რედაქტირება
 
საზღვაო ქვეითები გადადიან ივო ძიმაზე

კუნძული აქტიურად იბომბებოდა მასზე ქვეითების გადასხმამდე. 19 თებერვალს ივო ძიმაზე საზღვაო ქვეითთა პირველი ნაკადი გადავიდა. ამერიკულ სარდლობას სანაპირო შეფასებული ჰქონდა, როგორც „შესანიშნავი“ და კუნძულის სიღრმეში შესვლას ადვილად მოელოდა, თუმცა რეალობა სხვა აღმოჩნდა. საზღვაო ქვეითთა კორპუსს სანაპიროს გადაკვეთის შემდეგ 4.6 მეტრის სიმაღლის შავი ვულკანური ფერფლის გორები დახვდა, რომლებიც საკმარისად მყარი არ იყო, რომ ჯარისკაცები ზემოდან გადასულიყვნენ ან სანგრები გაეთხარათ. ამის მიუხედავად, სიტუაციის დადებითი მხარე ის იყო, რომ ფერფლის გორები იაპონური არტილერიის ჭურვების ნამსხვრევებს ნაწილობრივ აკავებდა.

საზღვაო ქვეითები გაწვრთნილი იყვნენ, რომ ჩქარა ემოძრავათ, აქ მათ ამის საშულაება არ ეძლეოდათ და ზანტად მიიწევდნენ წინ. ჯარისკაცთა ინდივიდუალური აღჭურვილობის რაოდენობა და წონა ძალიან დიდი დამაბრკოლებელი ფაქტორი იყო, ამიტომ ბევრმა სამხედრომ ნაკლებად საჭირო აღჭურვილობის მოშორება დაიწყო, მათ პირველი აირწინაღები გადაყარეს.

 
37 მმ-იანი ქვემეხი ბომბავს იაპონურ პოზიციებს გამოქვაბულში სურიბაჩის მთაზე.

იაპონელთა მხრიდან ძლიერი წინააღმდეგობის არყოფნის გამო სამეთაურა შტაბმა ჩათვალა, რომ კუნძულის საარტილერიო დაბომბვამ დათრგუნა იაპონური პოზიციები და სერიოზული საფრთხე არ არსებობდა. ამიტომ ამერიკული ძალები მშვიდად გადავიდნენ სანაპიროზე და ნელი სვლით კუნძულის სიღრმისკენ მიემართებოდნენ. მათ არ იცოდნენ, რომ იაპონელთა გენერალი კურიბაიაში ბრძოლას სწორედ მაშინ იწყებდა. იაპონელებმა ამერიკელებს საათნახევარი დააცადეს, თავისუფლად მოგროვებულიყვნენ და მჭრიდროდ განლაგებულიყვნენ სანაპიროზე და მოულოდნელად ყველაფრით ცეცხლი გაუხსნეს, რაც კი გააჩნდათ. ტყვიამფრქვევები, ნაღმტყორცნები და მძიმე არტილერია ქვეითებით გადაჭედილ სანაპიროზე მყოფ ამერიკელებს თავს დაატყდა და იქაურობა მალე აქცია სისხლიან სასაკლაოდ.

ამერიკელთათვის საქმეს ართულებდა იაპონური გვირაბების სისტემა, რადგანაც ცეცხლმტყორცნებითა და ყუმბარებით „გაწმენდილ“ ბუნკერებში იაპონელები ამ გვირაბების საშუალებით ბრუნდებოდნენ და ამერიკელებს, ეგონათ რა, რომ ბუნკერში მტერი აღარ იყო, უეცრად უხსნიდნენ ცეცხლს. იაპონელთა ამ ტაქტიკამ ამერიკელებში დიდი დანაკარგები გამოიწვია.

 
24-ე საზღვაო ქვეითთა პოლკი ივო ძიმაზე.

სანაპიროდან სიღრმისკენ წინსვლა

რედაქტირება

ამერიკულ ამფიბიურ ტექნიკას უჭირდა ვულკანურ ფერფლში გზის გაკვალვა, ამიტომ საზღვაო ქვეითებს ქანობებზე გზის გაგრძელება ფეხით უწევდათ. ბოლოს საზღვაო სამშენებლო ბატალიონებმა მოახერხეს სანაპიროს ბულდოზერებით მოსწორება და ამან ქვეითებს საშუალება მისცა, სრული აღჭურვილებით გადასულიყვნენ კუნძულის სიღრმეებისკენ. გზად მიმავალ ამერიკელებს თითქმის ყველა დაბომბვისგან გაჩენილ ორმოში ერთი დაღუპული თანამებრძოლი მაინც ხვდებოდათ.

შემდგომი ბრძოლები

რედაქტირება

დესანტირების შემდეგ ამერიკელები მოელოდნენ ღამით იაპონელთა „ბანზაი შეტევებს“, რომელიც იაპონურ არმიაში გავრცელებული ქვეითთა დიდი მასის მტრის პოზიციებზე სირბილით პირდაპირი შეტევის ტაქტიკა იყო. თუმცა ცოცხალი ძალის ასეთი გზით შეტევაზე გადაყვანა ძალიან მაღალ დანაკარგებს იწვევდა და ამერიკელეთა ტყვიამფრქვევების ფონზე წარმატებას ხშირად ვერ აღწევდა. ამიტომ გენერალმა კურიბაიაშმა მიიჩნია, რომ ამ მეთოდით შეტევა არასწორი იქნებოდა და სასტიკად აუკრძალა თავის მებრძოლებს ამის გაკეთება.

 
ამერიკული ტანკი იაპონელთა წინააღმდეგ ცეცხლმტყორცნს იყენებს.

ბრძოლები ძალიან მძიმე იყო, საზღვაო ქვეითთა წინსვლას ხელს უშლიდა იაპონური ფორტიფიკაციები და არტილერიის ცეცხლი. იაპონელები ხშირად გამოვცივდებოდნენ ხოლმე თავიანთი მალული გვირაბებიდან და მოულოდნელად ესხმოდნენ თავს ამერიკელებს, ღამით ისინი ასევე ტოვებდნენ საკუთარ პოზიციებს და სიბნელის დახმარებით ამერიკულ პოზიციებზე მომაკვდინებელ დარტყმებს ახორციელებდნენ. იაპონელი ჯარისკაცები, რომლებმაც ინგლისური იცოდნენ, ხშირად იტყუებდნენ ამერიკელებს „corpsman“-ის ყვირილით და კლავდნენ (ინგლ. სანიტარი; საზღვაო ძალების ჰოსპიტალის საველე სანიტრები, რომლებსაც დაჭრილი საზღვაო ქვეითები ასე უხმობდნენ ხოლმე დასახმარებლად).

 
საზღვაო ქვეითთა მესამე ბატალიონის მსროლელები ცეცხლს უხსნიან მოწინააღმდეგეს განადგურებული იაპონური ბუნკერის ნანგრევებიდან.

აშშ-ს ძალებმა მალევე დაასკვნეს, რომ იაპონელთა გამაგრებული პოზიციების წინააღმდეგ ტყვიებით ვერაფერს გახდებოდნენ და აქტიურად დაიწყეს ცეცხლმტყორცნებისა და ყუმბარების გამოყენება, რათა გვირაბებსა და ბუნკერებში მყოფი იაპონელები გარეთ გამოერეკათ და შემდეგ ტყვიებით გაენადგურებინათ. მათ M4 Sherman-ის ტანკებს დაუყენეს ცეცხლმტყორცნები, რომლებიც ეფექტური გამოდგა იაპონურ გამაგრებებში ცოცხალი ძალის გასანეიტრალებლად.

მას შემდეგ, რაც წყლის, საკვებისა და საბრძოლო მასალების ნაკლებობა შეექმნათ, იაპონიის საიმპერატორო არმია სასოწარკვეთილებამ შეიპყრო. გენერალი კურიბაიაში ხვდებოდა, რომ მარცხი გარდაუვალი იყო.

ამერიკელ საზღვაო ქვეითებს უწევდათ გახშირებულ ღამის შეტევებთან გამკლავება, რომლებსაც ტყვიამფრქვევებითა და არტილერიის მეშვეობით იგერიებდნენ, თუმცა ხანდახან ბრძოლა ხელჩართულ დაპირისპირებაშიც გადაიზრდებოდა ხოლმე. სანაპიროს მყარად დაკავების შემდეგ ამერიკელებს მარაგების, ცოცხალი ძალისა და ტექნიკისა შევსება მოსდიოდათ და თანდათან ჩრდილოეთისკენ მიიწევდნენ. იაპონელებს კი დროსთან ერთად ყველაფერი ელეოდათ და მათი აბსოლუტური უმეტესობა დანებებას სიკვდილამდე ბრძოლას არჩევდა. მათი მეომრული კოდექსის მიხედვით ტყვეობა მიუღებელი და სასირცხვილო იყო და ამიტომაცაა, რომ კუნძულის თავდაპირველი დამცველებიდან, რომელიც დაახლოებით 21 ათას კაცს შეადგენდა, ტყვედ მხოლოდ და მხოლოდ 216 იაპონელი ჩავარდა.

ბრძოლის დასასრული

რედაქტირება
 
ამერიკელი ქვეითები იაპონელთა მიერ კლდეში გამოკვეთილი გამოქვაბულის შესასვლელთან.

მთლიან კუნძულზე კონტროლის დამყარების შემდეგ ამერიკული არმიის ასორმოცდამეშვიდე პოლკი ივო ძიმაზე განლაგდა, როგორც კუნძულის გარნიზონი, თუმცა მათ მალე გააცნობიერეს, რომ ბრძოლა ჯერ არ იყო დასრულებული. ამერიკელებს უწევდათ იაპონელთა პატარ-პატარა გადარჩენილ რაზმებთან ბრძოლა, რომლებიც კუნძულის გვირაბების სისტემების დახმარებით აგრძელებდნენ პარტიზანულ წინააღმდეგობას. სამი თვის მანძილზე ამერიკელები მთელი კუნძულის პერიმეტრზე ეძებდნენ იაპონური გარნიზონის ნარჩენებს და მათ გვირაბებიდან ცეცხლმტყორცნების, ყუმბარებისა და ბომბების საშუალებით სდევნიდნენ. ალმოდებულ და ყუმბარებისგან კონტუზიაში ჩავარდნილ გარეთ გამოსულ გადარჩენილ იაპონელებს შემდეგ სათითაოდ კლავდნენ. ამ პროცესში ამერიკელებმა 1,602 იაპონელი მოკლეს.

ბოლო ორი გადარჩენილი იაპონელი ოჯარისკაცი, რომლებიც კუნძულზე ბრძოლას აგრძელებდნენ და მოახერხეს, რომ მთელი იმ ხნის მანძილზე ამერიკელებს არ მოეკლათ ან დაეტყვევებინათ, მტერს 4 წლის შემდეგ, 1949 წლის 6 იანვარს ჩაბარდნენ, ესენი იყვნენ იამაკაგე კუფუკუ და მატსუდო ლინსოკი.

კუნძულ ივო ძიმას ბრძოლას, საბედნიეროდ, არ მოჰყოლია სამოქალაქო პირთა მსხვერპლი, როგორც ეს, მაგალითად, საიპანისა და ოკინავას დაკავების შემთხვევაში იყო, რადგანაც ბრძოლის დაწყებამდე კუნძულიდან სამოქალაქო პირთა ევაკუაცია მოხდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Allen, Robert E. (2004). The First Battalion of the 28th Marines on Iwo Jima: A Day-by-Day History from Personal Accounts and Official Reports, with Complete Muster Rolls. Jefferson, NC: McFarland & Company.
  • Bradley, James; Ron Powers (2001) [2000]. Flags of Our Fathers. New York: Bantam.
  • Burrell, Robert S. "Breaking the Cycle of Iwo Jima Mythology: A Strategic Study of Operation Detachment," Journal of Military HistoryVolume 68, Number 4, October 2004
  • Burrell, Robert S. (2006). The Ghosts of Iwo Jima. College Station: Texas A&M University Press.
  • Hammel, Eric (2006). Iwo Jima: Portrait of a Battle: United States Marines at War in the Pacific. St. Paul, MN: Zenith Press.Hammel, Eric (2006). Iwo Jima: Portrait of a Battle: United States Marines at War in the Pacific. St. Paul, MN: Zenith Press.