ივან მალგერბი
ივან კლემენტის ძე მალგერბი (რუს. Мальгерб, Иван Клементьевич; დ. 1867 — გ. 1938) — რუსი არქიტექტორი, ფეოდოსიის (1893-1896) და ეკატერინოდარის (1896 წლიდან) საქალაქო არქიტექტორი. სსრკ არქიტექტორთა კავშირის წევრი (1935).
ივან მალგერბი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 1 თებერვალი, 1867 |
დაბ. ადგილი | კიევი |
გარდ. თარიღი | 24 იანვარი, 1938 (70 წლის) |
გარდ. ადგილი | კრასნოდარი |
დასაფლავებულია | Vsesvyatskoye cemetery, Krasnodar |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი |
მოქალაქეობა | რუსეთის იმპერია |
ალმა-მატერი | Saint Petersburg Institute of Civil Engineers |
მნიშვნელოვანი პროექტები | კრასნოდარის დიდმოწამე ეკატერინეს საკათედრო ტაძარი |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა კიევში 1867 წელს, ფრანგი ქვეშევრდომების — კლემენტისა და ბრონისლავა მალგერბების ოჯახში, დაბადებისას მას ივან-ავგუსტინი ერქვა. მისი დაბადებიდან მალევე, მამა გარდაიცვალა (1871).
კიევის რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1881) ჩაირიცხა პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1888 წელს ინჟინრის წოდებით (სამოქალაქო მშენებლობასა და გზის ნაწილებზე სამუშაოების განხორციელების უფლებით). ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მალგერბმა მიიღო რუსეთის მოქალაქეობა.
სტუდენტობის პერიოდში ახალგაზრდა მშენებელმა სტაჟირება გაიარა ოდესაში, სადაც მონაწილეობა მიიღო ოპერის თეატრის მშენებლობაში, რომელიც იმ წლებში აშენდა ავსტრიელი არქიტექტორების ფ. ფელნერისა და გ. გელმერის პროექტით. თეატრი დასრულდა 1887 წელს.
1889 წ. მუშაობა დაიწყო ოდესაში არქიტექტორ ა. ი. ბერნარდაცისთან ინჟინრის ასისტენტად, სადაც რამდენიმე წელი გაატარა და მონაწილეობა მიიღო ბირჟის ახალი შენობის პროექტის შემუშავებასა და მშენებლობაში. მიიღო ქალაქის არქიტექტორის თანამდებობა ფეოდოსიაში (1893).
1896 წ. გახდა ეკატერინოდარში ქალაქის არქიტექტორი. შექმნა პროექტი ქალაქის საზოგადოებრივი ბანკის შენობისთვის (1898), რომელიც აშენდა 1900 წელს. მალგერბის არქიტექტურულ საქმიანობაში მნიშვნელოვანი წილი ეკლესიების მშენებლობას ეჭირა. ეკატერინოდარში მისი პროექტების მიხედვით აშენდა სამი ეკლესია: დიდმოწამე ეკატერინეს (ეკატერინეს ტაძარი), სამების და მიძინების (დუბინკაზე) ტაძრები.[1] მალგერბის პროექტების მიხედვით, ყუბანის სოფლებში მრავალი ეკლესია აშენდა. სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ეპარქიის ქალთა სკოლის შენობის მშენებლობას (დაპროექტებული არქიტექტორ ვ. ა. ფილიპოვის მიერ), რომელიც დასრულდა 1901 წელს. 12 წლის შემდეგ იგი დაბრუნდა ამ შენობაში, რათა დაემატებინა სიმეტრიული მიშენებები, რომლებიც არ არღვევდა არქიტექტურულ მთლიანობას, რის შედეგადაც სკოლის ზოგადი ხედი კიდევ უფრო გრანდიოზული და ელეგანტური გახდა.[2]
შვიდ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ეკატერინოდარში ქალაქის არქიტექტორად. 1903 წელს მალგერბმა დატოვა სამსახური საბჭოში და გახდა „თავისუფალი ხელოვანი“. მისი დაპროექტებით ქალაქის ბაღში აშენდა ხის 2-სართულიანი კლუბი (1909), სომხური საქველმოქმედო საზოგადოების 3-სართულიანი სახლი (1911); 4-სართულიანი კომერციული სასწავლებელი (1913). ეს შენობა, რომელიც დაახლოებით 400 ათასი რუბლი დაჯდა, ეკატერინოდარის მშვენება გახდა. მან ააშენა ასევე ბრიუხოვეცკოეს დასახლებაში სკოლა ვაჭარ ი. იგნატოვის ანდერძით დატოვებული ფულით, ეკლესია სოფელ ნოვოჯერელიევსკაიაში (1906). შეადგინა არქიტექტურული ფასეულობის — ტამანში უძველესი (1794 წლის) ეკლესიის აღდგენის პროექტი (1911).
პოსტრევოლუციურ პერიოდში მალგერბი მცირე ხნით მსახურობდა სტავროპოლის „ზემსტოვ“-ში საგზაო ინჟინრად, ხოლო ქალაქ სოჭის რევოლუციურ კომიტეტში საგზაო განყოფილებას ხელმძღვანელობდა (1918-1919). ეკატერინოდარში დაბრუნების შემდეგ (1920 წ.) კვლავ დაკავდა სამოქალაქო მშენებლობებით. კითხულობდა ლექციებს კრასნოდარის საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში.
1930-იან წლებში, როდესაც დაიწყო „შეტევა რელიგიაზე“ და შეიქმნა ამფეთქებელი ბრიგადები ეკლესიების დასანგრევად, რეგიონულმა ხელისუფლებამ მოიწვია მალგერბი მონაწილეობა მიეღო ამ „სახალხო საქმეში“. მალგერბმა მიიღო ეს ოფიციალური მოწვევა, როგორც ბედის მწარე დაცინვა: ბოლოს და ბოლოს, ყუბანის ხალხი მას იცნობდა, როგორც ღვთის ტაძრების მშვენიერ მშენებელს. ახლა კი მას ავალებდნენ გაენადგურებინა ის, რაც საკუთარი ხელით გულდასმით და სიყვარულით აშენა. ჯერი მის საყვარელ, ეკატერინეს საკათედრო ტაძარზე მიდგა. დაგვეხმარეთ მის დაშლაში, სოციალიზმს აგური სჭირდება, — არწმუნებდნენ არქიტექტორს. დაგვეხმარეთ ტაძრის დემონტაჟში, — დაჟინებით მოითხოვდა ხელისუფლება, რომელიც გულმოდგინედ ასრულებდა მოსკოვის მორიგ დირექტივას. „დაშლა შესაძლებელია, მაგრამ ერთი მთლიან აგურსაც ვერ მიიღებთ...“ — უპასუხა ამ ტაძრის მშენებელმა. — როგორ? რატომ? რამდენი აგურია მასში! — „იმიტომ, რომ ჩემს მიერ აგურების დაშენება ისეთი სიმტკიცით არის გაკეთებული, რომ დაშლისას ნაკერზე არ გაიყოფა. კირის ხსნარში ტყვია და კვერცხის ცილა დავამატე. ავტორიტეტულად გეუბნებით: მხოლოდ უფორმო ლოდებს მიიღებთ...“ გამოჩენილი სპეციალისტის სიტყვამ, მისმა ავტორიტეტმა თავისი გავლენა მოახდინა: ტაძარს არ შეხებიან და მისი გამოყენება დაიწყეს ბოსტნეულისა და მარცვლეულის საწყობად. მალე ის ხორბლით გაავსეს. ასე იქნა დაცული და სასწაულებრივად გადარჩა უნიკალური შენობა.
მალგერბი დაინიშნა ყუბანის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის არქიტექტორად (1929). ის ქალაქში აშენებს ინსტიტუტის მთავარ შენობას (1933) და სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს. ზედამხედველობს ინსტიტუტის მაღალი ძაბვის ხაზის გაყვანას. 1937 წელს მალგრები დაამტკიცეს ინსტიტუტის შენობათა კომპლექსის მშენებლობის ხელმძღვანელად. ამ თანამდებობაზე მან დაგეგმა ოთხი საცხოვრებელი აგურის სახლი სხვენით, საფუძველი ჩაუყარა სხვა შენობებს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, მაგრამ მძიმე ავადმყოფობამ საწოლში ჩააწვინა სამოცდათხუთმეტი წლის არქიტექტორი.
გარდაიცვალა 1938 წელს. ის დაკრძალეს კრასნოდარის ყველაწმინდის სასაფლაოზე.
ივან კლემენტის ძე მალგერბის ფოტოების გალერეა
რედაქტირება-
ფოტო №1
-
ფოტო №2
-
ფოტო №3
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Мальгерб Иван Клементьевич. Список объектов
- ↑ ამჟამად ამ შენობაში განთავსებულია ყუბანის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი