იელის წმინდა გიორგის ეკლესია
იელის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იელის ყველაზე მაღალ ბორცვზე, სასაფალოს ტერიტორიაზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზული ტიპის მომცრო ნაგებობაა. ნაგებია კირ-დუღაბის ხსნარზე, მოყვითალო-რუხი ფერის შირიმის საშუალოდ გათლილი, ფოროვანი კვადრებით. დგას დაბალ ერთსაფეხურიან ცოკოლზე. დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ერთადერთი შესასვლელი კარი, რომლის ზემოთ გაჭრილ მაღალ და ვიწრო, თაღოვან სარკმელს საკურთხევლის კედელში დატანილი ანალოგიური ზომისა და კონფიგურაციის სარკმლის ღიობი ეპასუხება. ეკლესია ნაწილობრივ რესტავრირებულია: განახლებული და თუნუქით გადახურულია ორფერდა საბურავი, კედლების საპირე წყობაზე მოსწორებულია შირიმის ფილები, ხოლო ქვებს შორის ღარები ცემენტით არის ამოვსებული. დასავლეთ შესასვლელში ახალი ხის კარია შებმული, ჯვრის რელიეფური გამოსახულებით.
დარბაზის გეგმა წაგრძელებული სწორკუთხედია. ის გრძივი კედლების ორსაფეხურიანი პილასტრითა და მასზე დაყრდნობილი კამარის სამაგრი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. გამყოფი პილასტრის გარდიგარდმო გრძივ კედლებზე წყვილ-წყვილად ანაწევრებს ნახევარწრიული თაღები, რომლებიც პროფილირებული იმპოსტებით წარმოდგენილ კუთხის ნახევრადწრიულ მოკლე სვეტებს ეყრდნობა. საკურთხევლის აფსიდს ერთსაფეხურიანი მხრები აქვს, სამხრეთ-დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ კუთხეებში პილასტრებია, რომლებსაც თაღი ეყრდნობა. აფსიდის ჩრდილო და სამხრეთ გვერდებში მაღალი ღია სათავსებია მოწყობილი. აფსიდი კამარას შუბლის გარეშე, პირდაპირ უერთდება. საკურთხევლისა და დარბაზის გამმიჯნავი ქვის სამთაღიანი კანკელი გეგმაში მრგვალ სვეტებსა და კვადრატულ, სადა იმპოსტებს დაყრდნობილ თაღედს წარმოადგენს.
ქვის კანკელზე მხატვრობის ფრაგმენტებია შერჩენილი: სვეტებზე მცენარეული ორნამენტის კვალი იკითხება. კანკელის მსგავსად, მხატვრობით ყოფილა დაფარული მწყობრი, ზუსტად გამოყვანილი კედლებიც. ამჟამად მხოლოდ ფრაგმენტულად არის შემორჩენილი ბათქაშის ფენა და ზედ აღბეჭდილი ფრესკების კვალი. ნაკუწებად დაშლილი მხატვრობის ნაშთები შედარებით უკეთაა წარმოდგენილი აფსიდში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8704