იახსრის ჯვარი

საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისოფელში.

იახსრის ჯვარი — საკულტო ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალისოფელში. სალოცავში შედის დარბაზი, საქვაბე, საზარე და თამარის კოშკი. დარბაზი ფიქლით ნაშენი, გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობაა, რომელიც ორი სხვადასხვა დანიშნულების სათავსისგან შედგება. გადახურულია ორფერდა სახურავით. ჩრდილო-დასავლეთიდან მიშენებული ჰქონდა გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხა ფორმის სათავსი - საბერო. დარბაზში შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდანაა. სათავსის შუაში კერაა მოწყობილი. მის ირგვლივ, სამი მხრიდან, კედლების გაყოლებაზე, ქვის სკამებია. კედლებში თახჩებია დატანებული. ჩრდილოეთ კედელში ერთი პატარა სარკმელია. სამხრეთ კედლის შუაში გაჭრილია შენობის მეორე სათავსში გასასვლელი კარი.

საქვაბე ფიქლის მშრალი წყობით ნაგები, გეგმით წაგრძელებული ოთხკუთხედის ფორმის შენობაა. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთიდან აქვს. კარი თაღოვანია. სათავსის შუაშუ ოთხკუთხა ფორმის ფიქლით ნაშენი ბოძია. მას ეყრდნობა ბრტყელი, ბანიანი გადახურვა. იქვე კერაა მოწყობილი. გრძივი კედლების გასწვრივ ხის გრძელი სკამებია. ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარეს ქვებითა და მიწით ამაღლებული განიერი ბაქანია, შესაძლოა, საწოლი. საზარე დგას საქვაბის სამხრეთით. იგი ფიქლით ნაშენი, საფეხუროვანი სახურავით გადახურული, მცირე ზომის კოშკისმაგვარი ნაგებობაა. კოშკი მდებარეობს დარბაზის უკან, მთის ფერდობზე. იგი ოთკუთხა ფორმის, ფიქლით ნაშენი მასიური ნაგებობაა, რომელიც გადახურულია საფეხუროვანი პირამიდისებრი სახურავით. დარბაზის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით თითო მცირე ზომის კოშკისებრი ნაგებობის ნანგრევებია.

ლიტერატურა

რედაქტირება