ბანიანი
ბანიანი — ფიკუსის გვარის ორი სახეობის ხემცენარის სახელწოდება:
- Ficus bengalensis (Ficus indica), დიდი ზომის ხეა, ეპიფიტის მსგავსად განვითარებას იწყებს სხვა რომელიმე ხის ტოტზე მოხვედრილი თესლიდან. ბანიანის წვრილ ღეროს მრავალრიცხოვანი საჰაერო ფესვი უვითარდება, რომელიც სწრაფად ეშვება ნიადაგში და ძლიერ იტოტება; ფესვების საჰაერო ნაწილი კი სქელდება და გარდაიქმნება მსხვილ სვეტებად, რომელთა გარშემოწერილობა 10 მ-ს აღწევს. ბანიანის გაშლილი ვარჯი მთლიანად ფარავს პატრონმცენარეს და იწვევს მის სიკვდილს. ამნაირად, ერთი თესლიდან თითქოს მთელი ტევრი იქმნება.
- Ficus religiosa - ასეთივე დიდი ზომის ხეა. მისი ტოტებიდან განვითარებული საჰაერო ფესვები უზარმაზარი ვარჯის საბჯენს წარმოადგენს. ხშირად ეს მცენარე ეპიფიტი არაა. ორივე სახეობა იზრდება ინდოეთში. ნაყოფი იჭმება. ნორჩი ყლორტების ქერქზე ბინადრობენ ცრუფარიანები. ამ მწერების მონაწილეობით წარმოიქმნება ძვირფასი ფისი - შელაქი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 190-191.