იაპონური სტიფნოლობიუმი

იაპონური სტიფნოლობიუმი, იაპონური სოფორა (ლათ. styphnolobium japonicum) — სტიფნოლობიუმის გვარის მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. გაშლილვარჯიანი ხე 25 მეტრამდე სიმაღლის. სამშობლოა ჩინეთი. აქვს კენტფრთისებრრთული ფოთლები, თითოეულში 9-დან 21-მდე ფოთოლაკი. ფოთლები განლაგებულია სპირალურად. მსგავსი აგებულებისაა მონათესავე მააკია. სხვა პარკოსნებისგან განსხვავებით არ ამყარებს სიმბიოზს ჰაერიდან აზოტის ამთვისებელ კოჟრის ბაქტერიებთან, შესაბამისად არ ამდიდრებს ნიადაგს აზოტით. ყვავილობს ივლის-აგვისტოში, მაშინ როცა სხვა ხეებს დიდი ხანია დასრულებული აქვთ ყვავილობა, ამიტომაც სტიფნოლობიუმი მწერებისთვის ნექტრის მნიშვნელოვანი წყაროა და სამშობლოში კარგი თაფლოვანი მცენარეა. მსხმოიარობს ოქტომბერ-ნოემბერში. ზამთარში ნაყოფი ტოტებზე რჩება და პარკები არ იხსნება. წარსულში ითვლებოდა სოფორას გვარის წარმომადგენლად, სანამ 21-ე საუკუნეში ამ გვარს ჩამოსცილდა სტიფნოლობიუმის და დერმატოფილუმის გვარები.

სტიფნოლობიუმი იაპონური
ზრდასრული ხე
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  პარკოსნები
ქვეოჯახი:  ფარვანასებრნი
გვარი:  სტიფნოლობიუმი
სახეობა:  იაპონური სტიფნოლობიუმი
ლათინური სახელი
styphnolobium japonicum

სტიფნოლობიუმი, ცრუაკაცია რობინია და გლედიჩია წარმოადგენენ ცრუ აკაციებს და მსოფლიოს ზომიერი კლიმატის მქონე ქალაქების, მათ შორის თბილისის, გამწვანებაში გამოყენებული ყველაზე პოპულარული პარკოსანი ხეებია.[1]

სქოლიოს სია

რედაქტირება
  1. Japanese acacia. Sophora _ Green Areas, Parks and Gardens of Cádiz.