იალინ კავაქის ციხე

იალინ კავაქის ციხე, სორუიანას ციხე — ციხე თურქეთში ხარშიტის მარცხენა შენაკად იქისუს წყლის აუზში. იქისუს და ხარშიტის ხერთვისიდან ტრაპიზონ შირანისაკენ მიმავალი გზის მე-12 კმ-ზე, მდინარე იქისუს მარცხენა მხრიდან უერთდება სოროიანას წყალი. აქედან ხეობის აყოლებით 5 კმ-ში მდებარეობს სოფელი სოროიანა. საკუთრივ სოფელი სამ მეჰელედ იყოფა: სოროიანა, ბაიანა და გორიანა. ციხე სწორედ სოროიანას უბანში მდებარეობს. აქაურთა გადმოცემით ხეობასა და ციხისძირში გამავალ გზას იფექიოლი (აბრეშუმის გზა) ჰქვიოდა. იგი ხევის დაყოლებით ტრაპიზონ-შირანის გზამდე ჩადიოდა და აქედან უკვე შეიძლებოდა ნებისმიერი მიმართულებით წასვლა. მარცხნივ გუმუშხანეს გავლით ბაიბურთისაკენ, ხოლო მეორე მხრივ თორულით ტრაპიზონის და ძველი გერასუნისაკენ.

ციხე საკუთრივ სოროიანას წყლის ხეობის მარცხენა მხარეს, სოფლის თავშია. იგი სამანქანე გზიდან 200 მეტრითაა დაცილებული. ნაგებობა მდინარისკენ მკვეთრად დახრილი ქედის ბოლო მონაკვეთში ერთიმეორის გვერდით მდგარი ორი უზარმაზარი შემაღლებული კლდოვანი ქანიდან, მარცხენაზეა დაშენებული. ციხის სამი მხარე, სამხრეთის გარდა, ციცაბო კლდეებით ეშვება ქვემოთ ხეობისაკენ და მიუვალია. ციხის გეგმას აქაც კლდოვანი შვერილის მოყვნილობა განსაზღვრავს. ციხის მშენებლებს კლდოვანი ქანის შვერილები მაქსიმალურად გამოუყენებიათ და მათ შორის სივრცეები ამოუშენებიათ. გალავნის კედლების დიდი ნაწილი დანგრეულია. შედარებით კარგადაა შემონახული სამხრეთ-აღმოსავლეთის კედელი, იგი 15 მ სიგრძისაა. შემორჩენილი სიმაღლე აქა-იქ 3-5 მეტრს აღწევს. ნაწილობრივ გადარჩენილია ჩრდილო-დასავლეთის კედელი, მისი სიგრძე 8,60 მ-ია, დასავლეთის-5,60 მ, ხოლო სამხრეთ-დასავლეთის-10 მ-ია. ჩრდილოეთის მხარეს მთლიანად 47 მ სიგრძის სალი კლდეა. აღმოსავლეთ ნაწილში კლდოვანი კონცხია.

ციხის მშენებლებს ეს ტერიტორია კარგად გამოუყენებიათ და ზედ ნახევარწრიული გეგმის კოშკი დაუშენებიათ. კოშკი დღეისათვის საკმაოდ დაზიანებულია. თითქმის საძირკვლის დონემდეა გამონგრეული აღმოსავლეთის მხარეს. მისი ჩრდილოეთი კედლის ნაწილიც დაზიანებულია. ჩრდილო-დასავლეთი მხარე კი შედარებით კარგადაა შემონახული 6,5 მ სიმაღლეზე. ასევე კარგადაა შემორჩენილი კოშკის სამხრეთი კედელიც. მის აღმოსავლეთ ნაწილში დატანილია სათვალთვალო სარკმელი. კოშკსა და კლდოვან ქანს შორის სივრცეში ჩაშენებულია საკმაოდ მაღალი და ფართე კედელი. ფაქტობრივად კლდოვან ქანსა და კოშკს შორის 4,5 მ სიგრძის სივრცე ამ კედლითაა გამაგრებული. მისი უკიდურესი აღმოსავლეთი მონაკვეთი 4,5 მ სიმაღლეზე საძირკვლის დონემდეა გამონგრეული. ზედა ნაწილი კი 1,5 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. შემონახულია კედლის წყობები ჩრდილოეთის მხარის სალი კლდოვანი ქანის გრძივ ტერასაზეც. ამ კედლით შექმნილია დამატებითი ბარიერი ციხის შედარებით სუსტი წერტილების დაცვის მიზნით. ამ კედლის საერთო სიგრძე დაახლოებით 25 მეტრამდეა. ამჟამად შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლე კი 1,50-3 მ-მდე აღწევს.

ციხის მშენებლობაში ზოგან (უმეტესად ქვედა ნაწილში) დაცულია რიგები. ზედა ნაწილში კი არა. წყობაში გამოყენებულია მოგრძო ფორმის გვერდებჩამოსწორებული ქვები. ამ ციხესაც ემჩნევა ნგრევისა და ხელახლა აღდგენის კვალი. ვფიქრობთ, ეს საფორტიფიკაციო ნაგებობაც ამ რეგიონის ერთიანი თავდაცვითი სისტემის შემადგენელი ნაწილია და შესანიშნავად აკონტროლებდა ამ ხეობაზე გამავალ გზას. ციხე საკმაოდ ადრეული ნაგებობა ჩანს და მისი მშენებლობა ვფიქრობთ ადგილობრივ ჭანურ მოსახლეობასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ისტორიული ჭანეთის ცენტრალურ ნაწილში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები (საფორტიფიკაციო ნაგებობები, ეკლესიები, საკომუნიკაციო და საყოფაცხოვრებო არქიტექტურის ნიმუშები), ბათ., 2019, გვ. 43-44 ISBN 978-9941-8-1990-2.