იაკობ ალფეს მონასტერი
იაკობ ალფეს მონასტერი — ქართველთა მონასტერი იერუსალიმში. მდებარეობს ბერძენთა საპატრიარქოს მახლობლად, აღდგომის ეკლესიის გვერდით. გადმოცემის მიხედვით, ის აგებულია წმინდა მოციქულის წამებით აღსრულების ადგილას.
ტიმოთე გაბაშვილის მიხედვით: „ქ. იაკობ ალფეს მონასტერი, გიორგი კურაპალატის მეფისაგან აღშენებული ყოფილა“. ტიმოთეს „მიმოსლვის“ ხელნაწერში არის შედარებით ვრცელი ინფორმაცია: „იაკობ მოციქულის ალფეს საფლავი აღუშენებია გიორგი მეფეს ქართველთასა, აწ რომ სომეხთ უჭირავს. იტყვიან, ზარაფხანა მეფეთა ჩვენთა იმ მონასტერში ყოფილა“. იგი უნდა აეშენებინათ 1072 წლამდე, გიორგი II-ის უფლისწულობის პერიოდში.
იაკობ ალფეს მონასტრის შენარჩუნებისათვის ქართველების ბრძოლის ერთადერთი და უკანასკნელი მომენტი აისახა ჯვრის მონასტრის ხელნაწერში, რომელიც 1514 წლით თარიღდება. ჯვარისმამა ბეენა ჩოლოყაშვილმა სომხებს ბრძოლა გაუმართა მონასტრის გამო. „აქა მე და სომეხნი დავისარჩლენით იაკობ წმიდისა საყდარზედა“ — წერს ბეენა, მაგრამ ქართველებმა მონასტერი დიდხანს ვერ შეინარჩუნეს. 1517 წელს სულთანმა სელიმ I-მა მონასტერი იერუსალიმის პატრიარქის სოფრონიუსის მეურვეობას დაუქვემდებარა. სავარაუდოა, რომ ვერც ბერძნებმა შესძლეს იაკობ ალფეს მონასტრის ვალებიდან განთავისუფლება, რის გამოც ქართველები იძულებული გახდნენ ის სომხებისთვის მიექირავებინათ. ხელშეკრულების გაფორმებას ესწრებოდა პატრიარქი გერმანი, მაშასადამე, იაკობ ალფეს მონასტერი სომხების ხელში გადავიდა 1534–79 წლებში. დაახლოებით 1610 წელს სომხებმა იაკობის მონასტერში სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს იპოვეს დიდძალი განძი. ჩანს, მართალი იყო ტიმოთე გაბაშვილი, როცა წერდა, რომ იაკობ ალფეს მონასტერში საქართველოს მეფეთა ზარაფხანა იყო.
წყარო
რედაქტირება- ტიმოთე გაბაშვილი, მიმოსლვა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956.
ლიტერატურა
რედაქტირება- ე. მამისთვალიშვილი, ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 158.
- მარი ნ., იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო წიგნსაცავის ქართული ხელნაწერების მოკლე აღწერილობა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1955;
- ჯეჯელავა ლ., წმ. იაკობის ქართული მონასტერი იერუსალიმში, წგ.: ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, თბ., 1991.