იავნანა (ფონდი)
იავნანა — საქველმოქმედო ფონდი, დაარსებული 2004 წელს საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძის მიერ. ფონდის ეგიდით არაერთი საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართა როგორც საქართველოში, ასევე მის საზღვრებს გარეთ.
იავნანა | |
---|---|
დევიზი | ერთად გადავარჩინოთ მომავალი |
შეიქმნა | 2004 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | საქველმოქმედო ფონდი |
მიზანი | ბავშვებისა და ოჯახების დახმარება |
საქმიანობა
რედაქტირებაფონდი ძირითადად მართავს საქველმოქმედო საღამოებს, თუმცა მას ჰყავს სტიპენდიანტებიც და ახალგაზრდებს სხვა ქვეყნებში განათლების მიღებაში ეხმარება.
ღონისძიებები
რედაქტირებაფონდის მიერ ორგანიზებული იქნა რამდენიმე საქველმოქმედო ტელემარათონი. მათში ასევე სხვა, მსოფლიო საოპერო მომღერლები მონაწილეობდნენ. კონცერტებიდან მიღებული შემოსავალი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ხმარდება.
ფონდის მიერ ორგანიზაბული აქციები საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ 2004 წლიდან ტარდება. მაგალითად, ბერლინში 2005 წელს გაიმართა საქველმოქმედო აქცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მომღერალმა ქეთი მელუამ და დიზაინერმა თამარ ინგოროყვამ. ამავე წელს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სხვადასხვა დროს საღამოები გამართეს სოფიკო ჭიაურელმა და ვახტანგ კიკაბიძემ. საღამოებიდან შემოსული თანხა მთლიანად გაჭირვებული ოჯახების დაბინავებას მოხმარდა. ფონდისგან გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიული კლინიკის ჩვილ ბავშვთა რეანიმაციას მართვითი სუნთქვის აპარატი გადაეცა.
2006 წლის 3 მარტს „იავნანას“ და ტელეკომპანია „მზის“ ორგანიზებით დედის დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა. საღამოში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა დედა-შვილებმა. ტელემაყურებელთა ზარებით შემოსულმა თანხამ 10 000 ლარს მიაღწია. ამ თანხით დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს და დედას დაუბრუნდა ბავშვთა სახლში დასახლებული 5 ბავშვი. 2006 წელს ასევე გაიმართა სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის კონცერტი, რომელიც პირდაპირი ტელეეთერით გადაიცემოდა. შემოსული თანხით შინ 6 ბავშვი დაბრუნდა. აქციები სისტემატურად საქართველოს სხვადასხვა რეგიონებსა და ქალაქებშიც იმართება.
2009 წლის წლის 3 მარტს „იავნანამ“ არსებობის 5 წლის იუბილე აღნიშნა. ფონდმა დაბადების დღე დიდი საქველმოქმედო კონცერტითა და ტელემარათონით აღნიშნა. აქცია-კონცერტს, რომელიც ოთხი საათი და მეტი გაგრძელდა, პირდაპირ ეთერში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ გადასცემდა. კონცერტის მიზანი ამჯერადაც მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვთა სახლის აღსაზრდელების საცხოვრებელი ბინით უზრუნველყოფა იყო, რომლებიც დედის დღეს სიმბოლურად მშობლებს დაუბრუნეს. აქციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში მოქმედმა მობილურმა კომპანიებმა. მათ საკუთარ აბონენტებს საერთო ნომერი შესთავაზეს, რომელზეც დარეკვისას „იავნანას“ ანგარიშზე 1 ლარი ირიცხებოდა. კონცერტში მონაწილეობდნენ - ამერიკელი სოპრანო მიშელ კრაიდრი, პაატა ბურჭულაძე, ვახტანგ კიკაბიძე, მედეა ჩახავა, კახი კავსაძე, გურამ საღარაძე, გივი ბერიკაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ნატო მეტონიძე, ანსამბლი „ქართული ხმები“ და სხვები. კონცერტის მსვლელობისას ზარებით, მოკლე ტექსტური შეტყობინებით, ინტერნეტ გადმორიცხვებით და სხვადასხვა შემოწირულობებით დაახლოებით 200.000 ლარი შემოვიდა, რითაც 3 მრავალშვილიან ოჯახს საცხოვრებელი ბინის გასაღები გადაეცა, ხოლო დანარჩენი თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ოფიციალური საიტი დაარქივებული 2012-02-29 საიტზე Wayback Machine. .