თორღვაიძეების ციხე-სახლი

თორღვაიძეების ციხე-სახლი — ციხე-სახლი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ ფარსმაში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა თორღვაიძეებს.

სახლი (7,55 X 8,45 მ, სიმაღლე 7,7 მ) სამსართულიანია. ნაშენია ფიქლით. I სართულზე (გომური) შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარის გვერდით ღრმა ნიშია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების შუა ნაწილში - თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია. გომური კაპიტალური კედლით გაყოფილია ორ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთს 1,7 მეტრი სიგანის გასასვლელით უკავშირდებიან. გომურის ერთ ნაწილში ძროხების სადგომი იყო, მეორეში - ხარების და ცხენების. II სართული საცხოვრებელი ყოფილა; შესასვლელი მას აღმოსავლეთიდან აქვს. ეს სართულიც კაპიტალური კედლით ორად არის გაყოფილი, მაგრამ აქ კედელი I სართულის კედელზე რამდენამდე მოკლეა. პილასტრები ამ სართულზეცაა, თითოეულ მათგანში თითო მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია, სამხრეთ კედელში კი - ორი სარკმელი. სართულის შუაში კერაა. იატაკი მიწურია. III სართულის დასავლეთ კედელში შესასვლელი და ერთი სარკმელია, კარის წინ ქვის ბაქანია, რომელსაც ქვის კიბე ადგება. სართულის ჩრდილოეთ ნახევარი კაპიტალური კედლით ორ ტოლ ნაწილადაა გაყოფილი. ორივე ნაწილის ჩრდილოეთ კედელში თითო სარკმელია, მსგავსი ორი სრკმელია სამხრეთ კედელშიც. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია. იატაკი მიწურია. სახლის სართულშუა გადახურვა და სახურავი ხის კოჭებზეა მოწყობილი. ორფერდა სახურავზე დაფენილია ფიქალი.

ლიტერატურა

რედაქტირება