აგაფონ ვახვახიშვილი

(გადამისამართდა გვერდიდან თორნიკე ვახვახიშვილი)

აგაფონ (თორნიკე) გარსევანის ძე ვახვახიშვილი (დ. 5 ოქტომბერი, 1837, სოფ. კურდღელაური, ახლანდ. თელავის მუნიციპალიტეტი, — გ. 8 იანვარი, 1909, ვარშავა) — თავადი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1892).

ვახვახიშვილების საგვარეულოს წარმომადგენელი. დაამთავრა კადეტთა I კორპუსი (1855). სამხედრო სამსახური დაიწყო იუნკერად გალიციის ეგერთა პოლკში, შემდეგ მსახურობდა ჟიტომირის 56-ე ქვეით პოლკში. 1860 წლიდან მეთაურობდა სოკოლსკოეს ცხენოსანთა-საბადრაგო რაზმს. ლაიბგვარდიის ვოლინის პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობდა პოლონეთის 1863–1864 წლების აჯანყების ჩაქრობაში, შემდეგ — რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომში (კავკასიის ფრონტი). 1886 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1892 წელს თადარიგში გავიდა გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. ფლობდა მამულებს და ვენახებს თელავის მაზრაში, ასევე მიწებს კელცეს გუბერნიაში (პოლონეთი). სიცოცხლის ბოლო წლებში ცხოვრობდა და გარდაიცვალა ვარშავაში 1909 წელს; დაკრძალულია იქვე. დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის IV (მახვილებითა და ბაბთით, 1877) და წმ. ანას II (1891) ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა

რედაქტირება