თოკის წმინდა გიორგის ეკლესია
თოკის წმინდა გიორგის ეკლესია — დარბაზული ეკლესია (გარე ზომები: 6,8 X 11,5მ.) ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ თოკში.
არქიტექტურა
რედაქტირებანაგებია ნაცრისფერი ვულკანური ქვით, ზოგან ბაზალტი და ტუფია გამოყენებული. დარბაზულ ეკლესიაში ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდანაა. დარბაზის სივრცე ერთსაფეხურიანი პილასტრების ორის წყვილით და საბჯენი თაღით გამოყოფილია სამ ნაწილად (აფსიდისწინა მონაკვეთი ვიწროა და ბემის მსგავსი სივრცე იქმნება).
ეკლესია ოთხივე კედელში გაჭრილი თითო სარკმლით ნათდება. გრძივ კელდებში გაჭრილი სარკმლები ტაძრისათვის უჩვეულოდ განიერია და გვიან (სავარაუდოდ XVIII-XIX საუკუნეებში) გადაკეთებული უნდა იყოს, თუმცა საკულტო ნაგებობათა „ხალხურ“ მშენებლობაში მოულოდნელი, საცხოვრებლის, ელემენტები ხშირად იჩენს თავს.
ტაძრის ინტერიერი და საფასადო მორთულობა მარტივია, ერთადერთი სამკაული საკურთხევლის სარკმლის თავსართია. აგურისფერ ტუფის სწორკუთხა ქვაში ამოკვეთილია სარკმლის თავსართი, ქვის ზედაპირზე ტოლმკლავა ჯვარი და მის გარშემო ზოლოვანი არშიითაა შევსებული (რელიეფი გამოყვანილია ფონის ჩაწევით).
ტაძრის ფასადები ერთსაფეხურიანი თაროსებრი კარნიზიტაა დასრულებული. წმინდა გიორგის ეკლესია პროპორციებით, წყობის ხასიათითა და საკურთხევლის სარკმლის თავსართის გადაწყვეტით XIV საუკუნედ შეიძლება დათარიღდეს, შესრულების ხარისხი ამ საუკუნის მეორე ნახევარზე მიგვანიშნებს.
წმინდა გიორგის ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მარტივი გეგმის მცირე დარბაზი მიაშენეს. დარბაზი და ეკლესია რესტავრირებულია და გადახურულია თუნუქის სახურავით.
ლიტერატურა
რედაქტირება- გ. მარსაგიშვილი, „თოკის წმინდა გიორგის ეკლესია“, // „ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია“, (რედ. ვალერი ასათიანი), თბ. 2013, გვ. 506-507