თელიანი (ღვინო)
თელიანი — ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო. მზადდება კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნისაგან, დურდოს სრული დადუღებით.
ღვინო „თელიანი“ ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, სუფთა ჯიშური არომატით, პიკანტური, ჰარმონიული, განვითარებული ბუკეტით.
ღვინო „თელიანის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასიური კონცენტრაცია — არაუმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არანაკლებ 20 გ/დმ³.
„თელიანის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 10,5 კმ².
მევენახეობის სპეციფიკური ზონა „თელიანი“ მდებარეობს კახეთში, მდინარე ალაზნის დინების შუა წელში, ჩრდილო განედის 41°54' და აღმოსავლეთ გრძედის 45°35' კოორდინატებზე. სავენახე ფართობები გავრცელებულია ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთებზე და მოქცეულია მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადებს: კისისხევსა და ვანთისხევს შორის, ზღვის დონიდან 560 მ სიმაღლეზე.