თელავის საცხოვრებელი სახლი (შოთა რუსთაველის 7)
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს შოთა რუსთაველის ქუჩაზე (№ 7). თარიღდება XIX საუკუნის შუა წლებით.
ესაა აგურით, ორსართულიანი, მაღალი ნაგებობა , რომლის გეგმის სწორკუთხედი, რამდენადმე, ეზოს გასწვრივაა გაგრძელებული, ქუჩაზე კი ვიწრო ფასადით გამოდის. შესასვლელი ქუჩიდანვეა, ფასადის მარცხენა კიდეში. კარი პირველი სართულის წინ არსებულ, ღია ტერასას უკავშირდება. ტერასიდან მოწყობილია მეორე სართულზე ასასვლელი ხის, ერთსვლიანი კიბე. კიბე აივანზე ადის, რომელიც სახლს ეზოს მხარეს, მთელ სიგრძეზე გასდევს. სახლის პირველი სართული, როგორც ჩანს, სავაჭრო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, მეორე კი საცხოვრებელია. ინტერიერში შემორჩენილია ხის ძველი იატაკები და ჭერი. ყველა ოთახში კედლის ღუმელებია მოწყობილი.
ფასადებიდან, თავისი გაფორმებით გამორჩეულია ქუჩის მხარეს მოქცეული ფასადი. იგი შეულესავია. მორთულობის ძირითადი ელემენტებია: რუსტირებული, პილასტრისებური შვერილი, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩაღრმავებული არეები და ვერტიკალურად დაყენებული აგურებით გამოყვანილი ჰორიზონტალური ზოლები. ფასადის მარცხენა ნაწილი უჭირავს სწორკუთხა ნაკვეთი სახეებით გაფორმებულ, ხის, ორფთიან შესასვლელს და მის ასწვრივ მდებარე განიერ სარკმელს, რომლებიც რუსტირებულ, შვეულ ზოლებს შორის არის მოქცეული. ფასადის მარჯვენა ნაწილში კი ოთახების კარ-სარკმელები გამოდის. პირველ სართულზე — ორი განიერი სწორკუთხა ღიობია (გვიანდელია), მეორე სართულზე კი — ოთხი სარკმელი და ერთი კარი, რომლებიც ერთმანეთისგან რუსტირებული, პილასტრისებრი შვერილით არის გამიჯნული. ყველა ღიობი ბრტყელი ღიობითაა გადახურული და კედლის მცირედ შეღრმავებულ , სწორკუთხა სიბრტყეშია მოქცეული. სწორკუთხაა ასევე კარ-სარკმლების ალათებიც. ფასადის მარჯვენა ნაწილის მთელ სიგრძეზე მოწყობილი იყო ხის, შეკიდული აივანი (ჩანს ძველ ფოტოსურათებზე), რომლისგანაც ხის კოჭების ბუდეებიღა იყო დარჩენილი.
ფასადი დასრულებია მაღალი პარაპეტით. შინაგანი სტრუქტურის შესაბამისად, იგი ორ ნაწილად იყოფა. ფასადის მარჯვნივ, ძირითადი ნაწილის ცენტრი აღნიშნულია პარაპეტზე, დადგმული კოშკისებრი ნაგებობით, რომლის წინა მხარეს წყობის შეღრმავებით, ჯვრის გამოსახულებაა გამოყვანილი. ეზოს მხარეს სახლს დიდი, გადახურული აივანი აქვს, ხის სვეტებით. მოხარატებული მოაჯირითა და ფრიზით. სახლი თავისი გარეგნული დამუშავებით თელავის დამახასიათებელ და მნიშვნელოვან რიგში დგას.
2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი თამარ დვალი), რის შედეგადაც მას დაუბრუნდა პირველადი სახე.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 107-108.