თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი
თეკლათის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი – მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტში.
ისტორია
რედაქტირებასახარბედიოს მთაზე მდებარე თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიის ათვლა XIX ს-ის 60-იანი წლებიდან იწყება. XIX საუკუნის II ნახევრის შტამპზე ეს ეკლესია მოხსენებულია თეკლათის დედათა მონასტრად (შტამპი ყოფილა რეზინის, ბეჭედი კი ბრინჯაოსი) ორივე 1992 წლის 20 იანვარს გაიტაცეს ეკლესიიდან. მონასტრის დაარსება უკავშირდება სქემიღუმენია სალომე თავდგირიძისა და იღუმენია ათანასია სალაყაიას სახელებს. დედათა დასი სქემიღუმენის სალომეს წინამძღოლობით თავდაპირველად მენჯის მთავარანგელოზთა მთაზე დაემკვიდრა. მოგვიანებით დედებმა ზემო თეკლათის დედათა მონასტრის ტერიტორია შეარჩიეს დასამკვიდრებლად, სადაც ყოფილა ერთნავიანი ქვით ნაგები მცირე ზომის ჩამონგრეული ტყემორეული ბაზილიკა. 1870 წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მის მიერვე შედგენილი ტიპიკონით დედებმა დაიწყეს მონასტრის ჩამოყალიბება. ეს ადგილი და მიმდებარე ტერიტორია ჩამოერთვა სახარბედიოს და გადაეცა მონასტერს სამოღვაწეოდ. დედა სალომე გადაიყვანეს მღვიმის მონასტერში და იღუმენია ამ მონასტრისა გახდა ათანასია, რომელიც მონაზვნად აღკვეცილა 1867 წელს.
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლის ლოცვა-კურთხევით დაიწყო ახალი ღვთისმშობლის შობის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის მშენებლობა, რომელიც მეუფე გრიგოლმა აკურთხა 1889 1 ოქტომბერს. ჟურნალი "მწყემსი" 1899 წელს ამ მონასტერზე წერდა: ,,თეკლათის დედათა მონასტრის საზოგადო საცხოვრებლის დამტკიცებისთანავე მასში შეიკრიბნენ მრავალნი დედანი. თეკლათში იყო პატარა ეკლესია, რომელიც სრულებით არ შეეფერებოდა ამ ადგილს. დიდი ღვაწლი და შრომა მიიღეს აქ შეკრებილ მონაზონთა შესაფერისი ეკლესიის აშენებისათვის, ადგილობით მღვდელმსახურებმა გულმხურვალე მონაწილეობა მიიღეს ხსენებული ეკლესიის აღშენების საქმეში და ხაზინის ფულიდან ერთი კაპეიკის დაუხმარებლად კეთილმხსნებელთ მობოჭილ ფულიდან აღშენდა ჩინებული ქვიტირის ეკლესია ...’’
1889 წლის პირველ ოქტომბერს ცხრა საათიდან დაიწყეს ეკლესია კურთხევა. კურთხევის შემდეგ დაიწყო წირვა, რომელიც დამთავრდა 12 საათზე. ეკლესიის კურთხევასა და წირვას მრავალი ხალხი დაესწრო. წირვის დროს ერთ მხარეზე გალობდნენ მონაზვნები და მეორეზე მამაკაცები. წირვის შემდეგ მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა წარმოსთქვა სიტყვა.
მონასტერში 100-მდე დედა იღვწოდა. აქ მოღვაწეობდა წმინდა ბერი ალექსი შუშანია და მისი მონაზვნად აღკვეცილი დედა და დები. ფუნქციონირებდა წმ. ნინოს სახელობის ქალთა სკოლაც, სადაც გოგონებს ქრისტეს მოძღვრებისადმი სასოებას, წიგნიერების სიყვარულსა და ხელსაქმეში დაოსტატებას უნერგავდნენ. აქვე არსებობდა სტამბა. მონასტერი თავისი ხარჯებით ბეჭდავდა სასულიერო ლიტერატურას და ხალხს ურიგებდა.
რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე III მონასტერს ღვთისმშობლის შობის ხატი შესწირა. 1904 წლის მაისიდან აქ დასვენებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ,,დაუჭკნობელ ყვავილად” წოდებული. განსაკუთრებით აღსანიშნავია უდიდესი სიწმინდე - წმინდა იოანე ნათლისმცემლის ცერა თითი, რომელიც ვერცხლის ლუსკუმაშია ჩასვენებული. საბჭოთა პერიოდში გაძარცვეს საყდარი, დაანგრიეს სამრეკლო, დაფანტეს მონაზვნები. დარჩენილ ურჩ დებს ჩამოართვეს ტაძარში ლოცვის უფლება, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ მსახურებას. გასაბჭოების წლების შემდეგ ტაძარში მოღვაწე თითო-ოროლა პირთაგან აღსანიშნავია არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია. 60-იანი წლებიდან განახლდა წირვა-ლოცვა, 1969 წლიდან აქ მოღვაწეობდა პატრიარქის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი შიო ძიძავა, რომელმაც უწინასწარმეტყველა უწმინდესს პატრიარქობა. იგი თეკლათის მონასტერშია დაკრძალული. აქ იღვწოდნენ ღრმად მოხუცი მონაზვნები; იღუმენია ქეთევანი, რიფსიმე და ელენე ახვლედიანები, იღუმენია ფავსტო და სქემონაზონი აკეფსიმა შუშანიები, სქემიღუმენია ელენე.
1997 წლიდან მონასტერში იღუმენია ანა მუსელიანის მოსვლიდან იწყება მონასტრის ხელახალი აღორძინება. დღეისთვის მონასტერი მშვენდება იქ მოღვაწე დედებისა და დების ზრუნვით, ღვთისშვილთა საერთი ძალისხმევით.