თეიმურაზ კანდელაკი
თეიმურაზ კანდელაკი (დ. 25 თებერვალი, 1928, თბილისი — გ. 21 დეკემბერი, 2003) — ქართველი არქიტექტორი, მეცნიერი, პედაგოგი.
თეიმურაზ კანდელაკი | |
---|---|
პირადი ინფორმაცია | |
დაბ. თარიღი | 25 თებერვალი, 1928 |
დაბ. ადგილი | თბილისი |
გარდ. თარიღი | 21 დეკემბერი, 2003 (75 წლის) |
ნამუშევრები და მიღწევები | |
საქმიანობა | არქიტექტორი და პედაგოგი |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი.
1952 წელს დაიწყო შრომითი საქმიანობა თბილისისა და მოსკოვის საპროექტო ინსტიტუტებში. გაიარა თითქმის ყველა სამსახურებრივი საფეხური არქიტექტორიდან მთავარ არქიტექტორამდე. 1964-1973 წლებში მუშაობდა სახვითი ხელოვნებისა და კულტურის ძეგლთა დაცვის სამმართველოს უფროსად. 1973-1986 წლებში საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტის“ დირექტორის მოადგილედ, მთავარ არქიტექტორად. 1959 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში. მონაწილეობდა 40-მდე საცხოვრებელი სახლის, საზოგადოებრივი შენობისა და მემორიალური ძეგლების დაპროექტებაში. იყო ვახტანგ გორგასლის, ერეკლე II-ის, გიორგი XII-ის საფლავის ქვების (სვეტიცხოვლის ტაძარში), ვახტანგ გორგასლისა (თბილისში) და ერეკლე II-ის ძეგლების (თელავში) არქიტექტურული ნაწილის ავტორი. შესრულებული აქვს მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლების აზომვები, 100-ზე მეტი დიდი თუ მცირე ობიექტის პროექტის ექსპერტიზა. რესპუბლიკურ კონკურსებში მისი მონაწილეობა არაერთხელ აღინიშნა პრემიით. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, სამეცნიერო საბჭოსა და სახელმწიფო საატესტაციო კომისიის, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სამეცნიერო-ტექნიკური და თბილისის მთავარი არქიტექტორის მრჩეველთა საბჭოს წევრი.