თეთრი სოფელი — ნასოფლარი მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისტორიულ ქვემო ქართლში. მდებარეობს შულავრისწყლის მარცხენა შენაკად ბინაძორის მარჯვვენა სანაპიროზე. სომხური მოსახლეობა მას „სპიტაკშენს“ უწოდებს, რაც ქართული სახელწოდების შესატყვისია.

1632–1658 წლებში ბირთველმა თუმანიშვილმა თეთრი სოფლისა და შულავრის საცილობელი მამულის დავა ასე განაჩინა: რასაც თეთრი სოფლელები მოხნავდნენ, ქერის, ბამბის ან ფეტვის ღალა იორამ ბატონიშვილისთვის უნდა გადაეცათ; სარწყავის გასაყოფად ერთი მერუე სოფლის მამასახლისს უნდა გამოეყვანა, ორი – შულავრისას.

1695–1703 წლებში მეფე ერეკლე I-მა დურმიშხან ალიხანაშვილს უბოძა კულუხის სითარხნე შულავერელი ბოშაშვილისაგან ნასყიდ ვენახზე, რომელიც თეთრი სოფლის კუთვნილი მიწა იყო. 1628 ვახუშტი როჭიკაშვილს თათრები სთხოვდნენ მიწაზე დადებულ გადასახადს თეთრი სოფლიდან.

დასტურლამალის მიხედვით თეთრი სოფლის მალზე გადაკვეთილი იყო კაცის თავზე ნახევარშაური სახლთხუცის სარგო და ასევე მდიდარი ბეგის სარგო. 1721 წლის აღწერით იქ ითვლებოდა ერთი მებატონე და 10 გამომღები ყმა. 1784 წლის ერთი საბუთიდან ჩანს, რომ ნადირ-შაჰის დროს მეფის სახასო თეთრი სოფელი ქაიხოსრო ციციშვილს „უშოვნია“, მაგრამ შემდგომში ისევ „ხელი აუღია“. 1802 წელს სულხან თუმანოვი არზით არწმუნებდა დარეჯან დედოფალს, რომ თეთრი სოფლის მამულში გლახა როჭიკაშვილს წილი აღარ ეკუთვნოდა. მართალია ძველი სიგელები ჰქონდა, მაგრამ მეფეებს მამულები მაინც ჩამოურთმევიათ და როჭიკაშვილთა რამდენიმე თაობას აქ აღარაფერი გააჩნდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 10-11.
  • დოკუმენტები საქართველოს სოციალური ისტორიიდან, I, ნ. ბერძენიშვილის რედ., თბ., 1940
  • ლორთქიფანიძე იას., ქვემო ქართლი I–II, თბ., 1936
  • ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965; ტ. 4–5, თბ., 1972–74; ტ. 8, თბ., 1985